2013 წლის 20 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე გამოსვლისას, კოალიცია „ქართული ოცნების“წევრმა დავით ონოფრიშვილმა შესრულებულ წინასაარჩევნო დაპირებებზე და ამ კონტექსტში გაიაფებულ ტარიფებზე ისაუბრა. კერძოდ, მან განაცხადა: „შეუძლებელია რომელიმე მთავრობას შეესრულებინოს მთავრობაში მოსვლისთანავე პირველივე წელს იმდენი დაპირება, რაც პრემიერ ივანიშვილის მეთაურობით მთავრობამ შეძლო. დენი გაიაფდა 20 პროცენტით, გაზი გაიაფდა 10 პროცენტით.“
ფაქტ–მეტრი დაინტერესდა, თუ რამდენად შესრულდა დენის და გაზის ტარიფების გაიაფებასთან დაკავშირებული დაპირებები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. აქვე აღვნიშნავთ, რომ დავით ონოფრიშვილმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით შესრულებულ დაპირებებზეც ისაუბრა, თუმცა ჩვენ სოფლის მეურნეობის სფეროში შესრულებულ სამუშაოებზე უკვე არაერთხელ ვწერდით და შესაბამისად, ამ სტატიაში აქცენტს მხოლოდ ტარიფებზე გავაკეთებთ.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ დაპირებებში მნიშვნელოვან ადგილს კომუნალური გადასახადების შემცირება იკავებდა. ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 16 სექტემბერს, ტელეარხ TV9-ს ეთერში განაცხადა: „იმ დონის გადასახადები, რაც დღეს საქართველოში არსებობს, ხვალიდანვე შეიძლება განახევრდეს. ელექტროენერგია საქართველოს აქვს ძალიან იაფი, ჩვენ ძალიან ბევრი ჰიდროელექტრო სადგური გვაქვს და იქიდან იაფად იწარმოება ელექტროენერგია. რაც შეეხება გაზს, ჩვენ დიდი რაოდენობის გაზი გვეკუთვნის უფასოდ, რადგანაც ეს „ტრუბა“ გადის ჩვენს ტერიტორიაზე, გარდა ამისა, დაბალ ფასებში ვყიდულობთ გაზს აზერბაიჯანელებისგან, კომერციული ფასი არის ძალიან დაბალი, ამის ნახევარიც კი რასაც ეხლა მოსახლეობა იხდის. ეს რომ ერთად დავაჯგუფოთ, უკეთეს შემთხვევაში მესამედი გამოვა დღევანდელი გაზის გადასახადის.“
როგორც ამ განცხადებიდან ჩანს, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ელექტროენერგიის ტარიფის განახევრებას, ხოლო ბუნებრივი აირის სამჯერ შემცირებას გეგმავდა. გარდა კოალიციის ლიდერის განცხადებებისა, ფაქტ-მეტრი „ქართული ოცნების“ საარჩევნო გეგმასაც გაეცნო, სადაც ასევე საუბარია კომუნალურ მომსახურების ტარიფებზე (გვ. 30–31). აღნიშნულ გეგმაში აღნიშნულია, რომ კოალიციის გამარჯვებიდან უმოკლეს ვადებში ტარიფების მნიშვნელოვანი შემცირების მიმართულებით ტარიფების ხელახალი და სამართლიანი გადაანგარიშება განხორციელდება.
დავით ონოფრიშვილის განცხადების თანახმად, ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას სწორედ ეს დაპირება უნდა შეესრულებინა.
აღსანიშნავია, რომ საკუთარ დაპირებაზე კომენტარი, ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 22 ნოემბერს გააკეთა: „ელექტროენერგიის და გაზის ტარიფის შემცირებას უახლოეს დროში ალბათ მოვახერხებთ და განვმარტავთ, რომ განახევრებას რასაც ველოდი, არ გამოვა და გადაჭარბებულად ვსაუბრობდით, როგორც ჩანს. ერთი-ორჯერ მე გავაკეთე ამასთან დაკავშირებით განცხადება, მე ხშირად ამას არ ვიმეორებდი, მე ვსაუბრობდი ტარიფების შემცირებაზე, ჩვენ შეიძლება მოვახერხოთ ტარიფების შემცირება, მაგრამ განახევრებაზე უკვე შემიძლია გითხრათ, რომ არ მოხერხდება.“
როგორც ივანიშვილის 22 ნოემბრის კომენტარიდან ჩანს, არჩევნებში გამარჯვებიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ მან თვითონვე უარყო საკუთარი წინასაარჩევნო დაპირების შესრულების შესაძლებლობა.
„ქართული ოცნების“ მთავრობაში მოსვლის შემდეგ ბუნებრივი აირის ტარიფი 1 მარტიდან 51 თეთრიდან 46 თეთრზე ჩამოვიდა და 5 თეთრით შემცირდა (10% შემცირება). ელექტროენერგიის ტარიფმა კი 3.54 თეთრით დაიკლო. „თელასის“ ის აბონენტები რომლებიც 100კვ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი შეადგენდა 13,48 თეთრს, ახლა კი ის 9,94 თეთრია (26.26% შემცირება). 100კვ-დან 300-კვ-მდე ტარიფი შეადგენდა 16,00 თეთრს და ახლა ის 12,46 თეთრს (22.12% შემცირება) შეადგენს. „ენერგო პრო ჯორჯიას“ აბონენტებს 100კვ-მდე 12,98 თეთრის გადახდა უწევდათ, ახლა კი 9,44 თეთრს (27,27% შემცირება) იხდიან. 100კვ-დან 300კვ-მდე ტარიფი იყო 16,52 თეთრი და 12,98 თეთრი (21,42% შემცირება) გახდა.
დასკვნა
„ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ 2012 წლის 16 სექტემბერს გაჟღერებული დაპირება, რომ ელექტროენერგიის ტარიფები განახევრდებოდა და ბუნებრივი აირის ტარიფი შემცირდებოდა სამჯერ, არ შესრულებულა. საკუთარი დაპირების შესრულების არარეალურობის შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მალევე გააკეთა. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას, მასში ტარიფების განახევრების შესახებ არ არის დაკონკრეტებული, თუმცა ხაზგასმულია, რომ ტარიფების "მნიშვნელოვანი" შემცირება მოხდებოდა.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფები მართლაც შემცირდა, შესაბამისად 10 და 20-27 პროცენტით. თუმცა, ეს არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ახალმა მთავრობამ სრულად შეასრულა დაპირება კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, რადგანაც ტარიფების არსებული კლება არ შეესაბამება ბიძინა ივანიშვილისა და ასევე ქართული ოცნების საარჩევნო გეგმაში მოცემულ დაპირებას. ივანიშვილი ტარიფების განახევრებაზე საუბრობდა და ბუნებრივია, რომ ტარიფების „მნიშვნელოვანი" შემცირების შესახებ დაპირებაც ამასთან გაიგივდა.
მიუხედავად იმისა რომ დეპუტატი სწორად მიუთითებს ტარიფების 10 და 20 პროცენტიან გაიაფებაზე, მას ეს რიცხვები მცდარი მტკიცების კონტექსტში აქვს მოყვანილი და შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ დავით ონოფრიშვილის განცხადება: „შეუძლებელია რომელიმე მთავრობას შეესრულებინოს მთავრობაში მოსვლისთანავე პირველივე წელს იმდენი დაპირება, რაც პრემიერ ივანიშვილის მეთაურობით მთავრობამ შეძლო: დენი გაიაფდა 20 პროცენტით, გაზი გაიაფდა 10 პროცენტით“, არის მეტწილად მცდარი.
„შეუძლებელია რომელიმე მთავრობას შეესრულებინოს მთავრობაში მოსვლისთანავე პირველივე წელს იმდენი დაპირება, რაც პრემიერ ივანიშვილის მეთაურობით მთავრობამ შეძლო. დენი გაიაფდა 20 პროცენტით, გაზი გაიაფდა 10 პროცენტით“
13/12/2013
Մեծ մասամբ սխալ
Հայտարարության մեջ կան ճշմարտության տարրեր, բայց անտեսվում են կարևոր փաստեր, որոնք կարող էին այլ տպավորություն թողնել:
Անհատներ
-
«Փաստ մետր»-ը ստուգում է Խատիա Դեկանոիձե...
Թերթ Ֆակտ-մետրԹերթ Ֆակտ-մետր -
Վրաստանի՝ ԵՄ-ին անդամակցելու գործընթացը...
ՍուտՀայտարարությունն անճիշտ է -
Շալվա Նաթելաշվիլին դավադրություն է տարած...
Կեղծ Լուրկեղծ կամ մանիպուլյատիվ տեղեկատվություն, որը տարածվում է լրատվամիջոցի, քաղաքական գործչի կամ սոցիալական ցանցի էջի կողմից