ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა ბუბა კუდავას 2006 წლიდან ეკავა. მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს კი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის პოსტი ვაკანტური გახდა.
ბუბა კუდავას თანამდებობიდან გათავისუფლებას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების რამდენიმე დღიანი საპროტესო აქციები მოჰყვა. ისინი გათავისუფლებული დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვდნენ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭომ და თანამშრომლებმა მიმართვაც გაავრცელეს: „მიგვაჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხისტი და შეუსაბამო მიდგომა ეწინააღმდეგება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი დაწესებულების საქმიანობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პრინციპს“.
ამ საკითხზე თამარ სანიკიძემ დეტალურად ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20/30-ში ისაუბრა. მინისტრმა იმ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი თქმით, აუდიტის სამსახურმა გამოავლინა. მან თავდაპირველად განმარტა, რომ ცენტრის დირექტორი არავის მოუხსნია და მასთან უწყება ორი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა. შემდეგ, მას მოღვაწეობის ვადა გაუვიდა და მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ამის შემდეგ, დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების საკანონმდებლო ვალდებულება წარმოიშვა და ახალი კონკურსი გამოცხადდა.
განათლების მინისტრის თქმით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სახელმწიფო დაფინანსების გარდა, შემოსავალი რუსთაველის ფონდიდან აქვს. ისინი კონკურსებში მონაწილეობენ და გრანტებს იღებენ, რაც თავისთავად მისასალმებელია, თუმცა, ამ გრანტებიდან მიღებული თანხები თანამშრომლებზე არათანაბრად ნაწილდებოდა. მაგალითად, მეცნიერ-თანამშრომლების ხელფასი, რომლებიც წლების განმავლობაში დაწესებულებაში მუშაობდნენ, 200-300 ლარის ფარგლებში მერყეობდა. ამის პარალელურად კი, სხვა პრივილეგირებულ თანამშრომლებს, ხელფასების გარდა დანამატები და გრანტებიდან შემოსავალი ჰქონდათ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აუდიტის ანგარიშში საუბარია სერიოზულ დარღვევებზე და არ იყო გამორიცხული, რომ საქმით პროკურატურა დაინტერესებულიყო.
განათლების მინისტრს ჟურნალისტმა 2008 წელს, ბრიტანეთში ხელნაწერთა აკადემიაში გამართულ გამოფენაზე ვანის ოთხთავის “გატანასთან” დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება სთხოვა. თამარ სანიკიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ნამდვილად არსებობს და სპეციალისტები და შესაბამისი ორგანოები მიიჩნევენ, რომ მისი გამოძიება ნამდვილად ღირს.
მიმდინარე წლის 7 მაისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის პირობის თანახმად, აპლიკანტს უნდა ჰქონოდა: დოქტორის აკადემიური ხარისხი, მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება (აქედან, 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამეცნიერო სფეროში), ასევე, პროექტების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება. ამის ფონზე, კონკურსში მონაწილეთა ასაკის მინიმალური ზღვარი 21 წელი იყო.
16 მაისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის შესარჩევი კონკურსი გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, ბუბა კუდავამაც მიიღო. 17 მაისს კი, უკვე ცნობილი გახდა, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი ზაზა აბაშიძე იქნებოდა. 20 მაისს მისი თანამდებობაზე დანიშვნა პრემიერ-მინისტრთან შეთანხმდა.
20 მაისს პრემიერი ცენტრის ახალ დირექტორს და განათლების მინისტრს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა შემდეგი განცხადება გაავრცელა: „საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ცენტრის რეორგანიზაცია, ფონდებში არსებული ვითარების შესწავლა, ახალი შენობის მშენებლობა და თანამშრომელთა სახელფასო განაკვეთის გაზრდა იგეგმება“. პრემიერ-მინისტრისვე თქმით, წლების განმავლობაში ხელნაწერთა ცენტრის მიმართ სახელმწიფოს ინტერესი ძალიან დაბალი იყო და წინა მთავრობები მას ყურადღებას არ აქცევდნენ. მანვე აღნიშნა, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არჩევის წესში ცვლილებები იგეგმებოდა.
მიმდინარე წლის 21 მაისს თამარ სანიკიძემ კონტროლის პალატას ბუბა კუდავას საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდა. 25 მაისს კი განაცხადა, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობაზე აუდიტის დასკვნა პროკურატურაში იყო გადაგზავნილი.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საკითხზე ფაქტ-მეტრი ბუბა კუდავას ესაუბრა და განათლების სამინისტროს მხრიდან მის მიმართ გაჟღერებული პრეტენზიები დეტალურად განიხილა.
ბუბა კუდავას განმარტებით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და განათლების სამინისტროს შორის უთანხმოება მაშინ დაიწყო, როდესაც ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა 2 საკითხზე პრინციპული პოზიცია დაიკავა. პირველი ეს ტერიტორიასთან დაკავშირებული საკითხი, მეორე კი ლაილაშის ბიბლიის თემა გახლდათ. კუდავას თქმით, ცენტრს 2014 წლის ბოლოს სამების ტაძრის უკან მიმდებარე ტერიტორიაზე გადასვლა შესთავაზეს, რაზეც მათ უარი განაცხადეს. უარის მიზეზი შეთავაზებული ფართობის სიმცირე და ცენტრის სამების ტაძართან ახლოს განთავსება იყო. „მოგეხსენებათ, სამების ტაძარი როგორი არქიტექტურული დომინანტია და რა ტიპის შენობაც უნდა ააშენო, ის სულ იქნება სამების ტაძრის ჩრდილში. გარდა ამისა, დამთვალიერებელში, აღქმული იქნება, როგორც სამების ერთიანი დიდი კომპლექსის ნაწილი“ - განაცხადა კუდავამ.
რაც შეეხება ლაილაშის ბიბლიის თემას, ბუბა კუდავას განმარტებით, ეს არის ებრაული ხელნაწერი, რომლის გადაცემასაც საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი ითხოვს. მისი თქმით, ეს საფუძველშივე არღვევს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების, ჩამოყალიბების და განვითარების პრინციპს. შესაბამისად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ბიბლიის ებრაული მუზეუმისთვის გადაცემის წინააღმდეგი იყო. მისივე განმარტებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის ბიბლიის გადაცემა-გადმოცემის, ან მიღების არანაირი ოფიციალური დოკუმენტაცია არ არსებობს. ამასთან, როდესაც ებრაული მუზეუმი გაუქმდა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაარსებული არ იყო. გარდა ამისა, ლაილაშის ბიბლია, მანამ სანამ რომელიმე სიძველეთა საცავში მოხვდებოდა, ლეჩხუმში, სოფელ ლაილაშში იყო დაცული. „მაშინ აღვადგინოთ სამართლიანობა და ხელნაწერი ლაილაშის სინაგოგას დავუბრუნოთ“ - აღნიშნა კუდავამ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა თანამშრომლების ხელფასებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2015 წლის დასაწყისში, როდესაც განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ მეცნიერების ანაზღაურება 200-250%-ით გაიზრდებოდა და მინიმუმ 600-700 ლარი გახდებოდა, ეს ინიციატივა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს არ შეხებია. მისივე განმარტებით, მაშინ როდესაც მან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა, ცენტრის ბიუჯეტი 180 000 ლარი იყო. ამჟამინდელი ბიუჯეტი კი 875 000 ლარია. ამ თანხაში შედის ხელნაწერთა შენახვა, რესტავრაცია, დიგიტალიზაცია, კვლევა, გამოცემა, საგანმანათლებლო-საზოგადოებრივი პროექტები, მკითხველთა მომსახურება, ხელფასები და ა.შ. მანვე განმარტა, რომ მოცემული მომენტისთვის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა დარიცხული ხელფასის ოდენობა 250-დან 490 ლარის ფარგლებში მერყეობს და საგრანტო პროექტებიდან მოპოვებული თანხები ძირითადად მეცნიერებზე ნაწილდება. გარდა ამისა, ცენტრში არსებობს თანამშრომლების კატეგორია, რომლებსაც საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ აქვთ (იურისტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები, კანცელარიის ხელმძღვანელი და სხვა). ასეთი ადამიანების შესანარჩუნებლად კი, დროებითი გამოსავალი დანამატების გაცემა იყო.
კუდავა პრემიერ-მინისტრს დაეთანხმა და თქვა, რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს წლების განმავლობაში ყურადღება ნამდვილად აკლდა. თუმცა, მისივე განცხადებით, იგივე მდგომარეობა იყო 2013-2015 წლებშიც. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინიტროს მიერ რამდენიმე პროექტი დაფინანსდა, საერთო სურათი ამით არ შეცვლილა. ის მეცნიერებისთვის ხელფასების მატების ინიციატივას მიესალმა, თუმცა, იქვე კითხვა დასვა: „თუკი ამის საშუალება ახლა გაჩნდა, ეს ადრე რატომ არ იყო შესაძლებელი?“
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა ლონდონში 2008 წელს გამართულ გამოფენაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ლონდონში ბიზანტიური კულტურის ეპოქისადმი მიძღვნილ გამოფენაში მონაწილეობის შესახებ შეთავაზება მიიღო. გამოფენაზე ორი ქართული ხელნაწერი - წყაროსთავისა და ვანის სახარებები უნდა გაგზავნილიყო. ეს ქვეყნის კულტურის პოპულარიზების ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა და ამას თითქმის ყველა სახელმწიფო და მუზეუმი აკეთებს. კუდავამ განმარტა, რომ სპეციალისტების მიერ აღნიშნული ხელნაწერების შესწავლის შემდეგ, დადგინდა, რომ ისინი ტრანსპორტირებასა და ექსპონირებას ექვემდებარებოდნენ. ამის შემდეგ, საქმეში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან გათავისუფლებული რესტავრატორი ჩაერთო, რომელმაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდა საპატრიარქოს. საკითხს დაპირისპირება და აჟიოტაჟი რომ არ გამოეწვია, პროცესი შეჩერდა და ამით პრობლემა მოიხსნა. „გამოიძიონ ეს საქმე, მაგრამ რა უნდა გამოიძიონ, რომ არ გავიტანეთ,ის? აქამდე რატომ არ დაინტერესდნენ ამ თემით, არ ჰქონდათ ინფორმაცია?“ - განაცხადა ბუბა კუდავამ.
