2014 წლის 2 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას, უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ, განაცხადა: „საზოგადოებრივი წესრიგი და ზნეობა არის ის გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გადაწონოს დისკრიმინაციის ფაქტი შეფასებისას, რომ ქმედება ჩაითვალოს გამართლებულად ზნეობის ან საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან. ევროსასამართლოს რამდენიმე პრეცედენტული გადაწყვეტილებებია, მაგალითად „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, სადაც ევროსასამართლომ თქვა, რომ სახელმწიფოს აქვს შეხედულებების ფართო თავისუფლება, რომ შეაფასოს რამდენად აუცილებელია ესა თუ ის ქმედება მორალური სტანდარტების დასაცავად. ეს განმარტება სწორად აისახა მეორე მუხლის ფორმულირებაში“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.
2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ მესამე მოსმენით მიიღო. კანონი ეყრდნობა და კიდევ უფრო განავრცობს დისკრიმინაციის აკრძალვის კონსტიტუციურ დებულებას (მუხ. 14). მასში გაწერილია დისკრიმინაციის სამართლებრივი დეფინიცია, რომლის მიხედვითაც, დისკრიმინაციის ყოველი კონკრეტული შემთხვევის გამოვლენა იქნება შესაძლებელი. კანონი მიზნად ისახავს უკვე დაცული უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფას და დისკრიმინაციის აღმოფხვრას ნებისმიერი ნიშნის მიხედვით, მათ შორის, როგორებიცაა: ასაკი, რასა, კანის ფერი, ენა, სქესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობები, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა და ა.შ (მუხ. 1). კანონი პირდაპირ კრძალავს დისკრიმინაციას როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში.
გარდა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიღებისა, გარკვეული ცვლილებები სხვა ნორმატიულ აქტებშიც შევიდა, კერძოდ:
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი - ცვლილებები შეეხო სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვას, სასამართლო განხილვის ვადას, გასაჩივრების წესსა და სხვა პროცედურებს (3631-3636მუხლები). რაც შეეხება პასუხისმგებლობის მექანიზმს, განმცხადებელს შეუძლია დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა ან მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი - განისაზღვრა პასუხისმგებლობის მექანიზმები (142-1422 მუხლები):
- ფიზიკური პირი - ჯარიმა, გამოსასწორებელი სამუშაო, თავისუფლების აღკვეთა;
- იურიდიული პირი - ჯარიმა, ლიკვიდაცია, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;
- საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ - შესაბამისობაში მოვიდა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ტერმინებთან;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“- კანონის შესაბამისად, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობის განმახორციელებლად საქართველოს სახალხო დამცველი განისაზღვრა. ეს აპარატი, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე განცხადების ან საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლის დისკრიმინაციის ფაქტებს, ამზადებს მოსაზრებებს და სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს.