2013 წლის 1 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები განიხილებოდა.
პრეზიდენტის შენიშვნების თანახმად, მიუღებელია მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესი და მოსამართლეებზე მონიტორინგის პრინციპი. უმრავლესობის დეპუტატმა, შალვა შავგულიძემ, შენიშვნების განხილვის დროს, საერთაშორისო პრაქტიკაზეც ისაუბრა: “ითვალისწინებს თუ არა გამოსაცდელ ვადას საერთაშორისო აქტები? ევროპული ქარტია მოსამართლეთა სტატუსის შესახებ პირდაპირ ითვალისწინებს გამოსაცდელ ვადას მოსამართლეთა უვადო განწესებამდე, ოღონდ, ის ადგენს გარკვეულ მოთხოვნებს ასეთი შემთხვევისთვის. მონიტორინგი ამ გამოსაცდელი ვადის პერიოდში უნდა განახორციელოს ისეთმა ორგანომ, რომელიც არ არის დამოკიდებული საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და რომელშიც ნახევარზე მეტი წარმოდგენილია მოსამართლეთა კორპუსის მიერ. ჩვენს რეალობაში, ასეთი ორგანო არის იუსტიციის საბჭო”.
ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, თუ რას ითვალისწინებს ევროპული პრაქტიკა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
1998 წელს ევროკომისიამ მოსამართლეთა სტატუსის შესახებ „ევროპული ქარტია“ მიიღო. ამ დოკუმენტის მიზანია, უზრუნველყოს მოსამართლეთა კომპეტენტურობა, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლების მოწყობის წესებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ, აღნიშნული ქარტია ზოგად პრინციპებს აყალიბებს.
ქარტიის მესამე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მოსამართლის უვადო განწესებამდე, შესაძლებელია მისი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, მოსამართლის უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილება, დამოუკიდებელი ორგანოს დასკვნის, რეკომენდაციის ან თავად ამ ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღება. ამასთან, ქარტიის მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ამ ორგანოს შემადგენლობის ნახევარი მაინც არჩეული უნდა იყოს თავად მოსამართლეების მიერ.
როგორც შალვა შავგულიძე მიუთითებს, საქართველოს შემთხვევაში ასეთი დამოუკიდებელი ორგანო იუსტიციის უმაღლესი საბჭოა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევის წესს განსაზღვრავს საქართველოს ორგანული კანონი “საერთო სასამართლოების შესახებ”, რომლის 47-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული წევრები. ამრიგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნამდვილად არის ის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც აკმაყოფილებს ევროპული ქარტიის მოთხოვნებს. ამასთანავე, ევროპული ქარტია ითვალისწინებს მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესს.
გარდა ამისა, საინტერესოა მიმოვიხილოთ სხვა ევროპული ქვეყნების გამოცდილება. გერმანიაში სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირების წესებს არეგულირებს გერმანიის აქტი სასამართლოების შესახებ. ამ აქტის მე-12 მუხლი იცნობს ისეთ ცნებას, როგორიცაა “პრობაციონერი მოსამართლე”. სანამ მოსამართლე უვადოდ დაინიშნება, მანამდე, მინიმუმ სამი და მაქსიმუმ ხუთი წლის განმავლობაში, მას სწორედ მსგავსი სტატუსი აქვთ. დანიშვნიდან ოთხი წლის განმავლობაში, დამოუკიდებელ კომიტეტს შეუძლია მოსამართლე თანამდებობიდან ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს, თუ იგი შეუფერებელია ამ პოზიციისთვის. პირველი ორი წლის განმავლობაში, მოსამართლის საქმიანობა ყოველ ექვს თვეში ერთხელ ფასდება. კომისიას აქვს უფლება მოსამართლე უვადოდ დანიშნოს სამი წლის გასვლის შემდეგ. პრობაციის ვადის გაგრძელება ხუთ წლამდეც შეიძლება.
ესტონეთში, აღნიშნულ საკითხს მოსამართლეთა სტატუსის შესახებ 1991 წლის აქტი არეგულირებს. ამ კანონის თანახმად, მოსამართლის გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი, თანამდებობაზე დანიშვნიდან სამი წლის განმავლობაში, შესაძლებელია იყოს მისი ამ პოზიციასთან შეუთავსებლობა. სამი წლის გასვლის შემდეგ, დათხოვნის ეს საფუძველი აღარ არსებობს. მსგავსი რეგულირება მიუთითებს იმაზე, რომ ესტონეთშიც, პირველი სამი წლის განმავლობაში, მოსამართლეს აქვს გარკვეული გამოსაცდელი ვადა, იმისთვის, რომ დაამტკიცოს საკუთარი კომპეტენეტურობა.
მოსამართლეთა დანიშვნას განუსაზღვრელი ვადით უნგრეთის კანონმდებლობაც ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, პირველ რიგში, საერთო სასამართლოს მოსამართლეები სამი წლის ვადით ინიშნებიან. მსგავსი სამწლიანი ვადა არ არის საჭირო იმ პირისთვის, ვინც ხუთი წლის განმავლობაში იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ნოტარიუსი, პროკურორი, ადვოკატი ან სამართლებრივი მრჩეველი.
დასკვნა
"ევროპული ქარტია მოსამართლეთა სტატუსის შესახებ", მოსამართლის გამოსაცდელი ვადით დანიშვნასა და მისი საქმიანობის დამოუკიდებელი ორგანოს მიერ მონიტორინგს ითვალისწინებს. ქარტიაში მოცემული დამოუკიდებელი ორგანოს განმარტება, ემთხვევა “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში არსებულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეფინიციას. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნამდვილად არის საერთაშორისო ქარტიით გათვალისწინებული დამოუკიდებელი ორგანო.
ამრიგად, შალვა შავგულიძის განცხადება: „ევროპული ქარტია მოსამართლეთა სტატუსის შესახებ მოსამართლეთა უვადო განწესებამდე გამოსაცდელ ვადას ითვალისწინებს“, არის სიმართლე.
მოსამართლეთა სტატუსის შესახებ ევროპული ქარტია მოსამართლეთა უვადო განწესებამდე გამოსაცდელ ვადას ითვალისწინებს
14/11/2013
Ճշմարտություն
განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
Անհատներ
-
«Փաստ մետր»-ը ստուգում է Խատիա Դեկանոիձե...
Թերթ Ֆակտ-մետրԹերթ Ֆակտ-մետր -
Վրաստանի՝ ԵՄ-ին անդամակցելու գործընթացը...
ՍուտՀայտարարությունն անճիշտ է -
Շալվա Նաթելաշվիլին դավադրություն է տարած...
Կեղծ Լուրկեղծ կամ մանիպուլյատիվ տեղեկատվություն, որը տարածվում է լրատվամիջոցի, քաղաքական գործչի կամ սոցիալական ցանցի էջի կողմից