31 ოქტომბერს, თოქშოუ „რეაქციაში,“ სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „ვერცერთ შემთხვევას ვერ დამისახელებთ, სადაც უცხოური კომპანიები ფლობენ ფარული მოსმენების გასაღებს“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
ბოლო რამდენიმე თვეა საზოგადოება აქტიურად განიხილავს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნულთან დაკავშირებით „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ კამპანიაც მიმდინარეობს.
არასამთავრობო სექტორი ორი გასაღების არსებობას ემხრობა. ამ მოდელით, საუბრის ჩაწერა შესაძლებელი გახდება მაშინ, თუ შსს-ს სატელეფონო კომუნიკაციის შინაარსთან წვდომას დაუშვებენ როგორც მობილური ოპერატორი, ისე სასამართლო. მათივე განცხადებით, „მოსმენებთან დაკავშირებით შსს-ს დომინირება უნდა მორჩეს. ვიდრე სერვერი უწყებიდან არ გამოვა, შსს-ს მოსმენებზე სრული უფლებამოსილება კვლავაც რჩება“.
ევროსაბჭოს ექსპერტის, ჯოზეფ კანატაჩის განცხადებით: „მეორე გასაღები უნდა იყოს სხვის ხელში და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში. მეორე გასაღები გადამოწმებისთვის უნდა იყოს გამოყენებული იმ დროს, როცა კომუნიკაციებში ჩართვის თაობაზე სასამართლო განჩინება გაიცემა და შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის გასაღებს გამოიყენებს. მეორე უწყებას, სადაც მეორე გასაღების შენახვა გადაწყდება, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გადაამოწმოს განჩინების სინამდვილე. ეს შეიძლება იყოს კერძო პროვაიდერი ან სპეციალური მონიტორინგის სააგენტო, სადაც მეორე გასაღები შეინახება“.
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით 3 საკანონმდებლო პაკეტი იყო შემუშავებული:
- პირველი – ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის კანონპროექტი იყო, რომელიც ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს. აქედან, ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელშია (პარლამენტმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა 30 ნოემბერს მიიღო);
- რიგით მეორე კანონპროექტი პარლამენტში დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ დაარეგისტრირა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს გასაღების კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის გადაცემას სთავაზობდა (კანონპროექტს მხოლოდ 61 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ ხმა 71 დეპუტატმა მისცა);
- მესამე კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავდა, რომელიც პარლამენტს არ განუხილავს.
- SFR - მფლობელი ფრანგული კომპანია “Vivendi“
- Bouygues Telecom – მფლობელი და დამფუძნებელი ფრანგი Bouygues ოჯახი
- Orange - ამჟამინდელი მფლობელი ფრანგული კომპანია „France Telecom“ (მანამდე ბრიტანეთის მფლობელობაში იყო) რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი
- T-Mobil - მფლობელია გერმანული კომპანია „Deutsche Telekom“. T-Mobil ის გავრცელების არეალი როგორც ევროპის ქვეყნებს ასევე აშშ-ს და სხვა ქვეყნებს მოიცავს
- Vodafone - მფლობელი ბრიტანული კომპანია „Vodafone Group“
- E-Plus - მფლობელია ესპანური კომპანია „Telefónica“
- O2 - მფლობელი ბრიტანული კომპანია „English Partnerships (Ultimate owner of Dome and Land)“