აზერბაიჯანთან 10 თვეში სავაჭრო ბრუნვამ 1 მლრდ-ს გადააჭარბა, 2023 წელს ინვესტიციები 3018%-ით გაიზარდა

ეკონომიკის სამინისტრო: აზერბაიჯანთან 10 თვეში სავაჭრო ბრუნვამ 1 მლრდ-ს გადააჭარბა, 2023 წელს ინვესტიციები 3018%-ით გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ეკონომიკის სამინისტროს განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანში ექსპორტმა 611 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აზერბაიჯანიდან იმპორტმა - 458 მლნ აშშ დოლარი, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ კი - 1.07 მლრდ აშშ დოლარი. განცხადებაში 1 მლრდ-იანი ზღვრის გადალახვა მიღწევად იყო წარმოჩენილი, მაშინ, როცა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ დოლარს 2022 და 2023 წლების ანალოგიურ პერიოდშიც გადააჭარბა. უფრო მეტიც, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით, ექსპორტი 103 მლნ-ით და იმპორტი 59 მლნ დოლარით შემცირდა.

რაც შეეხება ინვესტიციებს, 2022 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში 3.4 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, 2023 წელს კი 2580%-ით მეტის - 90 მლნ დოლარის.პროცენტული ზრდის ტემპი გაზვიადებულია[1], თუმცა მთავარი პრობლემა ეს არაა. 2580%-იანი ზრდაც ძალიან მაღალია და ეს ზრდა თავიდან ბოლომდე საბაზო ეფექტით აიხსნება. 2022 წელს აზერბაიჯანიდან ინვესტიციები თითქმის განულდა და 2023 წელს დაფიქსირებული მაღალი პროცენტული ზრდა სწორედ ამით იყო განპირობებული.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში საგარეო ვაჭრობის ნაწილი თანხობრივად იყო მოცემული, წინა წელთან შედარების გარეშე, ხოლო ინვესტიციები პროცენტული ნამატით. განცხადებაში დასახელებული რიცხვები მანიპულაციურია და ისე აღიქმება, თითქოს ამ მიმართულებით დიდი წარმატებაა მიღწეული. მიუხედავად იმისა, რომ 10 თვეში სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ დოლარს მართლაც გადააჭარბა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 162 მილიონიანი კლებაა, ინვესტიციების მაღალი ტემპით ზრდა კი საბაზო ეფექტითაა განპირობებული. გარდა ამისა, ინვესტიციები 2580%-ით გაიზარდა და არა 3018%-ით.

რიცხობრივად მეტ-ნაკლებად სწორი მონაცემებისა და რიგი მნიშვნელოვანი ფაქტორების უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ეკონომიკის სამინისტროს განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მინისტრ ლევან დავითაშვილის ბაქოში სამუშაო ვიზიტის გაშუქებისას განაცხადა: „2024 წლის იანვარი - ოქტომბრის პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეექვსე, ხოლო უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მესამე პოზიციაზეა... ბოლო პერიოდში მზარდია აზერბაიჯანის ინვესტიციების ოდენობა საქართველოს ეკონომიკაში. კერძოდ, 2023 წელს ეს მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3018 პროცენტით გაიზარდა“.

აზერბაიჯანში მთავარ საექსპორტო პროდუქტს მსუბუქი ავტომობილები წარმოადგენს. საქართველო ავტომობილებს არ აწარმოებს და მისთვის მსუბუქი ავტომობილები რეექსპორტია. ეკონომიკური თვალსაზრისით, რეექსპორტიც მომგებიანია, თუმცა ადგილობრივ ექსპორტს მეტი მნიშვნელობა ენიჭება. იანვარ-ოქტომბერში დაფიქსირებული 611 მლნ-იანი მთლიანიექსპორტიდან 114 მლნ-ს ადგილობრივი ექსპორტი წარმოადგენდა და 497 მლნ-ს რეექსპორტი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი ექსპორტი ძირითადად რეექსპორტის ხარჯზე შემცირდა-591 მლნ-დან 497 მლნ დოლარამდე, თუმცა 8 მლნ-იანი კლება ( 122 მლნ-დან 114 მლნ დოლარამდე) ადგილობრივ ექსპორტშიც აღინიშნა.

მსუბუქი ავტომობილების ხარჯზე, 2010-2015 წლებში, აზერბაიჯანი საქართველოსთვის ნომერი პირველ საექსპორტო პარტნიორს წარმოადგენდა. 2014 წლის აპრილიდან ბაქომ რეგულაციები გაამკაცრა და EURO 4-ის სტანდარტი აამოქმედა, აზერბაიჯანში ავტოექსპორტი და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტიც შემცირდა. კლების მიუხედავად, აზერბაიჯანი ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად ყოველთვის რჩებოდა. 2024 წლის იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით, ექსპორტში აზერბაიჯანი მესამე ადგილს, ხოლო იმპორტსა და მთლიან სავაჭრო ბრუნვაში მეექვსე ადგილს იკავებს. აზერბაიჯანს საექსპორტო პარტნიორებში (ძირითადად მსუბუქი ავტომობილების ხარჯზე) მხოლოდ ყირგიზეთი და ყაზახეთი უსწრებს.

