მიმდინარე წლის 19 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ „ათასწლეულის განვითარების მიზნების საქართველოს ეროვნული ანგარიშის“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება ახალი მთავრობის პირობებში განხორციელებულ პროგრამებზე გაამახვილა. პრემიერი ინკლუზიური განათლების საკითხსაც შეეხო. სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ „განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეზღუდული შესაძლბლობების მქონე ბავშვების განათლებას. 2012 წლიდან ინკლუზიური განათლება საქართველოს ყველა საჯარო სკოლისთვის სავალდებულო გახდა“.
ფაქტ-მეტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით დაინტერესდა და ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება გადაწყვიტა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული განმარტების თანახმად, ინკლუზიური განათლება გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში, თანატოლებთან ერთად. ინკლუზიური განათლება ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას.
ზემოაღნიშნულ ანგარიშში განმარტებულია, რომ ინკლუზიური და ინტეგრირებული განათლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და შესაბამისად განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების დაფინანსება გაუმჯობესდა. აგრეთვე, 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა შშმ პირების უფლებების თაობაზე კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, რის შედეგადაც 2015-2018 წლებისათვის ინკლუზიური განათლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდა. გარდა ამისა, 2014 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აუტიზმის დიაგნოზის მქონე და სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის 5 საჯარო სკოლაში ინტეგრირებული კლასების პროგრამის პილოტირება განახორციელა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებლებისთვის სხვადასხვა სახელმძღვანელო ინსტრუქციები შეიმუშავა და გამოსცა. მათ შორის: „ინკლუზიური განათლება,“ „გონებრივი განვითარების პრობლემების მქონე ბავშვების სწავლების მეთოდები,“ „სმენადაქვეითებული ბავშვების სწავლების მეთოდები,“ „მხედველობადაქვეითებული ბავშვების სწავლების მეთოდები“ და „სპორტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის“. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებელთა ტრენინგების სპეციალური პროგრამა შეიმუშავა. ამასთან, საქართველოში ინკლუზიური განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს.
ანგარიშში აგრეთვე განმარტებულია, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს ყველა სკოლა აღჭურვილია საჭირო შესაძლებლობებით, ცოდნით და უნარებით. დაახლოებით 120-მა სპორტისა და ფიზიკური განათლების მასწავლებელმა 55 საპილოტო სკოლიდან ტრენინგი გაიარა. საქართველოს რეგიონების 10 სკოლა და თბილისის 5 სკოლა აღიჭურვა ადაპტირებული სპორტული აღჭურვილობით. გაიხსნა ინტეგრირებული კლასები აუტიზმის დიაგნოზის მქონე ბავშვებისათვის, აგრეთვე ლეიკემიის ცენტრში ჰოსპიტალიზებული ბავშვებისათვის. 2013 წელს 50-ზე მეტი სკოლის ინფრასტრუქტურა იყო ადაპტირებული და რეაბილიტირებული დადგენილი სტანდარტების შესაბამისად სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.
ინფორმაციისათვის ფაქტ-მეტრმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც მიმართა და ინკლუზიური განათლების დანერგვა-განხორციელების პროცესის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. სამინისტროს პასუხში ნათქვამია, რომ საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვა 2005 წლიდან დაიწყო. ზოგადი განათლების შესახებ კანონში და ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა, რის საფუძველზეც სკოლებში შესაბამისი გარემოს შექმნის მიზნით სამუშაოები დაიწყო. დღეის მდგომარეობით კი, საქართველოს 2084 საჯარო სკოლიდან პანდუსების საკითხი უკვე 250 სკოლაშია მოგვარებული, წლის ბოლოსათვის კი მათ რიცხვს კიდევ 13 სკოლა დაემატება. განათლების სამინისტრის ინფორმაციით, ეტაპობრივად ყველა საჯარო სკოლა მოეწყობა.
გარდა ამისა, გადამზადნენ მასწავლებლები, დამატებითი დაფინანსება გაჩნდა იმ სკოლებისთვისაც, სადაც განათლებას სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები იღებენ. ამასთან, პედაგოგებისათვის შეიქმნა სპეციალური გზამკვლევები. ესენია:
- ინკლუზიური განათლება – გზამკვლევი მასწავლებლებისთვის;
- სწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლება;
- სწავლასა და სწავლებასთან დაკავშირებული ცნებები, ტერმინები და თეორიები;
- სპორტი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის;
- მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლება;
- სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლება.