ყაზახეთთან ექსპორტი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა, ყაზახეთი საქართველოში ინვესტიციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა

ლევან დავითაშვილი: ყაზახეთთან ექსპორტი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა, ყაზახეთი საქართველოში ინვესტიციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი

2024 წელს 2023 წელთან შედარებით ყაზახეთში ექსპორტი 22%-ით (703-დან 860 მლნ დოლარამდე) გაიზარდა, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი 69-დან 78 მლმნ-მდე და რეექსპორტი 635-დან 782 მლნ-მდე. თუ შესადარებლად უფრო გრძელვადიან პერიოდს ავიღებთ - 2019-2024 წლებში, ადგილობრივი ექსპორტის 70%-იან და რეექსპორტის 3500%-იან ზრდას მივიღებთ. თავად რეექსპორტიც პრაქტიკულად ერთადერთი პროდუქტის მსუბუქი ავტომობილების ხარჯზე გაიზარდა. 2024 წელს 782 მლნ-იანი რეექსპორტირებული პროდუქციიდან 751 მლნ მსუბუქ ავტომობილებზე მოდიოდა.
2024 წელს ყაზახეთიდან იმპორტი 88%-ით - 62 მლნ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა მისმა წილმა მთლიან იმპორტში 0.4%-საც ვერ გადააჭარბა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილში ცნობილი მხოლოდ სამი კვარტლის შედეგებია, რომლის მიხედვითაც 2024 წლის იანვარ-სექტემბერში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყაზახეთიდან ინვესტიციები 20%-ით - 36 მლნ-დან 29 მლნ-მდე შემცირდა. ყაზახეთი მნიშვნელოვანი ინვესტორი არც ადრე ყოფილა (გამონაკლისი დაფიქსირდა ერთხელ, 2006 წელს რაც, „თბილგაზის“ (2006 წლიდან „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, 2019 წლიდან „თბილისი ენერჯი“) ყაზახური კომპანიის მიერ შეძენით იყო განპირობებული). 2013-2023 წლებში ყაზახეთის წილმა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 0.7% შეადგინა და 25-ე ადგილი დაიკავა.
საგარეო ვაჭრობის ნაწილში რიცხობრივად სწორი მონაცემებისა და კონკრეტიკის სიმცირის, ხოლო ინვესტიციების ნაწილში წყაროს უქონლობის ან მცდარი ინფორმაციის გაჟღერების, ასევე ფაქტობრივი უზუსტობის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად მცდარი.

ანალიზი:

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ლევან დავითაშვილმა ყაზახეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეფასებისას განაცხადა: „2024 წელს სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას [საქართველოსა და ყაზახეთს] შორის 922 მლნ დოლარს შეადგენდა. მზარდია საქართველოდან ექსპორტი და რეექსპორტი, ასე რომ, ყაზახეთთან ურთიერთობა ჩვენთვის ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყაზახეთი არის ასევე ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო. 2024 წელს გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყაზახეთიდან“.

2019-2024 წლებში საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტი 13-ჯერ გაიზარდა, თუმცა ამ ზრდაში გადამწყვეტი როლი რეექსპორტს უკავია, რომელიც აღნიშნულ პერიოდში 36-ჯერ - 22-დან 782 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ადგილობრივი ექსპორტი კი მხოლოდ 1.7-ჯერ (45-დან 78 მლნ-მდე) გაიზარდა.

გრაფიკი 1: ექსპორტი ყაზახეთში (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

თუ 2019-2021 წლებში ყაზახეთში რეექსპორტის წილი საშუალოდ 30%-ს შეადგენდა, 2022-2024 წლებში 84%-ს გაუთანაბრდა. რეექსპორტის ზრდა ძირითადად მსუბუქ ავტომობილებს უკავშირდება. 2024 წელს რეექსპორტირებული 782 მლნ დოლარის პროდუქციიდან 96% ანუ 751 მლნ მსუბუქ ავტომობილებზე მოდიოდა. 1 მლნ დოლარს გადააჭარბა ასევე მაცივრების, სატვირთო ავტომობილების, თამბაქოს ნაწარმისა და ბულდოზერების რეექსპორტმაც. ადგილობრივ ექსპორტში 30 მლნ-ით პირველ ადგილზე მინერალური წყლებია, 17 მლნ-ით - მეორეზე დაგაზიანებული წყლები და 10 მლნ-ით - მესამეზე ღვინო.

2024 წლამდე ყაზახეთიდან იმპორტი დიდი ზრდით არ გამოირჩეოდა. 2019-2023 წლებში ის მხოლოდ 29-დან 32 მლნ-მდე გაიზარდა, 2024 წელს კი თითქმის გაორმაგდა და 62 მლნ-ს გადააჭარბა, თუმცა მთლიან იმპორტში ყაზახეთის წილმა 0.4%-საც ვერ მიაღწია. პროდუქციის მიხედვით, ყაზახეთიდან იმპორტში 11 მლნ-ით პირველ ადგილზე ნავთობპროდუქტებია, მეორეზე 5 მლნ-ით - ლიანდაგისთვის განკუთვნილი ნაწარმი და მესამეზე 4 მლნ-ით - თმის მოვლის საშუალებები.

გრაფიკი 2: იმპორტი ყაზახეთიდან (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ბოლო 6 წელიწადზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ადგილობრივი ექსპორტი და იმპორტიც იზრდებოდა, თუმცა სავაჭრო ბრუნვაში გადამწყვეტი როლი რეექსპორტის, კონკრეტულად კი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ზრდას უკავშირდება. ერთ რომელიმე პროდუქციაზე ამ მასშტაბის დამოკიდებულება რისკის შემცველია.

განცხადების მეორე ნაწილი ინვესტიციებს ეხებოდა. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ 2024 წელს ყაზახეთიდან ინვესტიციები გაიზარდა. 6 თებერვლის მდგომარეობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ცნობილი მხოლოდ სამი კვარტლის მონაცემებია. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ყაზახეთიდან საქართველოში 29 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით ნაკლებია.

გრაფიკი 3: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყაზახეთიდან (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ზოგადად, ყაზახეთიდან ინვესტიციები განსაკუთრებულად მაღალი არც არასდროს ყოფილა. 2005-2023 წლებში ყაზახეთის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 1%-ის ფარგლებში მერყეობდა. ერთადერთ გამონაკლისს 2006 წელი წარმოადგენდა, როდესაც მისმა წილმა 13%-ს გადააჭარბა. აღნიშნული ერთჯერადი ნახტომისებური ზრდა 2006 წელს „თბილგაზის“ (2006 წლიდან „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, 2019 წლიდან „თბილისი ენერჯი“) ყაზახური კომპანიის მიერ შეძენით იყო განპირობებული.

გრაფიკი 4: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყაზახეთიდან (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

„ქართული ოცნების“ მმართველობის დროსაც, 2013 წლიდან 2024 წლის ოქტომბრამდე, ჯამურად ყველა ქვეყნიდან საქართველოში 17.9 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც ყაზახეთის წილი მხოლოდ 0.7%-ს - თანხობრივად 122 მლნ დოლარს შეადგენდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყაზახეთმა ჯამურად შემოსულ ინვესტიციებში 25-ე ადგილი დაიკავა. ამ მოცემულობაში, ამ რიცხვებითა და ამ ფარდობითი წილით, ყაზახეთი ინვესტიციების მნიშვნელოვან წყაროდ, ან თუნდაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს ვერ შეფასდება.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში საქართველოსა და ყაზახეთს შორის საგარეო ვაჭრობის ბრუნვა გაიზარდა, მაგრამ ძირითადად მსუბუქი ავტომობილების რეინვესტირების ხარჯზე.

რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, დღეს არსებული სამი კვარტლის მონაცემებით, ზრდის ნაცვლად კლება ფიქსირდება და მეოთხე კვარტალში რომც შეიცვალოს თანაფარდობა, გრძელვადიან პერიოდში 0.7%-იანი წილითა და 25-ე ადგილით ყაზახეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორი მაინც ვერ გახდება.

საგარეო ვაჭრობის ნაწილში რიცხობრივად სწორი მონაცემებისა და კონკრეტიკის სიმცირის, ხოლო ინვესტიციების ნაწილში მცდარი ან დაუდასტურებელი წყაროს, ასევე ფაქტობრივი უზუსტობის (ციტატა: „ყაზახეთი არის ასევე ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო“) გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად მცდარი.


Şəxslər

All Articles