„მშპ-ის ერთ მოსახლეზე გადაანგარიშებით არის ზრდა, იგი არ შეწყვეტილა… რატომ არ ვაქცევთ ამ ფაქტს ყურადღებას?“

2013 წლის 21 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, წლიური მოხსენების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტს სტუმრობდა. სხდომამ საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის დებატების ფონზე ჩაიარა. სიტყვით გამოსვლისას, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ მდივანმა, ზურაბ ტყემალაძემ, ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე გაამახვილა. მისი თქმით: „მშპ-ის ერთ მოსახლეზე გადაანგარიშებით არის ზრდა... ზრდა არ შეწყვეტილა“. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს გარკვეული შეფერხება ფიქსირდებოდა, საბოლოო ჯამში დაიძლია და უფრო მეტიც, 2013 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ეკონომიკური ზრდის ტემპი გაიზარდა. ზურაბ ტყემალაძის შეფასებით, გადაჭარბებული აღმოჩნდა პროგნოზები, თითქოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 1-2 %-ზე მეტი არ იქნებოდა. საბოლოო ჯამში, მაჩვენებელმა 3.5 %-ს მიაღწია. სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი კი მიმდინარე წელს 5 %-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ.

 

ფაქტ-მეტრი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დინამიკით  დაინტერესდა და ზურაბ ტყემალაძის განცხადება გადაამოწმა.

 

„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, საქართველოში, მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე რეალური ზრდის ტემპი, 2004-2013 წლებში, შემდეგნაირად გამოიყურება:

 

hhuh

როგორც ცხრილიდან ჩანს, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდა, 2009 წლის გარდა, ყოველწლიურად ფიქსირდება.

 

შენიშვნა: იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2013 წლის საბოლოო მონაცემები ჯერ-ჯერობით არ გამოუქვეყნებია, ფაქტ-მეტრმა 2013 წლის სავარაუდო მაჩვენებელი თავად გამოთვალა. კერძოდ, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული 2013 წლის ეკონომიკის რეალური ზრდის წინასწარი შეფასების, 3.1%-ის გამოყენებით, ჩვენ რეალური მშპ-ის სავარაუდო დონე დავიანგარიშეთ და შემდეგ ის საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე გავყავით, რომელიც 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 4,483 800 ადამიანს შეადგენდა. ამ გამოთვლების შედეგად, ჩვენ ერთ სულ მოსახლეზე 2013 წლის რეალური მშპ მივიღეთ.

 

 

 

დასკვნა

 

როგორც კვლევამ აჩვენა, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი, გარდა 2009 წლისა, ყოველწლიურად ფიქსირდებოდა. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა დაფიქსირდა 2013 წელსაც, თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თავად ზრდის ტემპმა დაიკლო. ფაქტ-მეტრის გამოთვლით, 2013 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი (3.5 %) საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების (2008 და 2009, ანუ ომის და ომის შემდგომი წლების გარდა) ანალოგიურ მონაცემებს.

 

შესაბამისად, დეპუტატი მართალია, როდესაც ის 2013 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე საუბრობს, თუმცა, არაფერს ამბობს იმაზე, რომ ეს მაჩვენებელი წინა წლების მაჩვენებლებს ჩამორჩება. ტყემალაძე თავად მოითხოვს პოლიტიკური ოპონენტებისგან ყურადღებას მიქცევას მშპ-ის ზრდის ფაქტზე, თუმცა, თავადვე არ აქცევს ყურადღებას იმას, რომ მშპ-ს ზრდა ჩვენს ქვეყანაში, ომის შემდგომი წლის გარდა, ყოველ წელს ფიქსირდებოდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად ზრდის ფაქტი, არამედ ამ ზრდის ტემპი, რომელიც 2013 წელს საგრძნობლად შემცირებულია წინა წლებთან შედარებით.

 

ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ზურაბ ტყემალაძის განცხადება: „მშპ–ს ერთ მოსახლეზე გადაანგარიშებით არის ზრდა, იგი არ შეწყვეტილა... რატომ არ ვაქცევთ ამ ფაქტს ყურადღებას? “, არის ნახევრად სიმართლე.