რუსთავი 2-სა და ქიბარ ხალვაშს შორის არსებული სასამართლო დავა ბოლო თვეების ყველაზე აქტუალურ საკითხად იქცა, რომელსაც დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებით დიდი აჟიოტაჟი მოსამართლის მიერ 5 ნოემბერს გამოტანილმა განჩინებამ გამოიწვია, რომელიც სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების მიერ სასამართლოს მხრიდან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში უხეშ ჩარევად იქნა აღქმული. ფაქტ-მეტრი რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების აქტიურ მონიტორინგს ახორციელებდა (იხ. სტატიები ამავე თემაზე: სტატია 1, სტატია 2, სტატია 3).
2015 წლის 2 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირველი კოლეგიის საოქმო ჩანაწერით განსახილველად მიიღო შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის და შპს "ტელეკომპანია საქართველოს" კონსტიტუციური სარჩელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ზ" ქვეპუნტის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ სარჩელის ავტორთა შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დროებით შეაჩერა ამ მუხლის მოქმედება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ავტორთა უფლების შეუქცევადი დარღვევა.
შედეგად, ქიბარ ხალვაშსა და რუსთავი 2-ს შორის სამოქალაქო დავის ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება გამოირიცხა. 3 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ქიბარ ხალვაშის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, დაკმაყოფილდა მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და რუსთავი 2-ის წილების მის საკუთრებაში დაბრუნების შესახებ.
მოპასუხე მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასასაჩივრებლად მზადება დაიწყო. თუმცა, მათთვის მოულოდნელად, 5 ნოემბერს, საჯარო რეესტრში 17:45 საათზე შესული განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა დააკმაყოფილა და საქმის გარემოებებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიიჩნია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მიღება. განჩინების მიხედვით, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობაზე, მართვასა და წარმომადგენლობაზე იმ დროისთვის უფლებამოსილ პირებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე (ყველა ინსტანციის ამოწურვამდე) უფლებამოსილებები შეუჩერდათ და მათ ნაცვლად, კომპანიის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად მიზანშეწონილი იყო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მიღება, უზრუნველყოფის ღონისძიების სახედ "დროებითი მმართველის" გამოყენება და დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილისა და დავით დვალის დანიშვნა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი იმ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ არის გადაცემული. ვინაიდან რუსთავი 2-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის შეჩერების შედეგად დაუყოვნებლივ ვერ აღსრულდებოდა, ამიტომ ქიბარ ხალვაშმა დამატებით გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენება და კომპანიაში დროებითი მმართველის დანიშვნა მოითხოვა.
მოსამართლემ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე მსჯელობისას უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, კერძოდ კი 2015 წლის 10 ივლისის განჩინებაზე მიუთითა. უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ "გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური ხასიათის მატარებელი არ გახდეს". ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დაცული იყოს გონივრულობის ფარგლები. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ არ განმარტა, თუ რატომ გახდა საჭირო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა მაშინ, როდესაც გამოყენებული იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ს პრაქტიკულად ყველა სახის ქმედება შეზღუდული ჰქონდა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია ამ თემაზე).
სახალხო დამცველის შეფასებით, არსებული კანონმდებლობის პირობებში, დროებითი მმართველის დანიშვნა კანონის განჭვრეტადობის პრინციპსაც ეწინააღმდეგება, ვინაიდან ასეთი შესაძლებლობა პირდაპირ გათვალისწინებული არ არის. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების სახედ დროებითი მმართველობის გამოყენებას არც საქართველოს სასამართლო პრაქტიკა იცნობს.
სასამართლომ განჩინებაში ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს მიერ მიღებული "სამართლებრივი ტესტი" წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, დროებითი მმართველის დანიშვნისათვის შემდეგი წინაპირობები უნდა არსებობდეს:
- იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი უფლების დაცვას;
- არ უნდა არსებობდეს სხვა ადეკვატური ღონისძიების გამოყენების საშუალება;
- ამ ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში უნდა არსებობდეს მხარისათვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე.