„გამოძიების უფლება პარლამენტს არ აქვს“
2014 წლის 18 სექტემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ. განხილვისას დეპუტატმა გიგა ბუკიამ განაცხადა: „მაინტერესებს პარლამენტი როდიდან გახდა საგამოძიებო ორგანო? ვისი გარდაცვალების ფაქტი უნდა შეისწავლოს პარლამენტმა? გამოძიების უფლება პარლამენტს არ აქვს“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება, რომელიც სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს იკვლევს. კომისია ასევე იქმნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესასწავლად. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით, პარლამენტს უფლება აქვს დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნას. პარლამენტის რეგლამენტის 57-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისია მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად იქმნება და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, საკითხის შესწავლისთანავე უქმდება. ბარბარე რაფალიანცის საქმე სწორედ ასეთ კონკრეტულ საქმედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. აღნიშნულ საკითხზე დეპუტატმა გიგა ბუკიამ დამატებითი განცხადებაც გააკეთა: „...საგამოძიებო კომისია იქმნება იმ დროს, როდესაც ვინმეს ეჭვი აქვს, რომ რომელიმე მაღალჩინოსანი, ან სახელმწიფო სტრუქტურა გამოძიებას უშლის ხელს და შეგნებულად ჩერდება გამოძიების პროცესი“. საპარლამენტო უმცირესობა სისტემატურად გამოთქვამდა ეჭვს, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებას რომელიმე მაღალჩინოსანი, ან სახელმწიფო სტრუქტურა უშლის ხელს და გამოძიების პროცესი შეგნებულად ჩერდება. სწორედ ამ მიზეზით არის გამოწვეული მათ მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეის ინიცირება. პარლამენტის რეგლამენტის 55-ე მუხლის მეორე ნაწილით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძვლებია:
  • ა) ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს;
  • ბ) ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის, არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ;
  • გ) ინფორმაცია, რომლის შესწავლაც სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეჭვი საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან, სწორედ რომელიმე მაღალჩინოსნის, ან სახელმწიფო სტრუქტურის მიერ საგამოძიებო პროცესის ხელოვნურად შეფერხების შესახებ გამოითქმებოდა, რაც თავისთავად კანონსაწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენს. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოების მაღალი ინტერესიც აშკარაა. შესაბამისად, აღნიშნული საქმის გამოძიება სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბოლო მოწვევის პარლამენტს უკვე აქვს დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნის გამოცდილება. მაგალითად, პარლამენტის დადგენილებით, 2013 წლის 1 მაისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. 2014 წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა ზემოაღნიშნული დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ დადგენილება მიიღო. დოკუმენტის თანახმად, პარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ისეთი მოთხოვნები წაუყენა, როგორიცაა ინტერნეტის სიჩქარის გაზომვისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვისთვის ყველა საჭირო ღონისძიების დაუყონებლივ განხორციელება; კომპანია „ობიექტივისათვის“ უკანონოდ ჩამორთმეული სიხშირის საკითხის დაუყოვნებლივი განიხილვა და მისთვის კუთვნილი სიხშირის დაბრუნების პრობლემის უმოკლეს ვადაში გადაჭრა; რიგი ტელე–რადიოკომპანიების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება და ა.შ. ზემოაღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ რიგი ქმედითი ნაბიჯები გადადგა და დაადგინა, რომ კომპანია „ობიექტივს“ უკანონოდ ჩამოერთვა სიხშირე, ტელე–რადიოკომპანიებმა „სამეგრელომ,“ „სპექტრმა“ და „თვალმა“ საქართველოს კანონმდებლობა დაარღვიეს და ა.შ. გიგა ბუკიამ ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა: „პარლამენტს უფლება არა აქვს, რომ საგამოძიებო ქმედებები ჩაატაროს. ჩვენ არ შეგვიძლია ჩავატაროთ ოპერატიული საქმიანობა, ავიღოთ ანალიზები, ვიღაცები დავკითხოთ“. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელმა დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობამ კონკრეტული შედეგები მოიტანა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 64-ე მუხლის მეორე ნაწილით, დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული არიან კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, დადგენილი წესით, წარადგინონ საკითხის გამოკვლევისთვის აუცილებელი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. ამავე მუხლის მე-7 ნაწილით, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით, ამა თუ იმ გარემოების გამო, მოიწვიოს და წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას ნებისმიერ პირს, გარდა კანონითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პარლამენტის რეგლამენტის 64-ე მუხლი მთლიანად ეთმობა დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის მინიჭებულ საკმაოდ ფართო საგამოძიებო უფლებამოსილებებს. შესაბამისად, იმის თქმა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეზღუდულია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში, არამართებულია.   დასკვნა ფაქტ-მეტრმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის წესი, საფუძვლები და უფლებამოსილებები შეისწავლა. ასევე, შეისწავლა დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის კონკრეტული მაგალითი და ის კონკრეტული შედეგები, რომელიც ამ კომისიის საქმიანობამ მოიტანა. პარლამენტს, კონკრეტულად კი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, კანონმდებლობით მინიჭებული აქვს გამოძიების ჩატარების უფლება, ასევ საგამოძიებო საქმიანობისთვის საჭირო მთელი რიგი უფლებამოსილებები. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დეპუტატ გიგა ბუკიას განცხადება: „გამოძიების უფლება პარლამენტს არ აქვს,“ არის ტყუილი.