„ჩვენ საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთზე, 4%-4.1%-ზეა ჩამოსული, მაშინ, როდესაც 2012 წლის გაზაფხულზე 7%-7.7% იყო საპროცენტო განაკვეთი. საკმაოდ კარგი დინამიკაა ამ მიმართულებით“
2013 წლის 13 ნოემბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენების წარდგენისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, განაცხადა: „ჩვენ საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთზე, 4%-4.1%-ზეა ჩამოსული, მაშინ, როდესაც 2012 წლის გაზაფხულზე 7%-7.7% იყო საპროცენტო განაკვეთი. საკმაოდ კარგი დინამიკაა ამ მიმართულებით“. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა ფინანსთა მინისტრის ზემოაღნიშნული განცხადების სიზუსტით და იგი გადაამოწმა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, ერთწლიანი სახაზინო ვალდებულებების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი, 2012 წლის გაზაფხულზე 6.7-6.9% შუალედში იყო, თებერვალში კი 7.6% შეადგინა (იხილეთ ქვემოთ მოყვანილი ცხრილი). დღეის მდგომარეობით, ერთწლიანი სახაზინო ვალდებულებების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი ოქტომბრისთვის 4.1%-ს, ხოლო ნოემბრისთვის კი 4.2%-ს შეადგენდა (იხ. ცხრილი). xad ბოლო ორი წლის მანძილზე, ერთწლიანი სახაზინო ვალდებულებების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი თითქმის ორჯერ შემცირდა. ქვემოთ მოყვანილ გრაფიკზე ასახულია 2012-2013 წლებში საპროცენტო განაკვეთის კლების დინამიკა, რომელიც წითელი ხაზითაა წარმოდგენილი. ხოლო ლურჯი წყვეტილი ხაზი აღნიშნავს საპროცენტო განაკვეთის კლების ტენდენციას, რომელიც თავის მხრივ ასახავს თვეში საშუალოდ რამდენი პროცენტით კლებულობდა შეწონილი საპროცენტო განაკვეთი ბოლო 2 წლის მანძილზე. xad2 უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობამ მხოლოდ 10 მილიონის სესხი აიღო 4.1%-ში ერთწლიანი სახაზინო ვალდებულებების საშუალებით (მხოლოდ ოქტომბერში შეადგენდა სახაზინო ვალდებულებების შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 4.1%-ს). წლიური საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი ერთწლიან სახაზინო ვალდებულებებზე დაახლოებით 5.2%-ია. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ასახულია ერთწლიანი სახაზინო ვალდებულებების განთავსებული რაოდენობა აუქციონის ჩატარების თარიღის მიხედვით და მითითებულია შესაბამისი საპროცენტო განაკვეთები. Untitled ერთწლიანი სახაზინო ვალდებულებების მსგავსად, შემცირებულია საპროცენტო განაკვეთები 2 წლიან, 5 წლიან და 10 წლიან ობლიგაციებზე (იხ. ქვემოთ მოყვანილი ცხრილი). xad3 დასკვნა სახელმწიფო ობლიგაციებსა და სახაზინო ვალდებულებებზე საპროცენტო განაკვეთების კლების ტენდენცია ნამდვილად ფიქსირდება. თუმცა, 4.1% საპროცენტო განაკვეთი 2013 წლის ოქტომბერში მხოლოდ სახაზინო ვალდებულებებზე იყო. მართალია, ბოლო ორი წლის განმავლობაში სახაზინო ვალდებულებების შეწონილი საპროცენტო განაკვეთი თითქმის ორჯერ არის შემცირებული, მაგრამ მსგავსი კლების დინამიკით არ ხასიათდება საშუალო ვადიანი და გრძელვადიანი ობლიგაციები და მათი საპროცენტო განაკვეთი 4%-ზე მეტია. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ნოდარ ხადურის განცხადება, „ჩვენ საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთზე 4%-4.1%-ზეა ჩამოსული, მაშინ, როდესაც 2012 წლის გაზაფხულზე 7%-7.7% იყო საპროცენტო განაკვეთი. საკმაოდ კარგი დინამიკაა ამ მიმართულებით“, არის მეტწილად სიმართლე.