2014 წლის 1 მაისიდან საქართველოში სტომატოლოგიური კაბინეტებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. მიმდინარე წლის 12 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ახალი რეგულაციების შემოღების მიზეზი განმარტა: „სტომატოლოგიური მომსახურების მხრივ საქართველოში სტიქიური სიტუაცია იყო. სტომატოლოგიური კაბინეტის გახსნის მსურველს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, რომ ელემენტარულად ეცნობებია ჯანდაცვის სამინისტროსთვის ამ აქტივობის შესახებ. ამის გამო, არ ვიცით საერთოდ რამდენი კაბინეტია საქართველოში, რა პირობებში ახორციელებენ ამ სერვისებს და რამდენად უსაფრთხოა პაციენტისთვის“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა მინისტრის განცხადებით და გადაამოწმა, თუ რა ვალდებულებები ჰქონდა სტომატოლოგიურ კაბინეტებს ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე.
ჩვენ გავეცანით საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის N359 დადგენილებას, რომელიც მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის რეგულირების რეგლამენტს წარმოადგენს. ამ დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იყო აღნიშნული საქმიანობის დაწყებისა და დასრულების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის" ეცნობებინა. ამავე დადგენილების მე-11 მუხლის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება სტომატოლოგიურ საქმიანობაზე არ ვრცელდებოდა. თუმცა, სტომატოლოგიურ კაბინეტებს სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული კონკრეტული პუნქტების შესრულების ვალდებულება მაინც გააჩნდათ. მათ შორის იყო:
- ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოება;
- კაბინეტის ისეთი სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტება, რომელთა სერთიფიკატი და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.