10 ნოემბერს, გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ევა გოცირიძემ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მან ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორის თხოვნას, დაესახლებინა თუნდაც ერთი პრეცედენტი, რომელიც ევროსასამართლოს მოსამართლეს უფლებას აძლევს ჟურნალისტების მიმართ გამოიტანოს განჩინება, რომელიც მათ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას აიძულებს, უპასუხა: "მე დაგისახელებთ ძალიან ბევრ პრეცედენტს, როდესაც სწორედ ასეთი პუბლიკაციები, რომლებიც მოსამართლის წრეგადასულ ლანძღვასთან იყო დაკავშირებული, მართლაც იქნა შეზღუდული. მაგალითად, ჰრიკო სლოვაკეთის წინააღმდეგ, სადაც მოსამართლის კრიტიკა, სასამართლოს მიუკერძოებლობის დასაცავად, იქნა შეზღუდული".
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება საქმეზე "ჰრიკო სლოვაკეთის წინააღმდეგ", 2004 წლის 20 ოქტომბერს მიიღო.
სლოვაკეთის მოქალაქე ანდრეი ჰრიკომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ის ამტკიცებდა, რომ მისი გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა. ანდრეი ჰრიკო ყოველკვირეული ჟურნალის (Domino efekt) გამომცემელი და რედაქტორი იყო. 1994-1995 წლებში ამ ჟურნალმა სამი სტატია გამოაქვეყნა, რომელიც სლოვაკეთის სასამართლოში ცილისწამებისთვის მიმდინარე პროცესს ეხებოდა. სასამართლო დავა კულტურის მინისტრ დუშან სლობოდნიკსა (რომელიც შემდგომ პარლამენტის წევრი გახდა) და სლოვაკ პოეტსა და პუბლიცისტს ლუბომირ ფელდეკს შორის მიმდინარეობდა. პუბლიცისტი მინისტრს ფაშისტური წარსულის ქონაში ადანაშაულებდა.
1994 წლის 1 აპრილს ჟურნალში დაიბეჭდა სტატია სათაურით - "უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული სამარცხვინო გადაწყვეტილება". სტატიაში სასამართლო პროცესი ტრაგიკომიკურ ფარსად არის შეფასებული. ასევე, ნათქვამია, რომ ლუბომირ ფელდეკს არასდროს უთქვამს, რომ კულტურის მინისტრი დუშან სლობოდნიკი მკვლელი ან კრიმინალია. ის უბრალოდ აზრს გამოთქვამდა, როგორც თავისუფალი საზოგადეობის წევრი, რომელიც მიიჩნევდა, რომ მინისტრი იმ პირებთან დაახლოებული ადამიანი იყო, რომლებსაც მკვლელობაში ედებოდათ ბრალი. დემოკრატიულ სახელმწიფოში კი, ასეთ ადამიანს მინისტრის პოსტი არ უნდა დაეკავებინა.
სტატიაში ასევე ნათქვამი იყო, რომ თანამდებობიდან გადადგომის ნაცვლად, მინისტრმა სლობოდნიკმა საკუთარი უფლებების დაცვა გადაწყვიტა. ბრატისლავას საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება ლუბომირ ფელდეკის სასარგებლოდ მიიღო, რამაც ახლადშექმნილი დემოკრატიისთვის კარგი პრეცედენტული მაგალითი შექმნა და ყველა პოლიტიკოსი გააფრთხილა, რომ მისი წარსული შესაძლოა საზოგადოების ინტერესის საგანი გამხდარიყო. უზენაესმა სასამართლომ კი საპირისპირო გადაწყვეტილება გამოიტანა. ფელდეკს სლობოდნიკისთვის 200 000 სლოვაკური კორუნას გადახდა და საბოდიშო წერილის გამოქვეყნება დაეკისრა. როგორც სტატიაშია ნათქვამი, უზენაესი სასამართლოს ამგვარმა გადაწყვეტილებამ სლოვაკეთის ყველა მოქალაქე გააფრთხილა, რომ პოლიტიკოსის მორალური მხარე საზოგადოების განსჯის საგანი არ არის და უმჯობესი იქნებოდა თუკი გაჩუმდებოდნენ.
