2014 წლის 5 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა, საქართველოს ეკონომიკაზე საუბრის დროს, განაცხადა: „შარშან ეკონომიკის ზრდა 3%-ზე მეტი იყო. ბოლო თვეებში ის ბევრად მაღალ მაჩვენებელზე გადავიდა: ოქტომბერში ის 4%-მდე იყო, ნოემბრის მაჩვენებელი 8%-მდე და დეკემბრის - 8%-ზე მეტი იყო. ასევე, როდესაც თქვენ [ნაციონალური მოძრაობა] 5 ლარით ზრდიდით პენსიებს ბოლო წლებში, ინფლაცია დაახლოებით 10-12% იყო და ის გაზრდილი პენსიების შემოსავალი მთლიანად „იჭმებოდა“. რაც შეეხება პენსიას ახლა, რომელიც 25 ლარით გაიზარდა, ინფლაციის მაჩვენებელი იანვრისთვის დაახლოებით 2.9 % იყო“.
ფაქტ-მეტრი ბოლო პერიოდის ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის და პენსიების მაჩვენებლებით დაინტერესდა და დავით ონოფრიშვილის განცხადება გადაამოწმა.
გრაფიკი 1: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები პროცენტებში
როგორც „საქსტატის“ ამ
მონაცემებიდან ვხედავთ, ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლი 4.3% იყო, ნოემბერში - 8.0%, დეკემბერში კი (წინასწარი შეფასებით) - 8.4%. 2013 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 6.9% იყო, ხოლო 2013 წლის კი (წინასწარი შეფასებით), საშუალოდ - 3.1%. ეს მონაცემები დავით ონოფრიშვილის მიერ დასახელებულ რიცხვებთან თანხვედრაშია.
ცხრილი 1: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები
ზემოთ აღნიშნულ მონაცემებთან ერთად, ჩვენ გასული წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც განვიხილეთ. როგორც ცხრილი 1-დან ვხედავთ, 2004-იდან 2008 წლამდე მშპ-ს ზრდის ტემპი (საშუალო წლიური) მეტწილად ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. 2008 წლიდან ზრდის ტემპმა იკლო და 2009 წელს უარყოფითი გახდა (საქართველო-რუსეთს შორის ომის პერიოდი და მისი მომდევნო წელი). 2010 წლიდან მშპ-ის ზრდის ტემპი კვლავ ზრდას იწყებს, თუმცა, 2012 წლიდან ის ისევ კლებულობს და ეს ტენდენცია 2013 წელსაც ნარჩუნდება. 2013 წელს მშპ-ს საშუალო წლიური ზრდის (3.1%) მაჩვენებელი გასულ წლებთან შედარებით ყველაზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს (თუ 2008 და 2009 წელს არ ჩავთვლით).
რაც შეეხება მეოთხე კვარტლის მშპ-ს საშუალო ზრდის ტემპს, 2004 წლიდან 2008 წლამდე ის ასევე ზრდის ტენდენციით ხასიათდება. მეოთხე კვარტლის მშპ-ს საშუალო ზრდის მაჩვენებელი, საშუალო წლიური მაჩვენებლისგან განსხვავებით, უარყოფითი მხოლოდ 2008 წელს დაფიქსირდა (ომი მესამე კვარტალში იყო, რაც ეკონომიკურად მეოთხე კვარტალში აისახა). აქვე აღსანიშნავია, რომ 2009 წლის მეოთხე კვარტალში მშპ-ს ნულოვანი ზრდა დაფიქსირდა. 2010 წლიდან მშპ-ს ზრდის ტემპი კვლავ ზრდას იწყებს, თუმცა, 2012 წელს ის ისევ კლებულობს (საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდგომი პერიოდი). 2013 წლის პირველ კვარტალში მშპ-ს რეალურმა ზრდამ 2.4%, მეორე კვარტალში - 1.5% და მესამე კვარტალში კი - 1.4% შეადგინა. მეოთხე კვარტლის მონაცემი - 6.9%, როგორც 2013 წლის პირველ, მეორე და მესამე კვარტალთან, ასევე 2012 წლის მეოთხე კვარტალთან (3%) შედარებით ეკონომიკის გაუმჯობესებაზე მიუთითებს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი გასული წლების მეოთხე კვარტლის მონაცემებთან შედარებით არც თუ ისე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.