რაც შეეხება აუდიტის დასკვნაში წარმოდგენილ დარღვევებს, კუდავას თქმით, ხარვეზები ნამდვილად იყო, მაგრამ ეს ისეთი ტიპის ხარვეზებია, რომლის მსგავსიც ნებისმიერ სამინისტროში იქნება. მისივე თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში აუდიტის სამსახური აბსოლუტურ არაკომპეტენტურობას ამჟღავნებდა და ეს ძირითადად რესტავრაციის სფეროს ეხებოდა. აუდიტის სამსახურის ჯგუფში არცერთი რესტავრატორი არ ჰყავდათ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მას საგამოძიებო ორგანოებიდან ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია და თუ ვინმე გაარკვევს, თუ კონკრეტულად სად არის მისი საქმე გადაგზავნილი და რა ეტაპზეა ის, მადლობელი იქნება.
იმის დასაზუსტებლად, დაიწყო თუ არა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საკითხის გარშემო მოკვლევა, ფაქტ-მეტრმა პროკურატურას ოფიციალური წერილით მიმართა. პასუხში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 27 მაისს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტიდან პროკურატურაში გადაიგზავნა სსიპ „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის“ აუდიტორული შემოწმების ანგარიში, თანდართულ მასალებთან ერთად.
წერილში ასევე განმარტებულია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დანაშაულის ჩამდენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, პასუხი იმაზე, თუ რა ღონისძიებები გაატარა აღნიშნული საქმის გარშემო საქართველოს პროკურატურამ, ვერ მივიღეთ.
ფაქტ-მეტრი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორისგან ცენტრის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მიღებას შეეცადა. თუმცა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, რომ მოცემული მომენტისთვის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კონკურსები მიმდინარეობს და სამომავლო პერსპექტივების შესახებ საუბარი საკონკურსო ეტაპის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების დირექტორის დანიშვნის წესს „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს. 2005-2011 წლებში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დირექტორის არჩევის უფლებამოსილება სამეცნიერო საბჭოს ჰქონდა. 2011 წლის საკანონდებლო ცვლილებით კი, დირექტორის არჩევითობა გაუქმდა და დაწესებულების დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება პრემიერთან შეთანხმებით სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელს გადაეცა. ამავე ცვლილების შედეგად, კანონში აღარ კონკრეტდებოდა, თუ რამდენჯერ და რა ვადით მოხდებოდა დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა. შესაბამისად, მოქმედ დირექტორს თანამდებობაზე მუშაობა მანამდე შეეძლო, სანამ მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული და მას „ვადა“ არ გაუვიდოდა.
აქვე უნდა ითქვას, რომ 3 ივლისს საქართველოს პარლამენტმა სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების დირექტორის დანიშვნის წესში ცვლილებები შეიტანა. ცვლილების თანახმად, კვლევითი დაწესებულების დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით, თანამდებობაზე დაწესებულების სამეცნიერო საბჭო ირჩევს და მას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი ნიშნავს. შესაბამისად, არასასურველი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს მისი თანამდებობაზე არდანიშვნის ბერკეტი კვლავაც რჩება.
კანონის თანახმად, ბუბა კუდავას თანამდებობის დასაკავებლად კონკრეტული ვადა არ ჰქონდა განსაზღვრული. ამასთან, როგორც თავად ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა მისით ჯერ არ დაინტერესებულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჩვენ ვერც პროკურატურისგან მივიღეთ. ამ საქმეზე სამართალწარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია არც პრესით გავრცელებულა. ასევე, იბადება კითხვები, თუ რატომ არ დაინტერესდნენ 2008 წლის ლონდონის გამოფენასთან დაკავშირებით თავის დროზე შესაბამისი უწყებები და რატომ გააქტიურდა აღნიშნული თემა ბუბა კუდავას თანამდებობიდან გათავისუფლების პარალელურად? აგრეთვე, თუკი აუდიტის დასკვნაში მნიშვნელოვან დარღვევებზე იყო საუბარი, რატომ არ მოხდა აღნიშნული საქმის ბოლომდე მიყვანა? კითხვები ამ დრომდე პასუხგაუცემელია.
რა მოხდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში?
21/08/2015
Թերթ Ֆակտ-մետր
Թերթ Ֆակտ-մետր
-
«Փաստ մետր»-ը ստուգում է Խատիա Դեկանոիձե...
Թերթ Ֆակտ-մետրԹերթ Ֆակտ-մետր -
Վրաստանի՝ ԵՄ-ին անդամակցելու գործընթացը...
ՍուտՀայտարարությունն անճիշտ է -
Շալվա Նաթելաշվիլին դավադրություն է տարած...
Կեղծ Լուրկեղծ կամ մանիպուլյատիվ տեղեկատվություն, որը տարածվում է լրատվամիջոցի, քաղաքական գործչի կամ սոցիալական ցանցի էջի կողմից