მიმდინარე წლის 19 სექტემებრს, ფაქტ-მეტრის რუბრიკის - „შეამოწმე შენი ფაქტის“ ფარგლებში, მკითხველმა ბესო ნარმანიამ პრემიერ-მინისტრის განცხადების გადამოწმება გვთხოვა.
2014 წლის 19 სექტემბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში”, „ათასწლეულის განვითარების მიზნების საქართველოს ეროვნული ანგარიშის“ პრეზენტაციაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „მიღწეული შედეგებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ არსებითად შემცირდა სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა და ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად განახევრებულია“.
ფაქტ-მეტრი ქვეყანაში არსებული სიღარიბის მაჩვენებლით დაინტერესდა და პრემიერ-მინისტრის განცხადება გადაამოწმა.
2000 წლის სექტემბერში გაეროს ათასწლეულის სამიტზე გენერალურმა ასამბლეამ ათასწლეულის დეკლარაცია მიიღო. აღნიშნული დეკლარაციის თანახმად, მსოფლიოს განვითარების ძირითადი გამოწვევების შესაბამისად, წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ 2015 წლამდე მიაღწევდნენ ათასწლეულის განვითარების მიზნებს:
- უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა;
- დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა მთელს მსოფლიოში;
- გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდა;
- ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება;
- დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება;
- აივ/შიდსთან, მალარიასა და სხვა დაავადებებთან ბრძოლა;
- ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა;
- მსოფლიო თანამშრომლობის ჩამოყალიბება განვითარებისთვის.