დღეს აზერბაიჯანი საექსპორტო პარტნიორებში პირველი აღარაა, თუმცა თუ 1995-2023 წლების პერიოდს ჯამურად გავაანალიზებთ, 7.6 მლრდ დოლარით აზერბაიჯანი კვლავ ლიდერის პოზიციას დაიკავებს. ეს თანხა მეორე ადგილზე მყოფ რუსეთთან შედარებით 2 მლრდ-ით, მესამე ადგილზე მყოფ სომხეთთან შედარებით 2.6 მლრდ-ითა და მეოთხე ადგილზე მყოფ თურქეთთან შედარებით 2.8 მლრდ დოლარით მეტია.

გრაფიკი 1: ექსპორტი აზერბაიჯანში


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ექსპორტის მსგავსად, 10 -თვიან ჭრილში, იმპორტიც შემცირებულია. 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ აზერბაიჯანიდან 517 მლნ დოლარის, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 458 მლნ დოლარის პროდუქცია შეიძინა.

სავაჭრო ბრუნვის კლება ძირითადად მსუბუქი ავტომობილებისა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის შემცირებამ გამოიწვია. 10 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველომ აზერბაიჯანში 118 მლნ დოლარით ნაკლები ( 254 მლნ დოლარის) ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გაყიდა და 67 მლნ დოლარით ნაკლები (182 მლნ დოლარის) ღირებულების ბუნებრივი გაზი შეიძინა.

გრაფიკი 2: სავაჭრო ბრუნვა აზერბაიჯანთან იანვარ-ოქტომბერში (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პანდემიის შემდგომი სამი წელი სავაჭრო ბრუნვაში ( ძირითადად ექსპორტის ხარჯზე) ზრდის დინამიკა შეინიშნებოდა, 2024 წელს კი ზრდა კლებამ შეცვალა.

სამინისტროს განცხადების მეორე ნაწილი ინვესტიციებს ეხებოდა. 3000%-იანი ზრდა ძალიან დიდია და როგორც წესი, ასეთი ზრდების საფუძველი საბაზო ეფექტი ხდება ხოლმე. 2022 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში 3.4 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო 2023 წელს - 90 მლნ-ის, რაც 2580%-იან ზრდას ნიშნავს. პროცენტული ზრდა შთამბეჭდავია, თუმცა საბაზო ეფექტითაა გამოწვეული. 2022 წელს აზერბაიჯანიდან შემოსული ინვესტიციები თითქმის განულდა, მის ფონზე 2023 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ 2014-2018 წლების მაჩვენებლისთვის არ მიუღწევია. აღდგენის ნიშნები არც 2024 წელს შეინიშნება და იანვარ-ივნისში სულ 36 მლნ-იანი ინვესტირება ფიქსირდება.

გრაფიკი 3: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აზერბაიჯანიდან


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ინვესტიციების კლება მასშტაბური პროექტების დასრულებას უკავშირდება. იმ წლებში, როდესაც აზერბაიჯანული ინვესტიციები მაქსიმუმს აღწევდა, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა შენდებოდა და შაჰ-დენიზის გაზსადენი ფართოვდებოდა.

საგულისხმოა, რომ სამინისტროს განცხადებაში საგარეო ვაჭრობის ნაწილი თანხობრივად იყო მოცემული, წინა წელთან შედარების გარეშე, ხოლო ინვესტიციები პროცენტული ნამატით. განცხადებაში დასახელებული რიცხვები მანიპულაციურია და ისე აღიქმება, თითქოს ამ მიმართულებით დიდი წარმატებაა მიღწეული. საგარეო ვაჭრობის ნაწილში დასახელებული რიცხვები სწორია, ინვესტიციების ნაწილში - გაზვიადებული, რაც სავარაუდოდ მარტის წინასწარ მონაცემებს ეყრდნობა და არა განახლებულს, თუმცა ეს არაა მთავარი პრობლემა. მთავარ პრობლემას რიცხვებით მანიპულირება წარმოადგენს. საგარეო ვაჭრობის ბრუნვა შემცირებულია. შემცირებულია, როგორც ცალკე აღებული ადგილობრივი ექსპორტი, ცალკე აღებული რეექსპორტი და ასევე ცალკე აღებული იმპორტი. რაც შეეხება ინვესტიციებს, მისი ოთხნიშნა პროცენტული მაჩვენებლით ზრდა საბაზო ეფექტით არის განპირობებული. რიცხობრივად მეტ-ნაკლებად სწორი მონაცემებისა და რიგი მნიშვნელოვანი ფაქტორების უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ეკონომიკის სამინისტროს განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.



[1] განცხადება, სავარაუდოდ, საქსტატის მიერ 2024 წლის მარტში გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, 2022 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში 1.7 მლნ დოლარის და 2023 წელს 53.6 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. აგვისტოში საქსტატმა მონაცემები დააზუსტა, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსული ინვესტიციები 3.4 მლნ-ითა და 2023 წელს 90.3 მლნ დოლარით განისაზღვრა.