მოსამართლე ურთმელიძეს თავზე ხელი აქვს აღებული, ის საკანონმდებლო ჩარჩოებიდან გავიდა, 9 სამუშაო დღეში ხუთი სხდომა დანიშნა
28 ოქტომბერს, რუსთავი 2-ის ადვოკატმა, ზაზა ბიბილაშვილმა, რუსთავი 2-სა და ქიბარ ხალვაშს შორის მიმდინარე სამართლებრივი პროცესი შეაფასა. "მოსამართლე ურთმელიძეს თავზე ხელი აქვს აღებული. ის გავიდა ყველანაირი საკანონმდებლო ჩარჩოებიდან. მან ხვალ, ანუ 9 სამუშაო დღეში, მეხუთე სხდომა დანიშნა. ეჭვი მაქვს, რომ სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები" - განაცხადა ბიბილაშვილმა.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. რუსთავი 2-სა და ქიბარ ხალვაშს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავა ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად იქცა. დავა 2015 წლის 4 აგვისტოს სარჩელის შეტანით დაიწყო, რასაც 5 აგვისტოსა და 30 სექტემბერს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებები მოჰყვა, რომლითაც არა მარტო რუსთავი 2-ის უძრავ-მოძრავ ქონებას და პარტნიორთა წილებს, არამედ რუსთავი 2-ის წილების 51%-ის მფლობელ შპს "ტელეკომპანია საქართველოს" პარტნიორთა წილებსაც ყადაღა დაედო. აღნიშნული სასამართლო დავის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა (იხ: სტატია 1, სტატია 2, სტატია 3). მოსარჩელე ქიბარ ხალვაშის მტკიცებით, მას 2006 წელს, წინა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო, წილების დათმობა მოუწია. შესაბამისად, მან იძულებით დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა და წილებზე საკუთრების აღდგენა მოითხოვა. გარდა ამისა, მან ლოგოსა და სხვადასხვა შოუების ქართული ვერსიების ავტორად აღიარება და საავტორო უფლების დარღვევისაგან გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაც მოითხოვა. რუსთავი 2-ის საქმეს თავიდანვე მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იხილავდა, რომლის აცილებაც მოპასუხე მხარემ არაერთხელ, სხვადასხვა საფუძვლით მოითხოვა. მოპასუხე მხარეს ეჭვი მოსამართლის მიუკერძოებლობაში შეჰქონდა. მათი განცხადებით, მოსარჩელის მოთხოვნა სპეციალურად შეიცავდა ინტელექტუალურ სამართლებრივ დავასაც, რათა საქმე სწორედ ინტელექტუალური დავის განმხილველ მოსამართლეს დაწეროდა, რომელზეც შეიძლება ხელისუფლებას (პროკურატურის სახით) გავლენა მოეხდინა. კერძოდ, მოპასუხის განცხადებით, მოსამართლე ურთმელიძის დედის მიმართ, 2014 წლის 7 იანვარს, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ რუსთავი 2-ის სასამართლო დავის პარალელურად დაიწყო. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძე "დ" კატეგორიის დავებს იხილავს. კერძოდ, მას ეწერება უდავო წარმოების საქმეები, გამარტივებული წარმოების საქმეები, შრომითი სამართლებრივი დავები, მუშაკის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული დავები, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული დავები და ინტელექტუალური სამართლებრივი დავები. შესაბამისად, მოსამართლე ურთმელიძისთვის დიდი გამოწვევა იყო იმ საქმის განხილვა, რომლის ძირითადი ნაწილიც (წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა) ისეთი სახის დავაა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმ საქმეებისგან, რომლებსაც ის მანამდე იხილავდა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქმისადმი დიდი საჯარო ინტერესისა და