არსებობს მოსაზრება, რომ ყოველი მომდევნო წლის საშუალო წლიური მშპ-ს ზრდა, წინა წლის მეოთხე კვარტლის საშუალო მშპ-ს ზრდაზე არანაკლებია ხოლმე. ცხრილი 1-ში არსებული მონაცემები, მეტწილად ამ მოსაზრებას ამყარებს. გამონაკლისი მხოლოდ 2008, 2009 (საქართველო-რუსეთს შორის ომის პერიოდი და მისი მომდევნო წელი) და 2012 წელია (საპარლამენტო არჩევნების პერიოდი). შესაბამისად, ამ სტატისტიკაზე და მოსაზრებაზე დაყრდნობით, 2014 წელს საშუალო წლიურ მშპ-ს არანაკლებ 7% ზრდას უნდა ველოდეთ (თუ რაიმე განსაკუთრებული ეკონომიკის შემაფერხებელი ფაქტი არ მოხდა).
გრაფიკი 2: პენსიების (ასაკით პენსიონერთათვის) ცვლილების დინამიკა
გრაფიკი 2-ზე არსებული
მონაცემებიდან ჩანს, რომ 2005 წელს 2004 წელთან შედარებით პენსია 14 ლარით გაიზარდა, 2006 და 2007 წლებში - 5 ლარით, 2008 წელს - 32 ლარით, 2009 და 2010 წლებში ასევე - 5 ლარით, 2011 წელს - 20 ლარით, 2012 და 2013 წლებში კი - 25 ლარით (ცისფერი სვეტი 67 წლის და მეტი ასაკის მქონე მოქალაქის პენსიას გვიჩვენებს და მწვანე სვეტი 67 წელზე ნაკლებისას. პენსიებს შორის ეს განსხვავება 2012 წლის სექტემბრიდან დაიწყო და 2013 წლის აპრილიდან ეს განსხვავება აღარ არსებობს). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლისთვის 150 ლარამდე პენსიის ზრდა წინა ხელისუფლების მიერაც იყო დაგეგმილი, რაც მათ მიერ შემუშავებული და წარდგენილი ბიუჯეტის
პროექტითაც დასტურდება.
ზემოთ მოყვანილი სტატისტიკიდან გამომდინარე, 8 წლის განმავლობაში პენსია საშუალოდ 14 ლარით გაიზარდა. აქედან მხოლოდ ოთხ: 2006, 2007, 2009 და 2010 წლებში პენსიის ზრდამ 5 ლარი შეადგინა, ხოლო დანარჩენ წლებში კი ის უფრო დიდი ოდენობით იზრდებოდა. ყველაზე მეტად, პენსია (25 ლარით) 2012 და 2013 წლებში გაიზარდა. აქედან გამომდინარე, დავით ონოფრიშვილის განცხადება, რომ ბოლო წლებში პენსია მხოლოდ 5 ლარით იზრდებოდა, ბოლომდე ზუსტი არ არის.
გრაფიკი 3: სამომხმარებლო ფასების ინდექსი-CPI (ინფლაცია)
გრაფიკი 3-დან ჩანს, რომ ინფლაცია 10-12%-ის ფარგლებში მხოლოდ 2007 (11%) და 2010 (11%) წლებში იყო. უხეში გამოთვლით, ინფლაცია 2004-2012 წლებში, საშუალოდ 6% იყო. შესაბამისად, დავით ონოფრიშვილის განცხადება, რომ ბოლო წლებში ინფლაცია 10-12 % იყო, არ არის ზუსტი.
2004 წელს, როცა პენსია 14 ლარი, ხოლო ინფლაცია 7.5% დაფიქსირდა, ინფლაციის გამო პენსიონერმა 1.05 ლარი (14*0.075=1.05) დაკარგა. შემდეგი წლების მიხედვით კი, ეს სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
წელი |
პენსია |
ინფლაცია |
პენსიონერის დანაკარგი/ნამატი |
2005 |
28 ლარი |
6.2% |
-1.74 ლარი |
2006 |
33 ლარი |
8.8% |
-2.90 ლარი |
2007 |
38 ლარი |
11% |
-4.18 ლარი |
2008 |
70 ლარი |
5.5% |
-3.85 ლარი |
2009 |
75 ლარი |
3% |
-2.25 ლარი |
2010 |
80 ლარი |
11.2% |
-8.96 ლარი |
2011 |
100 ლარი |
2% |
-2 ლარი |
2012 |
125 ლარი |
1.4% |
+1.75 ლარი |
2013 |
150 ლარი |
2.4% |
-3.6 ლარი |
დასკვნა
დავით ონოფრიშვილის განცხადების გადამოწმებისას გაირკვა, რომ ოქტომბერში მშპ-ს ზრდამ 4.3% შეადგინა; ნოემბერში - 8%, დეკემბერში (წინასწარი შეფასებით) - 8.4%. მეოთხე კვარტლის საშუალო მაჩვენებლით მშპ-ს ზრდამ 6.9% შეადგინა, ხოლო 2013 წლის წინასწარი შეფასებით, საშუალო წლიურმა მშპ-ს ზრდამ - 3.1%. 2013 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემი - 6.9%, როგორც 2013 წლის პირველ, მეორე და მესამე კვარტალთან, ასევე 2012 წლის მეოთხე კვარტალთან (3%) შედარებით მეტია და ეკონომიკის გაუმჯობესებაზე მიუთითებს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მეოთხე კვარტალში დაფიქსირებული 6.9%-იანი ზრდა, გასული წლების მეოთხე კვარტლის მონაცემებთან შედარებით, არც თუ ისე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.
ჩვენ დავით ონოფრიშვილის განცხადების მეორე ნაწილიც გავაანალიზეთ, სადაც ის ინფლაციაზე საუბრობდა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2004-2012 წლების განმავლობაში, პენსია 5 ლარით მხოლოდ 2006, 2007, 2009 და 2010 წლებში გაიზარდა. დანარჩენ 4 წელში კი პენსია უფრო დიდი ოდენობით იზრდებოდა. ყველაზე მეტად პენსია 2012 და 2013 წლებში, 25 ლარით გაიზარდა.
ინფლაცია 2004-2012 წლების განმავლობაში, 10-12% ფარგლებში მხოლოდ 2007 (11%) და 2010 (11.2%) წლებში დაფიქსირდა. ხოლო შემთხვევა, როცა პენსიონერმა ინფლაციის გამო პენსიის ნაზარდი 5 ლარი მთლიანად და დამატებით კიდევ 3.96 ლარი დაკარგა, მხოლოდ 2010 წელს დაფიქსირდა. რაც შეეხება 2014 წლის იანვრის თვის ინფლაციას, მან 2.9% შეადგინა.
სტატიაში მოყვანილ ფაქტებზე დაყრდნობით ჩვენ ვასკვნით, რომ დავით ონოფრიშვილის განცხადება: „შარშან ეკონომიკის ზრდა 3%-ზე მეტი იყო. ბოლო თვეებში ის ბევრად მაღალ მაჩვენებელზე გადავიდა: ოქტომბერში ის 4%-მდე იყო, ნოემბრის მაჩვენებელი 8%-მდე და დეკემბრის - 8%-ზე მეტი იყო. ასევე, როდესაც თქვენ [ნაციონალური მოძრაობა] 5 ლარით ზრდიდით პენსიებს ბოლო წლებში, ინფლაცია დაახლოებით 10-12% იყო და ის გაზრდილი პენსიების შემოსავალი მთლიანად „იჭმებოდა“. რაც შეეხება პენსიას ახლა, რომელიც 25 ლარით გაიზარდა, ინფლაციის მაჩვენებელი იანვრისთვის დაახლოებით 2.9 % იყო“, არის
ნახევრად სიმართლე.