„ვენეციის კომისიის ექსპერტებისთვის იუსტიციის საბჭოს დაშლა მიუღებელია“
2013 წლის 1 მაისს  საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა. სესიის დღის წესრიგის ძირითადი საკითხი „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“  კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევა იყო. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვეტოს უფლება პირველად სწორედ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოიყენა. მან 2012 წლის დეკემბერში კონსტიტუციის 68-ე მუხლით მინიჭებული უფლებით ისარგებლა და ამნისტიის შესახებ კანონს ვეტო დაადო. მოგვიანებით კი, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოს უფლება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცების დროს გამოიყენა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, აკაკი მინაშვილმა „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონის“ იმ პუნქტზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც კანონის ამოქმედებისთანავე იუსტიციის საბჭოს მოქმედ შემადგენლობას უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს. მინაშვილმა აღნიშნა: „ძალიან ცალსახაა, სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა. თქვენ ვენეციის კომისიის ნორმების არასწორ ინტერპრეტირებას ცდილობთ. თუმცა, პოზიცია, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტებისთვის იუსტიციის საბჭოს დაშლა მიუღებელია, ცალსახაა.“
 
საქართველოს პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ კანონი“ ხმაურიანი განხილვებისა და დებატების შემდეგ, 2013 წლის 5 აპრილს მესამე მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სასამართლო სხდომებზე ფოტო, აუდიო თუ ვიდეო გადაღება შესაძლებელი გახდება. ასევე, შეიცვალა იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი, ხოლო იუსტიციის საბჭოს არსებულ შემადგენლობას უფლებამოსილება კანონის ამოქმედებისთანავე შეუწყდება. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, ეწინააღმდეგება თუ არა, ვენეციის კომისია იუსტიციის საბჭოს ვადაზე ადრე დაშლას. ჩვენ გავეცანით ვენეციის კომისიის დასკვნას "საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში" ორგანული ცვლილებების პროექტზე. დასკვნის იმ ნაწილში, რომელშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზეა საუბარი [ 68-ე და 69-ე მუხლში], ვკითხულობთ: მუხლი 68 საქართველოში ვიზიტის დროს, ვენეციის კომისიის დელეგაციას აღნიშნული ცვლილების მხარდამჭერებმა განუმარტეს, რომ ამ ღონისძიების განხორციელება იმიტომ სურთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობა ხარვეზიანად მიაჩნიათ და თვლიან, რომ მხოლოდ სრულად განახლებული შემადგენლობის მეშვეობით იქნება შესაძლებელი მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. მუხლი 69 კომისია აღნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭოს მნიშვნელოვანი ფუნქციაა მოსამართლეების დაცვა პოლიტიკური ზეგავლენისგან. სწორედ აღნიშნული ფუნქციიდან გამომდინარე, არამართებული იქნებოდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის სრული განახლების დაშვება. დასკვნა ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, მოსამართლეების პოლიტიკური ზეგავლენისგან დაცვა მნიშვნელოვანი საკითხია, ხოლო ვინაიდან აღნიშნული ფუნქცია ქვეყანაში იუსტიციის საბჭოს ენიჭება, საბჭოს მოქმედი შემადგენლობის ვადაზე ადრე დათხოვნა არამართებულია. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ აკაკი მინაშვილის განცხადება: „ვენეციის კომისიის ექსპერტებისთვის იუსტიციის საბჭოს დაშლა მიუღებელია, ცალსახაა“, არის სიმართლე.