მისი სირთულის მიუხედავად, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა საქმის სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის მიერ განხილვის შესახებ. მან, მიუხედავად განსახილველი დავის კატეგორიისა, დიდი დაძაბულობის ფონზე, შემჭიდროებულ ვადებში, მარტომ განიხილა დავა და პასუხისმგებლობა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო. ამასთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია მოსამართლე ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინება, საიდანაც ირკვევა, რომ მან უმოკლეს ვადაში შეისწავლა ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს სამართლებრივი სივრცისთვის უპრეცედენტო, დროებითი მმართველის ინსტიტუტი შემოიღო. ზაზა ბიბილაშვილის განცხადება, რომლითაც ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 9 სამუშაო დღეში 5 პროცესის გამართვას, უშუალოდ 19 ოქტომბრიდან განვითარებულ მოვლენებს ეხება. სწორედ ამ პერიოდიდან, საქმის განხილვა აქტიურ ფაზაში შევიდა. სხდომები გაიმართა 19, 22, 26, 28, 29 ოქტომბერს. ადვოკატის თქმით, მოსამართლის ქმედებებმა ეჭვი გააჩინა, რომ მის მიერ პროცესის დაჩქარება მიზანმიმართულად ხდებოდა, რაც შეიძლება გარკვეული პირების ინტერესების გატარებას ემსახურებოდა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სამოხელეო დანაშაულს ჰქონდა ადგილი. იმის დასადგენად, თუ რამდენად რეალურია 9 სამუშაო დღეში 5 პროცესის ჩანიშვნა, რომელთაგან უმრავლესობა მთელი დღის განმავლობაში განიხილებოდა, ფაქტ-მეტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა. საქალაქო სასამართლოს განცხადებით, იმ სახის ინფორმაციის დამუშავება, რომელიც კონკრეტულ საქმეებზე პროცესების სიხშირესა და საქმის განხილვის ხანგრძლივობას ეხება, სასამართლოს მიერ არ ხორციელდება. ამასთან, სასამართლომ ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირად გრძელდება ერთი საქმის 10:00-დან 18:00 საათამდე განხილვა. თუმცა, უწყების მიერ მოწოდებული სხვა სახის ინფორმაციიდან ცხადი ხდება, რომ სასამართლოსა და მოსამართლეთა გადატვირთულობის ფონზე, 9 სამუშაო დღეში ერთ საქმისთვის დაახლოებით 20 საათის დათმობა ფაქტიურად შეუძლებელია. არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2015 წლის ოქტომბერში სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განსახილველად 2 413 საქმე შევიდა, რომლებიც 29 მოსამართლეზე გადანაწილდა. მოსამართლე ურთმელიძეს ოქტომბრის თვეში მხოლოდ 54 ახალი საქმე დაეწერა, მაშინ როდესაც ნოემბრის თვეში (4 ნოემბრის მდგომარეობით), 350 საქმიდან განსახილველად 64 სამოქალაქო საქმე დაეწერა. მთლიანობაში, 10 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე, მოსამართლე ურთმელიძეს 489 სამოქალაქო საქმე ერიცხებოდა. საიდანაც, ოქტომბრის თვეში მხოლოდ რუსთავი 2-ის საქმეზე 7 პროცესი შედგა. პროცესების უმრავლესობა კი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასამართლოს გადატვირთულობის ფონზე, რუსთავი 2-ის საქმის განსახილველად ასეთი მზაობა არა მხოლოდ მოსამართლის, არამედ სასამართლოს მხრიდანაც უჩვეულო იყო. როგორც ჩვენ საქალაქო სასამართლომ გვაცნობა, სასამართლოში სამოქალაქო დავები თოთხმეტ სხდომათა დარბაზში იხილება, თითო დარბაზში დღის განმავლობაში 7-10 პროცესია ჩანიშნული და სასამართლო სხდომები 15-30 წუთიანი ინტერვალით იმართება. ამას