2013 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ფოთის თვითმმმართველობის მიერ ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახთ გამოყოფილი 12 მილიონი ლარის სრულად აუთვისებლობაზე ისაუბრა. სხდომაზე სიტყვით ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელიაც გამოვიდა და ფოთის 2013 წლის ტრანსფერზე ისაუბრა. მან განაცხადა: „2013 წელს ჩვენ გამოგვეყო 12 მილიონი ლარი ტრანსფერის სახით და მოცემულობა ისეთია, რომ თანხის ნახევარიც კი ამ დროისთვის ათვისებული არ არის და ეს არის თვითმართველობის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, ძალინ უპასუხისმგებლო მოქმედება“.
ფაქტ-მეტრი განცხადებაში მოყვანილი ფაქტით დაინტერესდა და მის გადამოწმებას შეეცადა.
სანამ უშუალოდ საკვლევ საკითხზე გადავიდოდეთ განვმარტავთ, თუ რა არის თვითმმართველი ერთეულები და როგორ ფორმირდება თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, თვითმმართველი ერთეულია დასახლება (თვითმმართველი ქალაქი) და დასახლებათა ერთობლიობა (მუნიციპალიტეტები), რომელთაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები ჰყავთ. თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი - გამგეობა ან მერია. თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი ქონება, შემოსავლები, ბიუჯეტი და ადმინისტრაციული ცენტრი და დამოუკიდებელი იურიდიული პირია. ყველა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი საკუთარი და არასაკუთარი შემოსულობებისგან ფორმირდება. ამჟამად საქართველოში 5 თვითმმართველი ქალაქი და 65 მუნიციპალიტეტია.
საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული გათანაბრებითი ტრანსფერი. საკუთარი შემოსულობების გამოყენების მიმართულებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო დამოუკიდებლად განსაზღვრავს. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არასაკუთარ შემოსულობებს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსულობები განეკუთვნება. (საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი. კარი IV. თავი X. მუხლი 66, 67)
თვითმმართველი ქალაქ ფოთის 2013 წლის ტრანსფერის რაოდენობის გასარკვევად ჩვენ ოფიციალური წერილით ფოთის მერიას მივმართეთ. მიღებული პასუხის თანახმად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით #311, 2013 წელს ქალაქ ფოთს, ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით 11 878. 7 მილიონი ლარი გამოეყო. ამ თანხით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება იყო გათვალისწინებული. კერძოდ, ესენია: დრამატული თეატრის მშენებლობა, აღმაშენებლის ქუჩის მრავალბინიანი სახლების და ტროტუარების რეაბილიტაცია, სანიაღვრე კანალიზაციის სატუმბო სადგურების რეაბილიტაცია, ფოთის სტადიონის რეაბილიტაცია და ა.შ. ფოთიდან მიღებული წერილის თანახმად, 2013 წელს ამ თანხის მხოლოდ ნახევარი, 5,061,534 ლარი იქნა ათვისებული.
ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომ ვერ მოახერხა ფოთის თვითმმართველობამ ტრანსფერით გამოყოფილი თანხის ათვისება. ამ მიზნით ქალაქ ფოთის მერიას დავუკავშირდით და მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილეს ნინო ხახობიას ვესაუბრეთ.
ნინო ხახობიას განცხადებით, ცენტრალურმა მთავრობამ ტრანსფერის თანხების გამოყოფა გვიან, კერძოდ, 2013 წლის აპრილში დაიწყო. ამას დაემატა დროში გაწელილი პროცედურები: პროექტირება, ექსპერტიზა, ტენდერები. ყოველივე ამას 4-5 თვე მაინც სჭირდება. ამ ყველაფერს ფოთის არასტაბილური მეტეოროლოგიური პირობებიც ემატება. ამ მიზეზების გამო ტრანსფერით გამოყოფილი თანხის მხოლოდ ნახევრის ათვისება მოხერხდა. თუმცა, მისივე თქმით, ამაში ტრაგიკული არაფერია, ვინაიდან 10,750,313 ლარის ღირებულების სამუშაოებზე ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია. ეს ხელშეკრულებები 2013 წლის 31 დეკემბრამდე გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერის ამ დროისათვის გამოუყენებელი თანხა (5,688,497 ლარი) ფოთის თვითმმართველობას უკვე 2014 წელს ჩაერიცხება და წინა წელს დაწყებული პროექტები გაგრძელდება.
ნინო ხახობიასვე განცხადებით, ტრანსფერის თანხის ჩარიცხვა ხელშეკრულებით განხორციელებული სამუშაოების შესაბამისად მიღება-ჩაბარების აქტით ეტაპობრივად ხდება. მისივე განმარტებით, 2013 წელს ფოთის თვითმმართველობის ტრანსფერი 11, 878, 700 ლარი იყო. ტენდერებით შედეგად მიღებულმა ეკონომიამ 1,128,387 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ხელშეკრულებები 10, 750,313 ლარის ღირებულების სამუშაოებზე გაფორმდა, საიდანაც 5, 061, 534 ლარის ღირებულების სამუშაოები უკვე შესრულებულია. მიუხედავად იმისა რომ 5,688,497 ლარის ათვისება 2013 წელს ვერ მოხერხდა, შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმებულია.
ფაქტ-მეტრი ფინანსთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ფოთის თვითმმათველობას 2013 წლის ტრანსფერით გათვალისწინებული თანხის აუთვისებელი ნაწილი 2014 წელს ჩაერიცხება.
დასკვნა
ფოთის თვითმართველობას ტრანსფერის სახით 2013 წელს 11, 878,700 ლარი გამოეყო. ტენდერების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ 1,128,387 ლარი შეადგინა. ტრანსფერის თანხით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება იყო გათვალისწინებული. ქალაქის თვითმმართველობამ 2013 წელს მხოლოდ თანხის ნახევრის (5,061,534 ლარი) ათვისება მოახერხა. მათი განმარტებით, მთლიანი ტრანსფერის გამოყენება ძირითადად დროის სიმცირის გამო ვერ მოხერხდა. თუმცა, ხელშეკრულებები 10,750,313 ლარის ღირებულების სამუშაოებზე 2013 წლის 31 დეკემბრამდე გაფორმდა და ამ ხელშეკრულებების დასაფინანსებელი თანხა, ანუ, ტრანსფერიდან დარჩენილი 5,688,497 ლარი ფოთის თვითმმართველობას 2014 წელს ჩაერიცხება.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადება: „მთავრობამ ფოთს 12 მილიონი ლარი გამოუყო ტრანსფერის სახით და მოცემულობა ისეთია, რომ ამ თანხის ნახევარიც კი ამ დროისათვის ათვისებული არ არის“, არის ნახევრად სიმართლე.
„მთავრობამ ფოთს 12 მილიონი ლარი გამოუყო ტრანსფერის სახით და მოცემულობა ისეთია, რომ ამ თანხის ნახევარიც კი ამ დროისთვის ათვისებული არ არის“
16/01/2014
Կիսով չափ ճշմարտություն
Հայտարարությունը մասամբ ճշգրիտ է, բայց մանրամասները բաց են թողնված կամ որոշ հարցեր համատեքստից դուրս են.
Անհատներ
-
«Փաստ մետր»-ը ստուգում է Խատիա Դեկանոիձե...
Թերթ Ֆակտ-մետրԹերթ Ֆակտ-մետր -
Վրաստանի՝ ԵՄ-ին անդամակցելու գործընթացը...
ՍուտՀայտարարությունն անճիշտ է -
Շալվա Նաթելաշվիլին դավադրություն է տարած...
Կեղծ Լուրկեղծ կամ մանիպուլյատիվ տեղեկատվություն, որը տարածվում է լրատվամիջոցի, քաղաքական գործչի կամ սոցիալական ցանցի էջի կողմից