რუსთავი 2-ის ეთერში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში შეჩერებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის წყალტუბოზეც და განაცხადა: "წყალტუბოში მხოლოდ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტები მიმდინარეობს, ჩვენ ვაშენებდით ბადენ-ბადენს. ბადენ-ბადენში არის ყველაზე ცნობილი სამკურნალო აბანოები. ამის ზუსტ ასლს ვაშენებდით წყალტუბოში, ოდნავ გათანამედროვებულს. ახლა ჩავიდა მთავრობის თავმჯდომარე წყალტუბოში და თქვა, ვაშენებთო ბადენ-ბადენს. ჩვენ ზუსტად ამას ვაშენებდით, ამათ ეს პროექტი მოკლეს, იმიტომ, რომ ჩვენი დაწყებული იყო".
ფაქტ-მეტრი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
2012 წლის 14 სექტემბერს, წყალტუბოში მიხეილ სააკაშვილმა "წყალტუბოს დიდი რეაბილიტაციის" პროექტის დაწყება დააანონსა.
2013 წლის 2 ოქტომბერს სააკაშვილმა პირველი ოქტომბრის შემდეგ შეჩერებული მშენებლობები ვერტმფრენით დაათვალიერა. მან წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის შეჩერებაზეც ისაუბრა: "დაწყებული გვქონდა პროექტი, რომლის მიხედვითაც წყალტუბოს გასართობი პარკის მშენებლობა ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. უნდა გაკეთებულიყო ახალი აბანოები, უნდა აშენებულიყო დიდი სასტუმრო. მაგრამ, მთავარი პროექტი წყალტუბოსი, რომელიც ითვალისწინებდა მთელი ინფრასტრუქტურის შეცვლას, გაჩერებულია".
2015 წლის 25 აპრილს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი წყალტუბოში იმყოფებოდნენ, სადაც მათ განახლებული ბალნეოლოგიური კურორტი მოინახულეს. "ჩემი დავალებით საპარტნიორო ფონდმა გააკეთა გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს წყალტუბო. გვსურს, რომ მეტი ინვესტორი შემოვიდეს. უკვე არის დაინტერესება ფრანგული კომპანიიდან" - განაცხადა პრემიერმა.
ფაქტ-მეტრმა წყალტუბოში 2012 წლის ოქტომბრამდე და მის შემდეგ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოითხოვა. სამინისტრომ წერილი მუნიციპალური განვითარების ფონდს გადაუგზავნა, საიდანაც პასუხი მხოლოდ ორი თვის შემდეგ მივიღეთ.
1999 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე წყალტუბოში 21 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ეს პროექტები ძირითადად გზების, სკოლების, წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას გულისხმობდა.
2012 წლის ოქტომბრის შემდეგ წყალტუბოში 13 პროექტი ხორციელდება, მათგან 8 პროექტის დასრულების თარიღი 2015 წელია. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პროექტების განხორციელება მცირე ხნით შეჩერებული იყო. შეჩერებული იყო წყალტუბოს ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაც, რისი მიზეზიც შპს "სანის" მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა. შედეგად, შპს "სანისთან" ხელშეკრულება გაუქმდა და ხელახალი ტენდერი ჩატარდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით შპს "სანის" წარმომადგენელი ირაკლი გვარამია დაგვიკავშირდა და მოგვწერა, რომ კონტრაქტის დარღვევის მიზეზი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხრიდან თანხის გადახდის გაჭიანურება იყო. ფაქტ-მეტრმა მისგან უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მოითხოვა, მაგრამ ჩვენ შემდგომ კითხვებზე პასუხი აღარ მიგვიღია.
წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი ძირითადად მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. ამ მიზნით, 2012 წლის 6 ნოემბერს მსოფლიო ბანკმა რეგიონული განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში 37 მილიონი დოლარი გამოყო. პროექტი იმერეთის რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებას და ტურისტული შესაძლებლობების გაზრდას გულისხმობს.
წყალტუბოში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი ადგილობრივი ხელისუფლების ახლანდელ და ყოფილ წარმომადგენლებს ვთხოვეთ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, კონსტანტინე მამისეიშვილის განხადებით, "წყალტუბოში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 10 უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ეს პროექტებია: "ცივი ტბის" მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე ზომის შენობა-ნაგებობების მშენებლობა, ქალაქის წრიული გზის რეაბილიტაცია, ცენტრალურ პარკში და "ცივ ტბაზე" გარე განათების, გზების, სავალი ბილიკების და სადრენაჟე-სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია, ყოფილი პოლიციის, რკინიგზის სადგურის, საკონცერტო დარბაზ - "ივერიის", გამგეობის შენობის აღდგენა, პარკში მცირე ზომის საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია, წყალტუბოს პარკის და "ცივი ტბის" ტერიტორიის გამწვანება, კეთილმოწყობა და სარწყავი სიტემის მონტაჟი. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელება მცირე პერიოდით შეფერხდა. ამის მიზეზი არასწორად დაგეგმილი და ვადაგადაცილებული სამუშაოები იყო, თუმცა მცირე შეფერხების შემდეგ ყველა დიდი პროექტი გაგრძელდა. ამჟამად, წყალტუბოში 2 აბაზანაა (#1 და #6) აღდგენილი. აგვისტოში განახლებული წყალტუბოს პრეზენტაცია იგეგმება".
საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა საღარეიშვილის განცხადებით, "მსოფლიო ბანკმა წყალტუბოს რეაბილიტაციის მიზნით 42 მილიონი ლარი გამოყო. თანხების დამატება ბიუჯეტიდანაც იგეგმებოდა. სასტუმრო "შახტიორის" რეაბილიტაციისთვის 50 მილიონიან ინვესტიციის განხორციელებას "ჰოლიდეი ინის" ჯგუფი გეგმავდა (ბიზნესმენი თემურ უგულავა). ინვესტორს შენობა სიმბოლურ ფასად უნდა გადასცემოდა (1 ლარად), სანაცვლოდ კი, მას წყალტუბოში პარლამენტარებისთვის 5 საცხოვრებელი კორპუსი უნდა აეშენებინა. სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ ეს ორივე პროექტი შეჩერდა. წყალტუბოში დღეს სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ტემპი და ხარისხი დაბალია. ჩვენ გვსურდა, ბადენ-ბადენის დონის სპა კურორტი მიგვეღო, ამის სანაცვლოდ წყალტუბო რეაბილიტაციის შემდეგ ისეთივე კურორტი იქნება, როგორიც საბჭოთა წლებში იყო".
ფაქტ-მეტრი წყალტუბოს რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით წყალტუბოს რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ აკაკი ბობოხიძესაც ესაუბრა. მისი განცხადებით, "წყალტუბოში წინა ხელისუფლების დროს, გარდა მსოფლიო ბანკის პროექტისა, ბიუჯეტიდან 200 მილიონის გამოყოფაც იგეგმებოდა. ეს თანხა წყალტუბოს ევროპული დონის კურორტად ქცევას უნდა მოხმარებოდა. დაგეგმილი იყო წყალტუბოს ინფრასტრუქტურის, სამკურნალო აბაზანების აღდგენა და წყალტუბოს სასტუმროების წინა ფასადების შეკეთება. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მხოლოდ მსოფლიო ბანკის პროექტები დარჩა, ბიუჯეტიდან თანხა, რა თქმა უნდა, აღარ გამოყოფილა. ამჟამად, წყალტუბოში სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ტემპი და მასშტაბები არის შემცირებული".
დღევანდელი ხელისუფლების ინიციატივით, საპარტნიორო ფონდმა წყალტუბოს, როგორც სამედიცინო-გამაჯანსაღებელი სპა კურორტის განვითარების გრძელვადიანი გეგმა შეიმუშავა. გეგმა განვითარების ორ ფაზას მოიცავს და წყალტუბოში სასტუმროების და აბაზანების აღდგენას გულისხმობს. პირველ ეტაპზე აქცენტი ადგილობრივ და მეზობელი ქვეყნების (აღმოსავლეთ ევროპის) ინვესტორების მოზიდვაზე უნდა გაკეთდეს, განვითარების მეორე ფაზაში კი, აქცენტი დასავლეთ ევროპის სპა ბრენდებზე უნდა იქნას გადატანილი. არსებული გეგმის მიხედვით, ათი წლის განმავლობაში წყალტუბოში 720-865 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა ნავარაუდევი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015 წლის 18 ივლისს წყალტუბოს ცენტრალურ პარკში 3 სართულიანი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი ბალნეოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. პროექტი ბიზნესმენმა ბადრი კაკაბაძემ განახორციელა და ის 5 მილიონი ლარი დაჯდა.
დასკვნა
წყალტუბოს რეაბილიტაციის ძირითადი ფაზა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 2012 წლის ნოემბერში დაიწყო. დაგეგმილი სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, განახლებული წყალტუბოს პრეზენტაცია (განახლებული ცენტრალური პარკი, რეაბილიტირებული "ცივი ტბის" მიმდებარე ტერიტორია, "ცივ ტბაზე" მოწყობილი თანამედროვე სპორტული კომპლექსი, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში რეაბილიტირებული შენობები, აღდგენილი #1 და #6 აბაზანა, ბალნეოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრი და ა.შ.) ამ თვის ბოლოს იგეგმება.
წყალტუბოს გამგებლის ინფორმაციით, მიმდინარე პროექტების განხორციელებაში შეფერხება იყო, თუმცა, მალე მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ყველა პროექტი გაგრძელდა.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საპარტნიორო ფონდმა წყალტუბოს გრძელვადიანი განვითარების გეგმა შეიმუშავა. ყოფილი პრეზიდენტი წყალტუბოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში პროექტების შეჩერებაზე და დროში გაჭიანურებაზე მიუთითებდა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, წყალტუბოში დაგეგმილი პროექტების განხორციელება გარკვეული დროით მართლაც შეჩერებული იყო, თუმცა, მოგვიანებით პროცესი გაგრძელდა.
2012 წლის 5 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხუთი წლის შემდეგ წყალტუბო ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი საკურორტო სახელი იქნებოდა.
ამ ეტაპზე ფაქტ-მეტრი ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს და წყალტუბოს შესახებ ინფორმაციას მოვლენების განვითარების კვალდაკვალ მიაწვდის მკითხველს.
ჩვენ წყალტუბოში ბადენ-ბადენის ტიპის კურორტს ვაშენებდით… "ქართულმა ოცნებამ" ეს იდეა მოკლა
24/08/2015
Առանց վճռի
Անհնար է գնահատել հայտարարությունը վճռով:
Անհատներ
-
«Փաստ մետր»-ը ստուգում է Խատիա Դեկանոիձե...
Թերթ Ֆակտ-մետրԹերթ Ֆակտ-մետր -
Վրաստանի՝ ԵՄ-ին անդամակցելու գործընթացը...
ՍուտՀայտարարությունն անճիշտ է -
Շալվա Նաթելաշվիլին դավադրություն է տարած...
Կեղծ Լուրկեղծ կամ մանիպուլյատիվ տեղեկատվություն, որը տարածվում է լրատվամիջոցի, քաղաքական գործչի կամ սոցիալական ցանցի էջի կողմից