2014 წლის 26 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, პრემიერ–მინისტრმა საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით პოლიტიკოსები უპასუხისმგებლო და პოპულისტური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა და განაცხადა: "150 არქეოლოგიური ობიექტი განადგურდა BP-ის პროექტის განხორციელების დროს, მილსადენის ინსტალაციის დროს. მაშინ ხმა არავის გაუღია".
ფაქტ-მეტრი პრემიერის ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
BP საქართველოში 1996 წლიდან მოღვაწეობს და ის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს (BTC) უწევს ექსპლუატაციას, რომლის სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე 249 კილომეტრია.
BP საქართველოს ანგარიშში დეტალურადაა საუბარი იმაზე, თუ როგორ მოხდა იმ ტერიტორიის წინასწარი მომზადება, სადაც მილსადენების ინსტალაცია უნდა მომხდარიყო. ანგარიშის თანახმად, ყველა საპროექტო ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დეტალური შესწავლა განხორციელდა, რაც როგორც ამ ტერიტორიების ზედაპირის ვიზუალურ დათვალიერებას და შეფასებას, ისე არქეოლოგიური გათხრების ჩატარებას მოიცავდა. ხსენებული გათხრებისას, BP-ის მიერ დაქირავებულ სპეციალური მონიტორინგის განმახორციელებელ ჯგუფებთან ერთად, საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებიც მუშაობდნენ.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და კავკასიის გაზსადენი აზერბაიჯანიდან შემოდის და თურქეთის საზღვრამდე, საქართველოს მთელი ტერიტორიის გავლით გადის. შესაბამისად, მილების ინსტალაციის დროს მიმდინარე დაკვირვებას და მონიტორინგს, სხვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა ექსპედიცია ატარებდა.
ფაქტ-მეტრი ბორჯომსა და ახალციხის რაიონში ექსპედიციის ხელმძღვანელს, ირინე ღამბაშიძეს ესაუბრა, რომელმაც განგვიცხადა, რომ მილსადენების გაყვანის დაწყებამდე BP-მა წინასწარ შერჩეული მარშრუტი და მისი მიმდებარე ტერიტორია ყველა საერთაშორისო კანონის დაცვით შეისწავლა. ტერიტორიების ტოტალური შესწავლა, შემდგომშიც, თავად ინსტალაციის დროსაც მიმდინარეობდა და არქეოლოგიური ძეგლების განადგურებას მთელი ამ პროცესის მანძილზე ადგილი არ ჰქონია.
როგორც BP-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განახადა, მარშრუტის დაგეგმვამდე სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ ყველა საჭირო მონაცემის შესწავლა მოხდა, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ შერჩეულ ადგილას რაიმე სახის არქეოლოგიური ობიექტი არ არსებობდა. იმის გამო, რომ რიგ შემთხვევებში მონიტორინგის ჯგუფებმა კულტურული ძეგლები აღმოაჩინეს, ბევრ უბანზე მილსადენმა მარშრუტიც შეიცვალა.
კომპანიაში არ უარყოფენ რამდენიმე შემთხვევას, როდესაც ინსტალაციის პროცესში, პირველადი გათხრების დროს, მოულოდნელად აღმოჩენილი კულტურული ძეგლები დაზიანდა, თუმცა ასეთ შემთხვევებში ექსპედიციამ სამუშაოები შეაჩერა და ძეგლები შეინარჩუნა. იმ ფაქტს, რომ მილსადენების ინსტალაციის დროს მომუშავე ჯგუფებმა არქეოლოგიური ძეგლები აღმოაჩინეს და შეინარჩუნეს, ეროვნული მუზეუმის მიერ გამოცემული არაერთი პუბლიკაცია თუ გამოფენა ადასტურებს. მაგალითად, 2005 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში არქეოლოგიური გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო მილსადენის მშენებლობის დროს აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა. ასევე, ეროვნულმა მუზეუმმა ორენოვანი წიგნი – „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, სამხრეთ კავკასიის მილსადენი და არქეოლოგია საქართველოში“ გამოსცა, სადაც დეტალურადაა აღწერილი BP-ის როლი საქართველოს კულტურული ძეგლების შენარჩუნებაში.
