2014 წლის 5 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო. აღნიშნულმა პროექტმა პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.
თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მთავარი სადაო საკითხი მერების (გამგებლების) გადარჩევის წესის შემოღება გახდა. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებით, მერების (გამგებლების) პირდაპირი არჩევის წესის შემოღება მნიშვნელოვანია, თუმცა, შემოთავაზებული ნორმა არჩევითი მერების (გამგებლების) ინსტიტუტის მნიშვნელობასაც ასუსტებს. კერძოდ, საუბარია კოდექსის პროექტის 48-ე მუხლზე, რომელიც პირდაპირი წესით არჩეული მერისთვის (გამგებლისთვის) უნდობლობის გამოცხადების პროცედურას ითვალისწინებს. არასამთავრობო ორგანიზაციები განმარტავენ, რომ აღნიშნული წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპს ეწინააღმდეგება და შეიძლება პოლიტიკური მოტივით იქნას გამოყენებული. კერძოდ, საკრებულომ შეიძლება უნდობლობის პროცესის ინიცირება იმ შემთხვევაში მოახდინოს, თუ საკრებულოს უმრავლესობასა და მერს (გამგებელს) შორის პარტიული ან სხვა სახის დაპირისპირება არსებობს.
2014 წლის 23 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა: „[გამგებლის, მერის] გადარჩევის ფენომენი - ასეთი მექანიზმი დემოკრატიულ სისტემებში არსებობს. ეს მექანიზმი უნდა არსებობდეს თუ არა ქართულ კანონმდებლობაში, ეს სხვა თემაა“.
ფაქტ-მეტრმა პრეზიდენტის ეს განცხადება გადაამოწმა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ჯერ კიდევ მოქმედი ორგანული კანონის (2013 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით) 39-ე მუხლი, გამგებლის (მერის) თანამდებობაზე დანიშვნის წესს და უფლებამოსილებებს განსაზღვრავს. ამავე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის მიხედვით, გამგებელს (მერს) საკრებულოს თანხმობით საკრებულოს თავმჯდომარე ნიშნავს. ასევე, საკრებულოს თავმჯდომარე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საქმის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში, უფლებამოსილია საკრებულოს თანხმობით თანამდებობიდან გაათავისუფლოს გამგებელი (მერი). აქვე აღსანიშნავია, რომ აქ არ არის საუბარი პირდაპირი წესით არჩეულ მერზე, რადგან ამ პრინციპით მხოლოდ თბილისის მერს ირჩევენ, რომლის უფლებამოსილება „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ კანონით რეგულირდება.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ახალი რედაქციის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, გამგებელი (მერი) თანამდებობაზე პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო ხმის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით აირჩევა (მუხლი 47 ნაწილი 1). ამავე ორგანული კანონის მუხლი 48 გამგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობის გამოცხადებას განსაზღვრავს. კერძოდ:
- გამგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიცირების საფუძველია საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ან მუნიციპალიტეტის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 20%-ის წერილობითი შუამდგომლობა გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე (ნაწილი 1).
- შუამდგომლობა განიხილება მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში. გამგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება, თუ შუამდგომლობას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ორი მესამედი. უნდობლობის გამოცხადება იწვევს გამგებლის (მერის) უფლებამოსილების შეწყვეტას.
- საკრებულოს მიერ გამგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, უნდობლობის საკითხის დასმა მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია.
- უნდობლობის საკითხის ინიცირება და გამგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობის გამოცხადება, დაუშვებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევიდან 6 თვის, ასევე გამგებლის (მერის) უფლებამოსილების ვადის ბოლო ერთი წლის განმავლობაში.