„2013 წელს წინა წლებისგან განსხვავებით, ეკონომიკაში წარმართველი როლი კერძო სექტორს ეკავა. სოფლის მეურნეობაში რეალური ზრდის მაჩვენებელი 9%-ს შეადგენს. საფინანსო საქმიანობა 7,6%-ით გაიზარდა, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა 6,3%-ით, დამამუშავებელი მრეწველობ
მიმდინარე წლის 16 იანვარს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს შეხვდა. პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის გაჯანსაღებაზე ისაუბრა, მისი თქმით: „2013 წელს წინა წლებისგან განსხვავებით, ეკონომიკაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს ეკავა. სოფლის მეურნეობაში რეალური ზრდის მაჩვენებელი 9%-ს შეადგენს. საფინანსო საქმიანობა 7,6%-ით გაიზარდა, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა - 6,3%-ით. დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა - 4,5%-ით“. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა პრემიერის განცხადებით და მისი სიზუსტე გადაამოწმა. ეკონომიკა ძირითადად კერძო სექტორს ეყრდნობა და შესაბამისად, წარმმართველი როლიც კერძო სექტორს უკავია. რა თქმა უნდა, 2013 წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, კერძო სექტორს წარმმართველი როლი ეკავა. ჩვენ ლოგიკურად ვივარაუდეთ, რომ პრემიერ-მინისტრი მთლიანი კაპიტალის ფორმირებაში [ქვეყნის შიგნით განხორციელებული მთლიანი ინვესტიცია] სახელმწიფოს მონაწილეობის შემცირებაზე მიუთითებდა. ჩვენ გადავამოწმეთ, 2013 წელს ეკონომიკაში წარმმართველი როლი სახელმწიფო ინვესტიციებს ეკავა თუ კერძოს. ამის გასარკვევად, ჩვენ ავიღეთ შემდეგი სტატისტიკური მონაცემები: არაფინანსური აქტივების შეძენა და ძირითადი კაპიტალის მთლიანი ფორმირება. 2013 წლის ნაერთ ბიუჯეტში არაფინანსური აქტივების შეძენამ (რაც წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ქვეყანაში განხორციელებულ ინვესტიციებს) 9 თვის (იანვარი-სექტემებრი) მონაცემებით  544.5 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი ძირითადი კაპიტალის მთლიანმა ფორმირებამ 2013 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, 4 მილიარდ 193 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, 2013 წელს (სამი კვარტლის მონაცემებით) სახელმწიფოს ინვესტიციამ მთლიან ინვესტიციაში დაახლოებით 13% შეადგინა. 2012 წელს არაფინანსური აქტივების შეძენამ 1 მილიარდ 498 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო  ძირითადი კაპიტალის მთლიანმა ფორმირებამ  6 მილიარდ 496 მლნ ლარი. რაც იმას ნიშნავს, რომ 2012 წელს სახელმწიფო ინვესტიციის ოდენობამ მთლიან ინვესტიციაში დაახლოებით 23% შეადგინა. 2011 წელს არაფინანსური აქტივების შეძენამ 1 მილიარდ 675 მლნ ლარი, ხოლო ძირითადი კაპიტალის მთლიანმა ფორმირებამ  5 მილიარდ 474 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისდ, სახელმწიფოს ინვესტიციამ მთლიან ინვესტიციაში დაახლოებით 30% შეადგინა. 2010 წელს სახელმწიფო ინვესტიციამ მთლიანი ინვესტიიციის 38%, ხოლო 2009 წელს კი - 45% შეადგინა. როგორც ვხედავთ, 2013 წელს მთლიან ინვესტიციებში სახელმწიფო ინვესტიციების წილი შემცირდა და შესაბამისად, გაიზარდა კერძო ინვესტიციები. gar აღსანიშნავია, რომ კერძო ინვესტიციების მოცულობა წინა წლებშიც მნიშვნელოვნად აღამატებოდა სახელმწიფო ინვესტიციებს. ამასთან, 2009-2012 წლის სტატისტიკის მიხედვით, სახელმწიფო ინვესტიციების წილი მთლიან ინვესტიციებში მცირდება (როგორც პროცენტულად, ასევე თანხობრივად). ეს პროცესი კი 2013 წელსაც გაგრძელდა. პრემიერ-მინისტრი ასევე, საუბრობს 2013 წელს სხვადასხვა სექტორში რეალური ზრდის მაჩვენებლებზე. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ოთხივე კვარტლის მონაცემები ჯერ-ჯერობით არ არის გამოქვეყნებული. შესაბამისად, პრემიერის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები 2013 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით გადავამოწმეთ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2013 წლის პირველი 3 კვარტლის [წინასწარი] მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში რეალური ზრდის მაჩვენებელი 9% იყო. აღნიშნულმა მაჩვენებელმა საფინანსო საქმიანობაში 7,6% შეადგინა. ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურეობის გაწევის რეალური ზრდის მაჩვენებელი  6,2%-ია. დამამუშავებელი მრეწველობის რეალური ზრდის მაჩვენებელმა 4,1 % შეადგინა. ხოლო ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის რეალურმა ზრდამ 4,7% შეადგინა. შესაბამისად, 2013 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემები ემთხვევა პრემიერ-მინისტრის განცხადებაში მოყვანილი ციფრებს. gar1 დასკვნა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადების პირველ ნაწილში ამბობს, რომ „2013 წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, ეკონომიკაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს ეკავა“. წინადადების ამგვარი ფორმულირება არ არის სწორი, რადგანაც ეკონომიკა ძირითადად კერძო სექტორს ეყრდნობა, შესაბამისად ბუნებრივია, რომ წარმმართველი როლი მასში კერძო სექტორს უჭირავს. ლოგიკურად ვივარაუდეთ, რომ პრემიერ-მინისტრი მთლიანი კაპიტალის ფორმირებაში [ქვეყნის შიგნით განხორციელებული მთლიანი ინვესტიცია] სახელმწიფოს მონაწილეობის შემცირებაზე მიუთითებდა.  ჩვენ ეს ფაქტიც გადავამოწმეთ. 2013 წელს წინა წელთან შედარებით, მთლიან ინვესტიციებში სახელმწიფო ინვესტიციების პროცენტული და თანხობრივი მაჩვენებელი შემცირდა. თუმცა, ბოლო წლების მონაცემებით, სახელმწიფო ინვესტიციების კლების ტენდენცია ყოველწლიურად ფიქსირდებოდა და ეს პროცესი 2013 წელსაც გაგრძელდა. ზოგადად კი ეკონომიკის განვითარებაში წარმმართველი როლი ყოველთვის კერძო ინვესტიციებს ეკავა. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის განცხადების ზემოთაღნიშნული ნაწილი არ არის მართებული. რაც შეეხება პრემიერის განცხადების მეორე ნაწილს, მართლაც, 2013 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, რეალური ზრდის მაჩვენებელმა სოფლის მეურნეობაში 9%, საფინანსო საქმიანობაში - 7,6%, ოპერაციებში უძრავი ქონებით, იჯარაში და მომხმარებლისათვის მომსახურეობის გაწევაში - 6,2%, დამამუშავებელი მრეწველობაში - 4,1 %, ხოლო ვაჭრობა - 4,7% შეადგინა. ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება „2013 წელს წინა წლებისგან განსხვავებით ეკონომიკაში წარმართველი როლი კერძო სექტორს ეკავა. სოფლის მეურნეობაში რეალური ზრდის მაჩვენებელი 9%-ს შეადგენს. საფინანსო საქმიანობა 7,6%-ით გაიზარდა, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა 6,3%-ით, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა 4,5%-ით“, არის ნახევრად სიმართლე.