დღესდღეობით ხარისხი და სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ განსხვავება კერძოსა და სახელმწიფო კოლეჯებს შორის არ ფიქსირდება, ისეთი, რომელმაც შეიძლება კონკურენცია გამოიწვიოს

2013 წლის 12 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხებიდან ერთ-ერთი „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებიც იყო. კანონპროექტი საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარუდგინა. კანონპროექტის თანახმად პროფესიული განათლების შესახებ კანონში შემდეგი სახის ცვლილებები შედის: 1) იცვლება დაფინანსების პრინციპი: 1000 ლარიანი ვაუჩერის ნაცვლად, რომელიც აბიტურიენტს ეძლეოდა და შემდეგ საკუთარი სურვილისამებრ მისთვის სასურველ კოლეჯს ირჩევდა (როგორც სახელმწიფოს, ისე კერძოს), მოხდება მხოლოდ სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების დაფინანსება. შესაბამისად, გრანტზე ორიენტირებული სტუდენტი იძულებული იქნება ისეთი სასწავლებელი შეარჩიოს, რომელიც უშუალოდ სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია;  2) ინიცირებული კანონპროექტი პროფესიულ სასწავლებლებში ჩაბარების პრინციპსაც ცვლის - ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაცვლად პროფესიული უნარების განმსაზღვრელი ტესტი შემოდის.

კანონპროექტზე მსჯელობისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სერგო რატიანმა, განაცხადა, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები მთლიანობაში უარყოფითი არ არის, რომ არა ერთი პრობლემა, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების დაფინანსებას გულისხმობს. მისი თქმით, ხარისხი კონკურენციაში იქმნება და თუკი კერძო კოლეჯებს იმ სტუდენტების მიღების შესაძლებლობას შევუზღუდავთ, რომლებიც სახელმწიფო გრანტით სარგებლობენ, ისინი სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მოტივაციას დაკარგავენ. დეპუტატის აზრით, უკეთესია, როდესაც უშუალოდ სტუდენტს ეძლევა გრანტი და ის განსაზღვრავს, თუ სად და რომელ სასწავლებელში დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას. სწორედ ეს გახსნილი კონკურენციაა უკეთესი ცოდნის მიღების წინაპირობა.

სერგო რატიანის ამ განცხადებას კანონპროექტზე მთავარი მომხსენებელი, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე (ამჟამად განათლების მინისტრი), თამარ სანიკიძე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა: „დღესდღეობით, ხარისხი და სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ კერძოსა და სახელმწიფო კოლეჯებს შორის არ ფიქსირდება ისეთი განსხვავება, რომელმაც შეიძლება კონკურენცია გამოიწვიოს“.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, მართლაც არსებობს თუ არა სწავლების ხარისხის თვალსაზრისით კერძო და სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებს შორის სხვაობა და სტატისტიკა, რომელიც ამას ადასტურებს.

პროფესიული განათლება ხუთ საფეხურს მოიცავს, რომელიც ორ ეტაპად იყოფა: პირველი, მეორე და მესამე საფეხური პროფესიულ განათლებაში ითვლება დაწყებით საფეხურად, რომელიც გათვლილია 9 კლასის განათლების მქონე პირთათვის. მისი დასრულების შემდეგ პირს უფლება ეძლევა, მის მიერ არჩეულ პროფესიაში რიგითი თანამშრომლის ფუნქცია-მოვალეობა შეასრულოს. ამის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, მეოთხე-მეხუთე საფეხურზე გადასასვლელად სავალდებულოა ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების ტესტის ჩაბარება. პროფესიულ განათლებაში ეს გახლავთ უმაღლესი საფეხური, რომლის დასრულების შემდეგ პირს შესაძლებლობა აქვს კონკრეტულ პროფესიაში მმართველი პოზიციები დაიკავოს და ხელმძღვანელის, მენეჯერის ფუნქცია იკისროს.

საქართველოში მოქმედი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულები ორ ნაწილად იყოფა:

  • საზოგადოებრივი კოლეჯი - პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო ან/და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. ასევე, უფლებამოსილია განახორციელოს ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა.
  • პროფესიული კოლეჯი - პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მხოლოდ  პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს.

მოქმედი კანონის თანახმად, პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხვის პრინციპი შემდეგია: პირველ სამ საფეხურზე (ყოველგვარი გამოცდის გარეშე) სწავლის უფლება ყველა იმ მსურველს ენიჭება, რომელსაც საშუალო განათლების  9 კლასის საბაზისო ეტაპი გავლილი აქვს, რის შემდეგაც, სწავლის მეოთხე საფეხურზე გადასვლის სურვილის შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია ზოგადი უნარების ტესტი ჩააბაროს. გარდა ამისა, სწავლის პირდაპირ მეოთხე საფეხურიდან დაწყება ზოგადი უნარების ტესტის ჩაბარების შემდგომ ყველა იმ აბიტურიენტს ენიჭება, რომელსაც საშუალო განათლების 12 წლიანი კურსი სრულად აქვს დახურული. მიღების პრინციპი კერძო და სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლებისათვის იდენტურია.

დღეისთვის ფუნქციონირებს შემდეგი ტიპის პროფესიული სასწავლებლები:  1) 5 ავტორიზებული სახელმწიფო-საზოგადოებრივი კოლეჯი; 2) 2013-2014 სასწავლო წლის დაწყებამდე ავტორიზებულად ჩათვლილი 9 სახელმწიფო პროფესიული/საზოგადოებრივი კოლეჯი;  4) 26 კერძოპროფესიული კოლეჯი, რომლებსაც ავტორიზაცია 2013-2014 სასწავლო წლის დაწყებამდე შეუნარჩუნდათ და 5) 51

ახლადავტორიზებული კერძო სამართლის იურიდიული პირი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.

9

ჩვენ პროფესიული განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსს, თამარ სამხარაძეს გავესაუბრეთ. მისი განმარტებით, მოქმედ კანონში ცვლილებების შეტანა არსებული პრაქტიკის არაეფექტიანობამ განაპირობა. კერძოდ, დაფინანსების თვალსაზრისით, 1000 ლარიანი ვაუჩერის სტუდენტისათვის გადაცემა სრული პროფესიული განათლების მიღებისათვის საკმარისი არ იყო. იმის გამო, რომ პროგრამების საფასური ზუსტად დათვლილი არ იყო და სამინისტროს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თანხა იყო საჭირო კონკრეტული კურსის დახურვისათვის, ხშირ შემთხვევაში სტუდენტს დარჩენილი თანხის გადახდა თავად უწევდა. გარდა ამისა, მეოთხე-მეხუთე საფეხურებზე სწავლის გასაგრძელებლად დამატებითი გრანტის მოპოვება იყო საჭირო, რომელიც 2250 ლარს შეადგენდა, რაც ასევე საკმარისი არ იყო. ამიტომაც, სამინისტრომ ვაუჩერის გაუქმებისა და სახელმწიფო პროფესიული დაწესებულებების დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. ინიცირებული ცვლილებების შედეგად სწავლების ხუთივე ეტაპი სრულად დაფინანსდება.

რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებელებში მიღების პრინციპის ცვლილებას, თამარ სამხარაძემ განმარტა, რომ ზოგადი უნარების ტესტი ვერ განსაზღვრავდა აბიტურიენტის მზაობას და ამა თუ იმ პროფესიის დაუფლებასთან მისი უნარების შესაბამისობას. ამიტომაც იქნა მიღებული პროფესიული უნარების განმსაზღვრელი ტესტის შემოღების გადაწყვეტილება, რომელიც ყოველი პროგრამისათვის ინდივიდუალური იქნება. ამასთან, ზოგადი უნარების ამოღება სხვა ფაქტორმაც განაპირობა. სტუდენტი, რომელმაც 9 კლასის დასრულების შემდგომ პროფესიულ სასწავლებელში სწავლის უფლება მოიპოვა, სწავლების 3 საფეხური გაიარა და  მეოთხე საფეხურზე გადასვლის სურვილი გამოთქვა, ბარიერს აწყდებოდა. მას ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა უხდებოდა, რისთვისაც სრული საშუალო განათლების ქონაა საჭირო, რაც მათ არ გააჩნდათ და სწავლის შეწყვეტა უწევდათ. კანონში შესაბამისი ცვლილებების შესვლის შემდგომ კი მათ ეს წინააღმდეგობა ეხსნებათ. მას შემდეგ, რაც აბიტურიენტი პროფესიულ სასწავლებელში სწავლის უფლებას მოიპოვებს, საფეხურიდან საფეხურზე გადასვლისთვის სტუდენტი დამატებითი ბარიერებისაგან თავისუფლდება.

კითხვაზე, ხომ არ ლახავს კანონში შესატანი ცვლილებები კერძო პროფესიული სასწავლებლების უფლებას, თამარ სამხარაძემ გვიპასუხა, რომ ამ ეტაპისთვის ეს არის ოპტიმალური ვარიანტი, რისი შეთავაზებაც სახელმწიფოს შეუძლია. გარდა ამისა, ეს კერძო სასწავლებლების დაფინანსებაზე ცალსახა უარს არ ნიშნავს. მათ არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად  შესაბამისი დრო ეძლევათ. ასევე, უტარდებათ ტრენინგები, რისი შესაძლებლობაც ადრე არ ჰქონდათ და მას შემდეგ, რაც ხარისხის განმსაზღვრელი ინდიკატორები გაიწერება და აღმოჩნდება, რომ ისინი საჭირო სტანდარტებს აკმაყოფილებენ, დაფინანსება მათკენაც წარიმართება. მისივე თქმით, სწავლების ხარისხის თვალსაზრისით, კერძო პროფესიული სასწავლებლები ხშირ შემთხვევაში საჭირო მოთხოვნებს საერთოდ ვერ აკმაყოფილებენ და ისინი სტუდენტებისთვის სათანადო ცოდნის მიცემას ვერ უზრუნველყოფენ. უფრო მეტიც, ბევრი კოლეჯი სულ რაღაც ორ ოთახშია განთავსებული და სწავლებისთვის საჭირო ელემენტარული პირობებიც კი არ გააჩნიათ. გარდა ამისა, პრობლემაა  გეოგრაფიული განლაგების კუთხითაც. მათი უმეტესობა თბილისშია თავმოყრილი, რაც სხვადასხვა რაიონში მცხოვრები სტუდენტებისათვის არაკომფორტულია.

განათლების სამინისტროში განგვიმარტეს, რომ სტუდენტი, რომელსაც 1 000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემოდა, როგორც წესი სწავლისთვის ისედაც სახელმწიფო სასწავლებლებს ირჩევდა, ამიტომ საკანონმდებლო ცვლილებები რეალურად ბევრს არაფერს შეცვლის. მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად სახელმწიფო კოლეჯების რიცხვი კერძო კოლეჯებთან შედარებით გაცილებით მცირეა, სტუდენტების მიღების თვალსაზრისით ისინი უპირატესობას ფლობენ და ზოგიერთი მათგანი 800 და მეტი მსურველის დაკმაყოფილებასაც კი შეძლებს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კერძო პროფესიული სასწავლებლების 50% სამედიცინო პროფილისაა, რომელთა დანიშნულებაც კვალიფიციური ექთნების მომზადებაა. გარდა იმისა, რომ ეს კოლეჯები აღნიშნულ ვალდებულებას  ვერ ასრულებენ, ბაზარზე მოთხოვნა უმაღლესი დაწესებულებების კურსდამთავრებულებზეა, რომელთაც ბაკალავრის ხარისხი აქვთ მინიჭებული. კოლეჯის კურსდამთავრებულები კი მათ კონკურენციას ვერ უწევენ და  საბოლოოდ პროფესიული განათლების მქონე  პირები მოტყუებულები რჩებიან.

ჩვენ კერძო და სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებს შორის სწავლების ხარისხის ამსახველი სტატისტიკა მოვითხოვეთ, თუმცა, განათლების სამინისტროში განგვიმარტეს, რომ ამგვარი ოფიციალური მონაცემები მათ ამ ეტაპზე არ მოეპოვებათ. ეს სამომავლო პერსპექტივაა, რომელიც მას შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი, რაც ხარისხის განმსაზღვრელი ინდიკატორები ამოქმედდება და მსგავსი მონაცემთა ბაზა შეიქმნება. მათივე თქმით, განათლების ხარისხს ვერც ამა თუ იმ პროფესიულ სასწავლებელში რეგისტრირებულ სტუდენტთა რაოდენობა განსაზღვრავს, რადგან ზოგიერთ კოლეჯს ფიქსირებულ რაოდენობაზე მეტი სტუდენტის მიღების შესაძლებლობა არ აქვს და ამ პრინციპით ხარისხის მაჩვენებლის დაზუსტება შეუძლებელია.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან ჩვენ 2011-2012-2013 წლებში პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრირებულ სტუდენტთა ამსახველი სტატისტიკა მაინც გამოვითხოვეთ. ჩვენთვის მოწერილ წერილში ნათქვამია, რომ ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის ჩანაწერები პროფესიული განათლების მხოლოდ მე-4 და მე-5 საფეხურის სტუდენტთა მონაცემებს მოიცავს. აღნიშნულ წლებში კერძო სამართლის იურიდიულ პირ საზოგადოებრივ კოლეჯში 936 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო ხუთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ საზოგადოებრივ კოლეჯში კი - 74. რაც შეეხება სტუდენტების მობილობას, ეს უკანასკნელი სასწავლებლების შიდა სამართლებრივი აქტებით რეგულირდება და ცენტრი არ ფლობს სტატისტიკურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი სტუდენტი გადავიდა ერთი კოლეჯიდან მეორეში და რამდენმა სტუდენტმა დაამთავრა კერძო, თუ სახელმწიფო პროფესიული სასწავლებელი.

ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ, რომ არ არსებობს პროფესიული განათლების მქონე პირების შემდგომი დასაქმების ოფიციალური მონაცემები. ამგვარი სტატისტიკა არც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს და არც თავად პროფესიული კოლეჯების საინფორმაციო ცენტრს მოეპოვება. იქიდან გამომდინარე, რომ ამ მომენტისათვის ჯამში სულ 91 პროფესიული სასწავლებელი ფუნქციონირებს, ამ ინფორმაციის ინდივიდუალურად გადამოწმება თითქმის შეუძლებელია.

დასკვნა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროფესიულ სასწავლებლებს შორის ხარისხისა და კონკურენციის განმსაზღვრელი ოფიციალური სტატისტიკა ამ მომენტისთვის არ არსებობს, მათ შორის, არც განათლების სამინისტროში. ასევე არ არსებობს რეგისტრირებულ პროფესიულ სტუდენტთა (პირველი საფეხურიდან მეხუთე საფეხური ჩათვლით) და შემდგომში მათი დასაქმების ამსახველი მონაცემები, ან სხვა ოფიციალური მაჩვენებელი, რომელიც პროფესიული სასწავლებლების შესახებ ხარისხისა და კონკურენციის კუთხით რაიმე სახის ინფორმაციას მოგვცემდა.

მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია საქართველოს განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის, თამარ სამხარაძისგან, რომელმაც კერძო პროფესიულ სასწავლებლებთან დაკავშირებით არსებული ნაკლოვანებები განმარტა. მიუხედავად ამისა, ამ ხარვეზების დამასაბუთებელი სტატისტიკური ან სხვა სახის ინფორმაცია ჩვენ ვერ მოვიპოვეთ, მათ შორის, ვერც განათლების სამინისტროსგან.

შესაბამისად, ოფიციალური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თამარ სანიკიძის განცხადება: „დღესდღეობით ხარისხი და სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ განსხვავება კერძოსა და სახელმწიფო კოლეჯებს შორის არ ფიქსირდება, ისეთი, რომელმაც შეიძლება კონკურენცია გამოიწვიოს”, არის ნახევრად სიმართლე.