მოწმობს სასამართლოს ვებგვერდზე აღრიცხული ინფორმაციაც, საიდანაც ირკვევა, თუ რომელ დარბაზში რამდენი პროცესი აქვთ ჩანიშნული კონკრეტულ მოსამართლეებს და ასევე რა ინტერვალითაა ეს პროცესები ჩანიშნული. ამ ინფორმაციის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს რუსთავი 2-ის საქმის განხილვისას არცერთი სხვა პროცესი არ ჰქონდა ხოლმე ჩანიშნული და მისთვის სპეციალურად გამოყოფილი იყო ერთი დარბაზი, მაშინ როდესაც სხვა დანარჩენ დღეებში მას 10-15 პროცესიც კი ჰქონია ჩასატარებელი. ასევე, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 28 ოქტომბერს, მაშინ როდესაც რუსთავი 2-ის საქმეს მოსამართლე 8 საათის განმავლობაში იხილავდა, მას 8 პროცესი ჰქონდა ჩანიშნული, რომელთაგან არცერთი არ იყო რუსთავი 2-ის საქმეზე. იმის გადასამოწმებლად, თუ როდის ხდება ელექტრონულად ამ ცხრილის განთავსება, ან რამ შეიძლება გამოიწვიოს ამ სახის ცდომილება, საქალაქო სასამართლოს საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს ვესაუბრეთ. მრავალი გადამისამართების შემდეგ, თამაზ ურთმელიძის თანაშემწემ განგვიმარტა, რომ რადგან ჩვენ არ ვიყავით არცერთ საქმეზე დაინტერესებული პირები ან მათი წარმომადგენლები, ამ სახის კითხვებზე პასუხს ვერ გაგვცემდნენ. შესაბამისად, ვერ გავარკვიეთ, თუ რა მექანიზმით მოხდა რუსთავი 2-ის საქმის განხილვა 28 ოქტომბერს (მაშინ როცა ის ელექტრონულ ცხრილში არ იძებნება) და რა ბედი ეწია იმ დღეს 8 პროცესს, რომელთა ნაცვლადაც რუსთავი 2-ის საქმის განხილვა მოხდა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განხილვა მაღალი საჯარო ინტერესით ახსნა. აღსანიშნავია, რომ საქმის სწრაფად დასრულება ორივე მხარის ინტერესებში იყო (მაგ. რუსთავი 2-ის მენეჯმენტის არაერთი განცხადებით, კომპანიის ნორმალური ფუნქციონირება საფრთხის წინაშე იდგა). თუმცა, ბუნებრივია, ამგვარმა სიჩქარემ არა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების ობიექტურობა არ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ, არამედ ასეთი აღქმაც კი არ უნდა გააჩინოს. ფაქტ-მეტრი ამ საკითხზე "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილსაც ესაუბრა. მისი განცხადებით, ის ფაქტი, რომ ერთ სამოქალაქო საქმეზე 9 სამუშაო დღეში 5 პროცესი ჩაინიშნა თავისთავად კანონდარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პრაქტიკაში ხშირად მარტივი საქმეების განხილვას სასამართლო ერთ წელსაც კი ანდომებს, ხოლო განსაკუთრებულად სწრაფად საქმეების წარმართვა ძალიან იშვიათად, მხოლოდ გარკვეული "ინტერესის" არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი. ამ სტატიაში ფაქტ-მეტრი მხოლოდ იმის დადგენას შეეცადა, თუ რამდენად არის შესაძლებელი ერთ საქმეზე 9 დღის განმავლობაში 5 პროცესის დანიშვნა. როგორც აღმოჩნდა, ეჭვი მოსამართლის მხრიდან ამ საქმის განსაკუთრებულად სწრაფად წარმართვის ინტერესის შესახებ, საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს. მიუხედავად ჩვენი მოსაზრებისა, ფაქტ-მეტრი სტატიას უვერდიქტოდ ტოვებს და მიესალმება, თუ პრაქტიკოსი იურისტებისგან მოისმენს არგუმენტებზე დამყარებულ მოსაზრებას (ჰქონია თუ არა ამგვარ სწრაფ სასამართლო პროცესს ადგილი? რამდენად გარანტირებული შეიძლება იყოს სასამართლო გადაწყვეტილების ობიექტურობა ასეთ შემთხვევაში და ა.შ.) აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.