მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით ისაუბრა: “ჰააგიდან პირდაპირ მოთხოვნა არსებობს, რომ ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან აგვისტოს ომი იქნას გამოძიებული, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ჰააგა გამოიძიებს ამ ომის ყველა დეტალს და ყველა ნიუანსს.
ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ეს საკითხი იქნას გამოძიებული“.
ირაკლი ღარიბაშვილი ამ განცხადებით იუსტიციის მინისტრის 7 აგვისტოს განცხადებას გამოეხმაურა. თეა წულუკიანმა განაცხადა: “როგორც წინა ხელისუფლება, ასევე ჩვენი ხელისუფლებაც ობიექტურ სიძნელეებს აწყდება, რადგან არის ძალიან კომპლექსური, მრავალტომიანი, მრავალეპიზოდიანი და მრავალმნიშვნელოვანი საქმე. ამ გამოძიებას უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ, უფრო სწრაფად უნდა წავიდეს წინ, ქვეყნის პრობლემები ქვეყნის შიგნით უნდა გვარდებოდეს. არავინ არ ისურვებდა 2008 წლის აგვისტოს საქმე ჰააგის პროკურორმა გამოიძიოს. ეს საფრთხე რეალურია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულდებულებები ქვეყნის შიგნით შევასრულოთ, რომ შემდეგ ქვეყნის გარეთ არ მოგვთხოვოს ამაზე ვინმემ პასუხი“.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გივი თარგამაძემ: “...წულუკიანის განცხადებები და მითუმეტეს მოქმედებები, თუ ის ჰააგაში პროკურორებს ხვდება, არის, ალბათ, ღალატი ამ ქვეყნის...“
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ პრემიერისა და იუსტიციის მინისტრის განცხადებების და საკითხის კონტექსტი. ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომის გამოძიებაზე საუბრისას ასევე საუბრობს წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს საომარი მოქმედებები. 2014 წლის 24 მარტს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: “ვფიქრობ, 2008 წლის აგვისტოს ომის გარემოებების გამოძიება უნდა დაიწყოს. როგორ წარიმართა ომი, ვინ იყო პასუხისმგებელი და ვინ რა ბრძანებებს გასცემდა. შარშან „გავხსენით“ ეს თემა. ძალიან ბევრი დანაშაული, დარღვევა გამოიკვეთა და ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ რა შეცდომა დაუშვა“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად წარმოადგენს საქართველოს მოვალეობას აგვისტოს ომის გამოძიება და რას გულისხმობს აღნიშნული ვალდებულება.
ჰააგაში მდებარეობს როგორც საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლო, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. ამ სასამართლოთაგან პირველი სახელმწიფოთაშორის დავებს განიხილავს, ხოლო მეორე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალია, რომელიც 1998 წლის რომის სტატუტის საფუძველზე, როგორც მუდმივმოქმედი ორგანო ამოქმედდა. ეს უკანასკნელი უფლებამოსილია სისხლისსსამართლებრივი დევნა განახორციელოს იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც ამომწურავად არის ჩამოთვლილი რომის სტატუტის მე-5 მუხლში. ესენია: გენოციდი, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ომის დანაშაულები და აგრესია. საქართველო რომის სტატუტს 2003 წელს მიუერთდა და მის წევრ სახელმწიფოდ მიიჩნევა. რუსეთს კი აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებზე ვრცელდება, რომელიც სტატუტის წევრი სახელმწიფოა ან სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ იქნა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება ასევე წევრი სახელმწიფოს მოქალაქის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, მიუხედავად იმისა, თუ სად იქნა დანაშაული ჩადენილი. ამრიგად, წესდების თანახმად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს იურისდიქცია, განიხილოს საქართველოში ჩადენილი დანაშაულები ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგ. რომის სტატუტის მე-13 მუხლი განსაზღვრავს, თუ როდის შეუძლია აღნიშნულ სასამართლოს საკუთარი იურისდიქციის განხორციელება. პირველ რიგში, თავად წევრ სახელმწიფოს ან გაეროს უშიშროების საბჭოს შეუძლია მოახსენოს სასამართლოს პროკურორს იმ ვითარების შეასხებ, რომელშიც სავარაუდოდ დანაშაულია ჩადენილი. მეორე, თავად პროკურორს, საკუთარი ინიციატივით შეუძლია დაიწყოს გამოძიება იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც სასამართლოს იურიდიქციაში შემავალ სავარაუდო დანაშაულთა შესახებ არსებობს.
