საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბოლო პერიოდში პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში გამგზავრებასა და ISIS-ის პრობლემის გააქტიურებას გამოეხმაურა. "პანკისის ხეობის მიმართ ჩვენი ხელისუფლების ყურადღება გაორმაგებული და გაოთხმაგებულია. შეგახსენებთ, რომ ხეობიდან 100-ზე მეტი მკვიდრი ჩვენი ხელისუფლების მოსვლამდე გავიდა სირიაში. ჩვენი მოსვლის შემდეგ, ალბათ სულ რამდენიმე ახალგაზრდა გადაადგილდა თურქეთის მიმართულებით. შემდეგ ალბათ გადადიან სირიაში. 3 ან შეიძლება 4-5 ახალგაზრდა იყოს გასული. ISIS-ის პრობლემა ეს არის მთელი მსოფლიოს თავის სატკივარი და მსოფლიოს ლიდერები ვერ პოულობენ გამოსავალს, თუ როგორ უნდა მოახდინონ პრევენცია და როგორ აღკვეთონ მოხალისეების წასვლა სირიაში" - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ფაქტ-მეტრი პრემიერის განცხადების იმ მონაკვეთით დაინტერესდა, სადაც ის პანკისიდან სირიის მიმართულებით გადაადგილებული ახალგაზრდების რიცხვზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კოალიციური მთავრობის პირობებში მაქსიმუმ 5 პირი თუ იქნება გასული, წინა ხელისუფლების დროს კი, ეს რიცხვი 100-ზე მეტი იყო.
დასაწყისისთვის, ჩვენ პრემიერის პრესსამსახურს დავუკავშირდით, სადაც ვერ გვიპასუხეს, თუ რაზე დაყრდნობით გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს განცხადება.
ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ, პანკისის ხეობის რამდენი მკვიდრია სირიაში, ქვეყნის არცერთ უწყებას არ აქვს. მხოლოდ მიმდინარე წელს, მედიის საშუალებით გავრცელებული, ასევე ადგილობრივებისა და ოჯახის წევრების მიერ დადასტურებული ინფორმაციით, სირიაში 6 ახალგაზრდა წავიდა. აქ არ შედის იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავიანთ ოჯახებს სირიაში წასული ეგონათ, თუმცა ისინი მოგვიანებით ქვეყანაში დაბრუნდნენ და აღნიშნეს, რომ თურქეთში იმყოფებოდნენ.
2015 წლის 12 იანვარი - "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ 18 წლის ბესლან მარგოშვილი პანკისიდან სირიაში წავიდა. თუმცა, აპრილში, ამავე მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის საქართველოში დაბრუნდა და როგორც მისი დედა ამბობს, შვილმა უთხრა, რომ ის თურქეთში იმყოფებოდა და სირიაში არ გადასულა.
2015 წლის 2 აპრილი - პანკისიდან სირიაში 2 ახალგაზრდა - 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი და 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი წავიდნენ. ფოტოზე, რომელიც "კახეთის საინფორმაციო ცენტრმა" მოიპოვა, ისინი "ისლამური სახელმწიფოს" დროშის ფონზე არიან გადაღებულნი.
2015 წლის 15 აპრილი - პანკისიდან სირიაში 18 წლის ჯამლეტ ბორჩაშვილი წავიდა. მაშინ ახალგაზრდის მშობლები ამბობდნენ, რომ შვილმა დაახლოებით ერთი კვირის წინ შეატყობინა, რომ სირიაში აპირებდა წასვლას.
2015 წლის 1 მაისი - პანკისის ხეობიდან სირიაში კიდევ ერთი არასრულწლოვანი, 17 წლის გოგონა წავიდა. "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" დაზუსტებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა პანკისელ ბექა ტოხოსაშვილზე გაათხოვეს, რომელიც სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს იბრძვის. ბექა ტოხოსაშვილი პანკისიდან სირიაში ერთი წლის წინ, ანუ 2014 წელს წავიდა.
2015 წლის 17 მაისი - ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, პანკისიდან სირიაში 2 ახალგაზრდა ქალი წავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ სააგენტოებმა და ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელეს.
"კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ინფორმაციით, რომელიც ადგილობრივების მონათხრობს ეყრდნობა, პანკისიდან სირიაში ბოლო 3-4 წლის განმავლობაში (როგორც ფაქტ-მეტრს გამოცემის მთავარმა რედაქტორმა და მითითებული მასალების ავტორმა პირად საუბარში განუმარტა), დაახლოებით 50-მდე ახალგაზრდაა წასული. სირიაში საომრად მყოფი პანკისელების ვინაობა ძირითადად მაშინ ხდება ცნობილი, როცა მათი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძის განცხადებით, საქართველოდან სირიასა და ერაყში, 1995 წლიდან, დაახლოებით 170 კაცია წასული.
სირიაში დაღუპულ პანკისის ხეობის მკვიდრთა რაოდენობაზე "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" წერდა, რომ მიმდინარე წლის თებერვლის მონაცემებით, სირიაში საომარი მოქმედებების დროს 9 პანკისელი ახალგაზრდა იყო დაღუპული. თუმცა, აღნიშნული მონაცემი რამდენიმე საათში შეიცვალა და კიდევ ერთი მამაკაცის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. მიმდინარე წლის 28 ივნისის მდგომარეობით კი, რიცხვი გაიზარდა და "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" თანახმად, სირიაში სულ 12 პანკისელი ახალგაზრდაა დაღუპული.
დასკვნა
მედიაში გაჟღერებული და მშობლებისა თუ ახლობლების მიერ დადასტურებული ინფორმაციით, მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლო 5 თვეში პანკისის ხეობიდან სირიაში 6 ახალგაზრდა გაემგზავრა. ჯამში კი, სირიაში გამგზავრებული ახალგაზრდებიდან, ადგილობრივების განცხადებით, 12 დაიღუპა.
პანკისის ხეობის მოსახლეობის თქმით, სირიაში ბოლო 3-4 წლის განმავლობაში 50-მდე ახალგაზრდაა წასული. ოფიციალურად, ქვეყანაში არცერთ უწყებას არ გააჩნია კონკრეტული მონაცემი იმის შესახებ, პანკისის ხეობის რამდენი მკვიდრი იბრძვის სირიაში. პრემიერ-მინისტრის განცხადების კონკრეტულ წყაროს ვერც მის პრესსამსახურში ასახელებენ. შესაბამისად, ფაქტ-მეტრისთვის გაურკვეველია, რა პერიოდში წავიდა სირიაში 50-მდე პანკისის მკვიდრი (როგორც ადგილობრივები ამბობენ) და არა 100, როგორც პრემიერი აღნიშნავდა. ასევე, ბოლო პერიოდში გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ ბოლო სამ წელიწადში პანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად წასულთა რაოდენობა "4-5-ზე" მეტია.
ვინაიდან არ არსებობს ოფიციალური საჯარო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენი ახალგაზრდაა პანკისიდან სირიაში საბრძოლველად წასული, არაოფიციალური რიცხვები კი ერთმანეთისგან განსხვავებულია (თუმცა, არცერთი მათგანი პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებულ რიცხვებს არ ემთხვევა), ფაქტ-მეტრი პრემიერის ამ განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს და მკითხველს მხოლოდ ფაქტების ანალიზს სთავაზობს.
პანკისის ხეობიდან 100-ზე მეტი მკვიდრი სირიაში წინა ხელისუფლების დროს გავიდა. ჩვენი მოსვლის შემდეგ სულ 4-5 ახალგაზრდა თუ იქნება გასული
29/07/2015
Առանց վճռի
Անհնար է գնահատել հայտարարությունը վճռով:
Անհատներ
-
«Փաստ մետր»-ը ստուգում է Խատիա Դեկանոիձե...
Թերթ Ֆակտ-մետրԹերթ Ֆակտ-մետր -
Վրաստանի՝ ԵՄ-ին անդամակցելու գործընթացը...
ՍուտՀայտարարությունն անճիշտ է -
Շալվա Նաթելաշվիլին դավադրություն է տարած...
Կեղծ Լուրկեղծ կամ մանիպուլյատիվ տեղեկատվություն, որը տարածվում է լրատվամիջոցի, քաղաքական գործչի կամ սոցիալական ցանցի էջի կողմից