წიგნში (გვ. 10-11) აღნიშნულია, რომ არქეოლოგიური ძეგლებისადმი BP-ის მიდგომა ზუსტად ემთხვეოდა აღიარებულ სტანდარტებს და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობას. ასევე ნათქვამია, რომ მილსადენის მარშრუტის გეგმა რამდენჯერმე შეიცვალა, რათა თეთრიწყაროს ტყეებში მილსადენის გავლისას არ მომხდარიყო ისტორიული ნამოსახლარების დაზიანება. მარშრუტი სამუშაოების დაწყების შემდეგაც მრავალჯერ შეიცვალა, რადგან მშენებლობისას დაახლოებით 300-მდე ახალი, საზოგადოებისთვის მანამდე უცნობი კულტურლი ძეგლი გამოვლინდა, განსაკუთრებით კი, თეთრიწყაროს რაიონიდან თურქეთის საზღვრამდე. წიგნში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ახალი აღმოჩენის ადგილები გამოყოფილი იყო გამაფრთხილებელი წარწერით „არქეოლოგიური ძეგლი,“ რაც ინჟინრებისთვის იმას ნიშნავდა, რომ არქეოლუგიური გათხრების დასრულებამდე და შესაბამისი დასკვნის გაცემამდე მსგავს ადგილებს ვერ შეეხებოდნენ.
ზემოთ აღნიშნულ წიგნში დაკონკრეტებულია ისეთი მნიშვნელოვანი აღმოჩენების შესახებ, როგორიცაა: სხვადასხვა ხანის სამარხები, მონასტრის ნაშთები, შუა საუკუნეების მარნების კომპლექსი, კერამიკული ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ინვენტარი, სამკაულები და ა.შ.
ჩვენ, ამ საკითხის კვლევისას პრემიერ-მინისტრის კაბინეტსაც დავუკავშირდით. პრემიერის პრესსამსახურში ვერ დააკონკრეტეს, თუ რა წყაროზე დაყრდნობით განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა BP-ის მიერ 150 არქეოლოგიური ობიექტის განადგურების შესახებ.
დასკვნა
BP-ის მიერ მილსადენების ინსტალაციის დროს, ტერიტორიაზე შესაძლო არქეოლოგიური ძეგლების აღმოჩენის მიზნით, მუშაობდნენ, როგორც კომპანიის მიერ სპეციალურად შექმნილი ჯგუფები, ასევე ეროვნული მუზეუმის ექსპედიციაც. გაირკვა ისიც, რომ სამუშაოების შედეგად არაერთი არქეოლოგიური ძეგლი აღმოაჩინეს, თუმცა მათი განადგურება არ მომხდარა, პირიქით, BP-მა ისინი შეინარჩუნა. ამას ადასტურებს როგორც კომპანია და მისი ანგარიში, ისე ექსპედიციის ხელმძღვანელი და ეროვნული მუზეუმის მიერ მოწყობილი გამოფენა, გამოცემული წიგნი, თუ სხვადასხვა პუბლიკაცია.
BP არ უარყოფს არც იმ ფაქტს, რომ პირველადი გათხრების დროს,იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოულოდნელად იქნა აღმოჩენილი კულტურული ძეგლი და ის მცირედით დაზიანდა, თუმცა ამ აღმოჩენების გამო კომპანიამ მარშრუტს გადაუხვია და ძეგლები შეინარჩუნა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: "150 არქეოლოგიური ობიექტი განადგურდა BP-ის პროექტის განხორციელების დროს... საყდრისისგან განსხვავებით მაშინ ხმა არავის გაუღია," არის ტყუილი.
"150 არქეოლოგიური ობიექტი განადგურდა BP-ის პროექტის განხორციელების დროს... საყდრისისგან განსხვავებით, მაშინ ხმა არავის გაუღია“
22/01/2015
Սուտ
Հայտարարությունն անճիշտ է
Անհատներ
-
«Փաստ մետր»-ը ստուգում է Խատիա Դեկանոիձե...
Թերթ Ֆակտ-մետրԹերթ Ֆակտ-մետր -
Վրաստանի՝ ԵՄ-ին անդամակցելու գործընթացը...
ՍուտՀայտարարությունն անճիշտ է -
Շալվա Նաթելաշվիլին դավադրություն է տարած...
Կեղծ Լուրկեղծ կամ մանիպուլյատիվ տեղեկատվություն, որը տարածվում է լրատվամիջոցի, քաղաքական գործչի կամ սոցիալական ցանցի էջի կողմից