ჟურნალმა აღნიშნულ თემაზე 1994 წლის 12 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი ხელმძღვანელის ინტერვიუც გამოაქვეყნა, სახელწოდებით - "სლოვაკეთი დაკანონებული ქაოსით იმართება". ამ თემაზე კიდევ ერთი სტატია - "მალე შევხვდებით სტრასბურგში (სიკვდილსაც კი არ შეუძლია სლობოდნიკ-ფელდეკის წყვილის დაშორება)" ჟურნალში 1995 წლის 16 ივნისს გამოქვეყნდა, სადაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება "ლეგალურ ფარსად", "პასკვილად" და "სატირულ-შეურაცხმყოფელ დოკუმენტად" არის შეფასებული.
1995 წლის 20 სექტემბერს, სლოვაკეთის უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარემ საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. ის ამტკიცებდა, რომ ჟურნალი დაბეჭდილი სტატიებით მის რეპუტაციას ლახავდა. ის რედაქტორისგან საჯარო ბოდიშის მოხდასა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ფულად კომპენსაციას ითხოვდა. მოსამართლის განცხადებით, ეს სტატიები უხეშად არღვევდა მისი, როგორც მოქალაქის, ასევე პროფესიის ღირსებას. განსაკთრებით, მისი როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ავტორიტეტი ილახებოდა. აღნიშნულის საპასუხოდ, გამოცემის რედაქტორმა განმარტა, რომ გამოქვეყნებული სტატიების ავტორი მოსახლეობას მხოლოდ ინფორმაციას აწვდიდა და ის საჯარო ფიგურის ნებადართულ კრიტიკას მოიცავდა.
1996 წლის 3 ივლისს სასამართლომ ჟურნალს შესაბამისი საბოდიშო განცხადების გამოქვეყნება და ფულადი კომპენსაცია დააკისრა. ჟურნალმა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის შიდა სასამართლო ინსტანციების შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. ჟურნალის რედაქტორმა განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონვენციის მე-10 მუხლით იყო გამყარებული.
აღნიშნულ საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ პრესა არსებით როლს თამაშობს დემოკრატიულ საზოგადოებაში. პრესის მოვალეობაა გაავრცელოს ყველა ის ინფორმაცია და იდეა, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხვდება. თუმცა, მან უნდა დაიცვას ზღვარი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სხვის რეპუტაციას, უფლებებს, ან საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებას ეხება. გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-10 მუხლი ინფორმაციის მიღებისა და გამოხატვის ფორმებსაც უზრუნველყოფს. ჟურნალისტს აქვს თავისუფლება, ინფორმაციის მიღებისათვის პროვოკაციულ მეთოდებსა და გაზვიადების ხერხებსაც მიმართოს. გადაწყვეტილებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ისეთი საკითხები, სადაც პრესას უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ისეთი გზით, რომელიც მის მოვალეობებთან და პასუხისმგებლობასთან არის თავსებადი. მათ შორის, ისეთი კითხვების დასმის გზითაც, რომელიც მართლმსაჯულების ფუნქციონირებას ეხება. თავის მხრივ კი, სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ ის საზოგადოების მხრიდან ნდობით სარგებლობდეს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სლოვაკეთის სასამართლოს მიერ გამოყენებული მიდგომა მოცემულ შემთხვევაში თავსებადი არ იყო ადამიანის უფლებათა ევროპული საბჭოს კონვენციის მე-10 მუხლის პრინციპებთან. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაასკვნა, რომ სლოვაკეთის სასამართლოს მხრიდან ადგილი ჰქონდა მე-10 მუხლის დარღვევას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოპასუხე მხარეს (სლოვაკეთის სახელმწიფოს) შემდეგი ვალდებულებები დააკისრა:
- 1 250 ევრო მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად;
- 1 000 ევრო არამატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად;
- 780 ევრო სხვადასხვა სახის დანახარჯების ასანაზღაურებლად.