2008 წლის აგვისტოს ომის შემთხვევაში, სასამართლო თავად დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. 2008 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტის შემდეგ, ჰააგის პროკურორის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო-რუსეთის ომის დანაშაულებების წინასწარ მოკვლევას აწარმოებდა. როგორც იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა განაცხადა, ვიზიტის დროს ქართულმა მხარემ პროკურორის ოფისს ქართველთა ეთნიკური წმენდის შესახებ ინფორმაცია გადასცა. 2008 წლის 27 აგვისტოს პროკურორის ოფისმა საქართველოს და რუსეთის პროკურატურისგან გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა.
პროკურორის ოფისი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, გადაწყვეტილებას იღებს საქმესთან დაკავშირებით წინასწარი მოკვლევის ინიცირების შესახებ. პროკურორი, მოკვლევის ეტაპზე მისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს, დაიწყოს თუ არა კონკრეტული ფაქტის/ფაქტების ირგვლივ გამოძიება. გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი შემდეგ საკითხებს განიხილავს:
- არსებობს თუ არა საფუძვლიანი ეჭვი იმისთვის, რომ დანაშაული ჩადენილად ან ჩადენის პროცესში მყოფად ჩაითვალოს;
- არსებობს თუ არა საქმის დასაშვებობაზე უარის თქმის საფუძველი რომის სტატუტის მე-17 მუხლის მიხედვით. საქმე სისხლის სამართლის სასამართლოში დასაშვები არ არის, თუ:
- მას იძიებს იურისდიქციის მქონე სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წევრ სახელმწიფოს არ სურს ან არ შესწევს უნარი სათანადოდ წარმართოს გამოძიება ან განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა;
- საქმე გამოიძია იურისდიქციის მქონე სახელმწიფომ და გადაწყვიტა არ აღძრას სისხლისსამართლებრივი დევნა შესაბამისი პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ სახელმწიფოს არ სურს ან არ შესწევს უნარი გამოიძიოს დანაშაული ან განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა;
- პირი უკვე გასამართლებულია იმ ქმედებისთვის, რომელიც განაცხადის საგანს წარმაოდგენს;
- საქმე არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ სასამართლოს შემდგომი მქომედება მიზანშეწონილად ჩაითვალოს;
- პროკურორი ასევე მხედველობაში იღებს, ემსახურება თუ არა გამოძიება მართლმსაჯულების მიზნებს;
- ქართული მოსახლეობის იძულებით გადაადგილება - სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 30 000 ეთნიკური ქართველი აიძულეს დაეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი ადგილები. ისინი ძალადობისა და მუქარის გამოყენებით აძევებდნენ ქართველებს, ძარცვავდნენ და სისტემატურად წვავდნენ სახლებს. ზოგიერთ შემთხვევაში, ეთნიკური ქართველები მოკლეს კიდეც.
- თავდასხმა სამშვიდობოებზე - სავარაუდოდ, ქართულმა სამხედროებმა განახორციელეს რამდენიმე თავდასხმა გაერთიანებული სამშვიდობო ძალებისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ 2008 წლის 7 და 8 აგვისტოს. რუსული მხარის თანახმად, თავდასხმების დროს 10 სამშვიდობო დაიღუპა და 30 მძიმედ დაიჭრა.
- არაკანონიერი თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობასა და ობიექტებზე - ქართული და რუსული შეიარაღებული ძალების მიერ სავარაუდო განურჩეველი და არაპროპორციული შეტევები, რომელმაც სამოქალაქო მოსახლეობისა და ობიექტების დაზიანება გამოიწვია.
- ქონების განადგურება - საქართველოს მთავრობის მიერ ომამდე კონტროლირებად ქართულ სოფლებში და მიმდებარე ზონაში (ე.წ. ბუფერული ზონა) ეთნიკურად ქართული სოფლების სავარაუდო მასიური განადგურება გახსნილი ცეცხლისა და მუდმივი დაბომბვის შედეგად.
- მარადიორობა - საომარი ქმედებების დასრულების შემდეგ, ე.წ. ბუფერულ ზონაში სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი სავარაუდო მარადიორობის ფაქტები.
- წამება და არაადამიანური მოპყრობა - ქართველი ომის ტყვეების, ასევე ეთნიკური ქართველებისა და ოსების მიმართ სავარაუდო წამება და არაადამიანური მოპყრობა.