„რამდენიმე თვის წინათ 113 კგ ჰეროინი ამოიღეს, როდესაც წინა ხელისუფლების დროს მთელი წლის განმავლობაში გრამები იყო ამოღება. ყველამ იცოდა, რომ 7 ტონა სუფთა ჰეროინი  საქართველოს პორტებიდან ბორნების საშუალებით გადიოდა, ეს  გაეროსა და აშშ–ს მონაცემებია“
2013 წლის 13 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა: „მინდა ვისაუბრო შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან მიღწევაზე, რომელიც ავღანური ჰეროინის ამოღებას უკავშირდება. „მწვანეთა პარტიამ“ ამის წინააღმდეგ 2009 წლიდან დაიწყო ბრძოლა. დღეს ძალიან კარგი რამ ხდება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი საერთაშორისო ავღანური ნარკოკარტელი დაიხურა. რამდენიმე თვის წინათ 113 კგ ჰეროინი ამოიღეს, როდესაც წინა ხელისუფლების დროს მთელი წლის განმავლობაში გრამები იყო ამოღება, ყველამ იცოდა, რომ 7 ტონა სუფთა ჰეროინი  საქართველოს პორტებიდან ბორნების საშუალებით გადიოდა, ეს  გაეროსა და აშშ–ს მონაცემებია“. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა აღნიშნული განცხადებით და გადაწყვიტა გადაემოწმებინა რამდენად შეესაბამება ის სიმართლეს. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, აშშ-სა და გაეროს მონაცემებს გავეცანით. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც შესაბამისად წინა წლის შედეგებს აღრიცხავს. 2009 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2008 წლის დეკემბერში  375 კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული ბულგარეთის პორტ ბურგასში, საქართველოს პორტიდან (ფოთიდან) ჩასულ ბორანზე მყოფ სატვირთო მანქანებში. 2011 წლის ანგარიში საკმაოდ ვრცლად ეხება საქართველოს და ყველაზე კრიტიკულია სხვა წლებთან შედარებით. მასში აღნიშნულია, რომ საქართველო ნარკოტიკულ საშუალებებს უშუალოდ არ აწარმოებს, გამონაკლისია მცირეოდენი ამფეტამინის ტიპის სტიმულატორი. მიუხედავად ამისა, საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე (ევროპასა და აზიის გასაყარზე მდებარეობს), ის სხვა ქვეყნებში წარმოებული ნარკოტიკების ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო კორიდორი გახდა. ერთ-ერთი მთავარი   მარშრუტი ავღანეთიდან და ირანიდან მოდის აზერბაიჯანის გავლით და ევროპისა და რუსეთისკენ მიემართება. ნარკოტიკების ტრანზიტი ასევე ხორციელდება საქართველოდან საბერძნეთის და თურქეთის გავლით დასავლეთ ევროპისკენ. ანგარიშის თანახმად, საქართველოს გავლით ნარკოტიკების კონტრაბანდის ერთ–ერთ მთავარ საშუალებებად სატვირთო მანქანებია მიჩნეული, რომლებიც გრძელ, სატრანზიტო რეისებს ასრულებენ. აქვე აღნიშნულია საფუძვლიანი ეჭვის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ ტერიტორიებზე  ნარკოტიკების ტრანზიტი ხორციელდება. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპული ქვეყნების სამართალდამცველებმა 2009 წლის განმავლობაში იმ სატვირთო მანქანებიდან, რომლებმაც საქართველოს ტერიტორია გადაკვეთეს, შვიდიდან რვა ტონამდე ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. საქართველოში ნარკოტიკების ტრანზიტის სიდიდის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი სახელდება: მექანიზმები, რომელიც ხელს უშლის საქართველოში ნარკოტიკების ტრანზიტზე კონტროლს, მათ შორის ის წესი, რომლის მიხედვითაც მებაჟეებს სატრანზიტო სატვირთო მანქანების შემოწმება მხოლოდ ტვირთის მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით შეუძლიათ, რაც სატვირთო მანქანების შემოწმების შესაძლებლობას ზღუდავს; ანტინარკოტიკულ უწყებებს შორის კოორდინაციის ნაკლებობა; ირანთან უვიზო რეჟიმით გამოწვეული რისკები, ვინაიდან სწორედ ავღანეთიდან მომდინარე ნარკოტიკების 40%-ი ირანში მიდის. ასევე ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზებია და ის არ შეესაბამება 1988 წლის გაეროს ნარკოტიკების კონვენციას (საქართველო ამ კონვენციის წევრი 1998 წლიდანაა). აშშ-ს დეპარტამენტის 2012  და 2013 წლის ანგარიშები  2011 წლის ანგარიშის მსგავსია და იგივე პრობლემებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზეა საუბარი. საქართველო ისევ სატრანზიტო ქვეყანადაა მოხსენიებული, თუმცა ნარკოტიკულ საშუალებების ამოღების 2011 წლის სტატისტიკა აღარ გვხდება. ამ ანგარიშებში მოყვანილია ნარკოტიკების ამოღების მაჩვენებელი 2005 წლიდან 2010 წლის სექტემბრამდე და მითითებულია, რომ ის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. gac რაც შეეხება გაეროს მონაცემებს, ამ თემაზე უშუალოდ  გაეროს სპეციალიზებული ორგანო „გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ“ (UNODC) მუშაობს, რომელიც ასევე ყოველწლიურ  ანგარიშებს აქვეყნებს. 2010 წლის UNODC-ის ანგარიშის მიხედვით საქართველოდან ევროპაში (ბულგარეთი) შავი ზღვის გავლით 6 ტონა ჰეროინი მოხვდა და ასევე, შედარებით პატარა მოცულობა, 1 ტონა კი, უკრაინაში (იხ. სქემა ქვევით). gac1 რაც შეეხება საქართველოს შსს-ს მონაცემებს, შსს-ს 2013 4 ივლისის განცხადებაში ვკითხულობთ: „შსს-მ სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, რომელიც სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით ჩაატარა, ავტომანქანის ძარაზე დამონტაჟებულ სპეციალურ სამალავებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით 500 გრამიან შეკვრებად დაფასოებული 232 ერთეული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი”, საერთო წონით 116 კგ (რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია) აღმოაჩინა“. განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ახალციხის ტერიტორიაზე თურქეთის და მოლდოვის რესპუბლიკების ორი მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 3 ივლისს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ნინო წმინდის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთეს. თურქეთის მოქალაქემ საქართველოში საერთაშორისო გადაზიდვისათვის უკანონოდ შემოიტანა 116 კგ „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია. დასკვნა მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ჩვენ შსს-ს წერილობითაც მივმართეთ ნარკოტიკების ამოღების დეტალური ინფორმაციისთვის, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიგვიღია. აშშ-სა და გაეროს მონაცემებით, საქართველო ნარკოტიკების სატრანზიტო ქვეყნადაა მოხსენიებული. 2005 წლიდან 2010 წლამდე ჰეროინის ამოღება ყოველწლიურად ერთ კილოგრამზე მეტი იყო, მაგალითისთვის 2007 წელს შსს-ს მიერ მაქსიმალური რაოდენობა 9.7 კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული. გიორგი გაჩეჩილაძე არ არის ზუსტი, როცა ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს ერთი წლის განმავლობაში ამოღება მხოლოდ გრამები იყო. ამასთან, დეპუტატი გაჩეჩილაძე სწორია, როცა აცხადებს, რომ 2013 წელს ამოღებული იქნა 113 კილოგრამი (ოფიციალური მონაცემებით 116 კილოგრამი). სტატიაში გაანალიზებული ფაქტების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაჩეჩილაძე ძირითადად ზუსტად ასახელებს ფაქტებს, თუმცა ამასთანავე აცხადებს, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის არსებობა წინა ხელისუფლების მიერ იყო პრაქტიკულად ორგანიზებული. ეს ბრალდება, ბუნებრივია, არსად დასტურდება, ამ მიმართულებით არ არის აღძრული არცერთი საქმე ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ. ამ თვალსაზრისით არაფერია ნათქვამი აშშ–ს და გაერო–ს ანგარიშებში. შესაბამისად, ფაქტ–მეტრისთვისაც შეუძლებელია ამ ბრალდების შემოწმება, აგრეთვე ნაკლებ სავარაუდოა, რომ მისი არგუმენტირებულად დადასტურება თავად დეპუტატს შეეძლოს. შესაბამისად, გიორგი გაჩეჩილაძის განცხადება: “დღეს ძალიან კარგი რამ ხდება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი საერთაშორისო ავღანური ნარკოკარტელი დაიხურა. რამდენიმე თვის წინათ 113 კგ ჰეროინი ამოიღეს, როდესაც წინა ხელისუფლების დროს მთელი წლის განმავლობაში გრამები იყო ამოღება, ყველამ იცოდა, რომ 7 ტონა სუფთა ჰეროინი გადიოდა საქართველოს პორტებიდან ბორნების საშუალებით, ეს არის გაეროსა და აშშ–ს მონაცემები“, არის ნახევრად სიმართლე.