მსოფლიოში ნავთობის ფასები რეკორდულად იყო დაცემული, მაგრამ საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც საწვავზე ფასები არ შემცირებულა...
პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, გადაცემა "არჩევანში" ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა. მაგალითისთვის, მან საწვავზე არსებული ფასები მოიყვანა. მისი შეფასებით, მიუხედავად მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასების რეკორდული შემცირებისა, საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც საწვავის ფასი არ შემცირებულა და ამ ფაქტზე მთავრობას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.
ფაქტ-მეტრი ნინო ბურჯანაძის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. საწვავის ფასების შესახებ ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა. Platt’s-ის[1] მიხედვით, 2014 წლის ივლისის მეორე ნახევრიდან, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირება დაიწყო და ის 2015 წლის იანვრამდე გაგრძელდა. 2014 წლის ივლისში, საქართველოში რეგულარის ტიპის საწვავი დაახლოებით 2.14 ლარი ღირდა, ხოლო საერთაშორისო ბაზარზე 1 ტონა ნავთობის ფასი დაახლოებით 1 036 აშშ დოლარს უდრიდა. ამ პერიოდში, საერთაშორისო ბაზარზე ფასების შემცირების პარალელურად, საქართველოში რეგულარის ტიპის საწვავი დაახლოებით 55 თეთრით შემცირდა. ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირების პარალელურად, საწვავზე ფასები ადგილობრივ ბაზარზეც მცირდებოდა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2015 წლის 13 იანვარს დაფიქსირდა. კერძოდ, Platt’s-ზე 1 ტონა ბენზინის ღირებულებამ 446 დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, რეგულარის ტიპის საწვავის საშუალო ფასი 2015 წლის  იანვარის ბოლოს საქართველოში 1.59-1.75 ფარგლებში მერყეობდა. Platt’s-ის მიხედვით, იანვარში საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი როგორც კლების, ისე ზრდის მიმართულებით რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა 446 დოლარიან ნიშნულზე დაბლა ის აღარ ჩამოსულა. იანვრის მეორე ნახევრიდან, ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა. საწვავის ფასის ზრდის ტენდენცია თებერვალშიც შენარჩუნდა და თვის დასაწყისში 586 დოლარი, ხოლო თვის ბოლოს 621 დოლარი შეადგინა. ადგილობრივ ბაზარზე რეგულარის ტიპის საწვავი თებერვლის თვეში არ გაძვირებულა და Platt’s-ზე საწვავის გაძვირებამ ფასებზე გავლენა მხოლოდ მარტში იქონია. 15-18 მარტის მონაცემებით, ადგილობრივ ბაზარზე რეგულარის ტიპის საწვავი 4 თეთრით გაძვირდა. შესაბამისად, ამ ტიპის საწვავის ღირებულება ბენზინგასამართ სადგურებში 1.63-1.75 ლარის ფარგლებში მერყეობდა. აპრილში ადგილობრივ ბაზარზე რეგულარის ტიპის საწვავის საშუალო ღირებულება ორჯერ შეიცვალა. თვის დასაწყისში ის 1.68-1.82 ლარამდე, ხოლო თვის ბოლოს, 1.73-1.89 ლარამდე გაიზარდა. საწვავის ფასს, გარდა საერთაშორისო ბაზარზე დადგენილი ღირებულებისა, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორებიც განსაზღვრავს. კერძოდ, დამატებითი ღირებულების გადასახადი, აქციზის ღირებულება, ტრანსპორტირება, ადგილობრივ ფილიალებში დისტრიბუცია, ვალუტის კურსი და ა.შ. 2014 წლის ნოემბრიდან ლარმა დოლართან მიმართებაში გაუფასურება დაიწყო. აღნიშნული ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. მარტში ლარი დოლართან მიმართებით 2.8%-ით, ხოლო აპრილში კი 3.6%-ით გაუფასურდა, რამაც ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასის გაძვირებაზეც იქონია გავლენა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის დეკემბერთან შედარებით, ლარი თითქმის 20%-ით გაუფასურდა. ლარის კურსის დეკემბრის მაჩვენებლის შენარჩუნების შემთხვევაში, რეგულარის ტიპის საწვავის საცალო ღირებულება დაახლოებით 1.73 ლარი იქნებოდა, რაც ამ დროისთვის უმეტეს ბენზინგასამართ სადგურში არსებულ ფასებზე 10 თეთრით ნაკლებია. შესაბამისად, საწვავის ფასი არსებულთან შედარებით დაახლოებით 6%-ით ნაკლები იქნებოდა. ლარის გაუფასურებისა და საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის ზრდის ფონზე, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაძვირებაა მოსალოდნელი. "ვისოლ ჯგუფის" გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას განცხადებით, საწვავის ფასის გაძვირების მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრი მატება გახდა. მისი თქმით, წლის დასაწყისში ერთი ტონა საწვავის ფასი 450 დოლარი იყო, დღეს კი ფასმა 700 დოლარამდე აიწია. ამას ემატება ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაც. თუმცა, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი მაინც საერთაშორისო ბაზარზე ფასების მატებამ შეასრულა. ვასილ ხორავამ აღნიშნა, რომ ფასების კორექტირებას ვალუტის კურსის და Platt’s-ის მიხედვით ახდენენ. თებერვალსა და მარტში ფასების ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა. თუმცა, ამ ორ თვეში "ვისოლის" ქსელში ფასები არ გაზრდილა, რაც საწვავის არსებული ნაშთის ხარჯზე მოხერხდა. ხორავას განცხადებით, კომპანიამ ფასების ზრდა აპრილის დასაწყისში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რამდენჯერმე დაინტერესდა საწვავის ფასით და ამ საკითხთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოს კვლევის ჩატარებაც დაავალა, რომლის შუალედურ შედეგებსაც 5 იანვარს გაეცნო, თუმცა კვლევის შედეგები არ გასაჯაროვდა. საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ კვლევა გრძელდება და საკითხის მოცულობიდან გამომდინარე ის ერთ და ორ თვეში ვერ დასრულდება.   დასკვნა 2014 წლის ივლისიდან, Platt’s-ის მიხედვით, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის შემცირება დაიწყო. აღნიშნული პერიოდიდან საწვავის ფასი ადგილობრივ ბაზარზეც შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ბენზინზე ყველაზე დაბალი ფასი 2015 წლის 13 იანვარს დაფიქსირდა, როდესაც 1 ტონა საწვავი 446 დოლარი ღირდა. საერთო ჯამში, 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით, ქართულ ბაზარზე რეგულარის ტიპის საწვავი დაახლოებით 55 თეთრით გაიაფდა. თუმცა, მოგვიანებით, Platt’s-ზე საწვავის ფასის გაძვირებისა და ლარის გაუფასურების ფონზე, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასმა მოიმატა და სავარაუდოდ აღნიშნული ტენდენცია უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასების ცვლილებით უკვე დაინტერესდა და კონკურენციის სააგენტოს საკითხის შესწავლაც დაავალა. ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნინო ბურჯანაძის განცხადება არის ტყუილი.