„ყოველწლიურად 80 ათასამდე ადამიანი გაედინება ქვეყნის ფარგლებს გარეთ შემოუსვლელად…“

მიმდინარე წლის 29 მაისს ტელეკომპანია TV3-ისეთერში, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. გადაცემაში „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა: „ყოველწლირად 80 ათასამდე ადამიანი გაედინება ქვეყნის ფარგლებს გარეთ შემოუსვლელად…“

ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება გადაამოწმა. ფაქტ-მეტრმა შესაბამისი ოფიციალური მონაცემები გამოითხოვა და შეეცადა გაერკვია, არის თუ არა ემიგრანტების რაოდენობა იმიგრანტების რაოდენობაზე ყოველწლიურად 80 ათასით მეტი.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებისა და იმიგრანტების რაოდენობას შორის) 2000 წლიდან დღემდე უმეტეს შემთხვევებში უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან უფრო მეტი ადამიანი გადიოდა, ვიდრე შემოდიოდა. თუმცა, 2004-2005 და 2009-2011 წლების მონაცემებით მიგრაციის სალდოს დადებითი მაჩვენებელი ფიქსირდება. 2013 წლის მაჩვენებელმა -2.6 ათასი ადამიანი შეადგინა, თუმცა ეს რიცხვი დაახლოებით 19 ათასი ერთეულით ნაკლებია 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი -21.5 ათასი  იყო. უკანასკნელი 14 წლის ოფიციალური მონაცემების თანახმად, მიგრაციული სალდო უმეტესად უარყოფითი იყო, თუმცა, ეს მაჩვენებელი არასდროს ყოფილა -35.2 ათასზე ნაკლები. ანუ, უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში ემიგრანტების რაოდენობა არასდროს ყოფილა იმიგრანტების რაოდენობასთან შედარებით 35.2 ათას ადამიანზე უფრო მეტი (ერთი წლის განმავლობაში).

 

ფაქტ-მეტრმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ საქართველოს მოქალაქეთა სტატისტიკური მონაცემებიც გამოითხოვა. აღნიშნულ სტატისტიკას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია აწარმოებს. მიღებულ ინფორმაციაში  2003 წლიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოდან გასვლის და შემოსვლის ზუსტ რაოდენობაა მოცემული (იხილეთ ცხრილი). უკანასკნელი 11 წლიდან, 7 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს ტერიტორია უფრო მეტჯერ დატოვეს, ვიდრე პირიქით. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფოდან გასვლას და შემოსვლას შორის სხვაობა 2003 წლიდან მოყოლებული არასდროს ყოფილა 32 212-ზე მაღალი. ეს მაჩვენებელი 2003 წელს დაფიქსირდა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიიდან 32 212-ით უფრო მეტჯერ გავიდნენ, ვიდრე შემოვიდნენ.

 

 

 

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეების სტატისტიკური მონაცემები 

 

 

წელი

შემოსვლა

გასვლა

სალდო

 

 

2003

324,823

357,035

-32,212

 

 

2004

544,753

539,279

5,474

 

 

2005

909,424

833,113

76,311

 

 

2006

1,161,989

1,174,119

-12,130

 

 

2007

1,441,642

1,473,437

-31,795

 

 

2008

1,841,693

1,862,420

-20,727

 

 

2009

1,984,210

1,979,635

4,575

 

 

2010

2,089,286

2,089,940

-654

 

 

2011

2,233,589

2,238,527

-4,938

 

 

2012

2,739,231

2,733,697

5,534

 

 

2013

3,207,376

3,219,628

-12,258

 

 

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ასევე მოგვაწოდა ოფიციალური მონაცემები 2012 და 2013 წლებში ემიგრანტების და იმიგრანტების რაოდენობის შესახებ.  აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, 2012 წელს ემიგრანტების რაოდენობა 90 584 ადამიანს, ხოლო 2013 წელს 95 064 ადამიანს შეადგენდა. ორივე შემთხვევაში ემიგრანტების რაოდენობა 80 000 ადამიანზე მეტია, თუმცა ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ  2012 წელს იმიგრანტების რაოდენობამ 69 063, ხოლო 2013 წელს 92 458 ადამიანი შეადგინა. შესაბამისად, 2012 წელს ემიგრანტების რაოდენობა იმიგრანტებთან შედარებით 21 521 ადამიანით უფრო მეტი იყო, ხოლო 2013 წელს კი - 2 606 ადამიანით.

 

 

 

დასკვნა

 

ფაქტ-მეტრი საკითხის კვლევისას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციას დაეყრდნო. საქსტატის მონაცემების თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი რამდენიმე შემთხვევაში დადებითიც კი იყო. უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში 2000 წელს მაქსიმალურად უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რომელმაც დაახლოებით 35 ათასი ადამიანი შეადგინა.

 

ჩვენ ასევე შევისწავლეთ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ შსს-ს სტატისტიკაც. თუნდაც მხოლოდ იმ წლების მონაცემების დაანგარიშებით, როდესაც ქვეყნიდან გასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა შემოსულების რაოდენობას აღემატებოდა, მივიღებთ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საშუალოდ დაახლოებით 16 000 ადამიანით უფრო მეტი ტოვებდა ქვეყანას, ვიდრე ბრუნდებოდა. ეს რიცხვი კი 5-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ დასახელებული 80 000 ადამიანი. ჩვენ ვასკვნით, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება: „ყოველწლირად 80 ათასამდე ადამიანი გაედინება, ქვეყნის ფარგლებს გარეთ შემოუსვლელად...“, არის მცდარი.