ელისაშვილმა ერთი საათით ადრე, ინტერვიუში თქვა მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილების შინაარსი

თენგიზ შარმანაშვილი: ელისაშვილმა ერთი საათით ადრე, ინტერვიუში თქვა მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილების შინაარსი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თენგიზ შარმანაშვილის განცხადება არის ტყუილი

ანალიზი:

2024 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 20:58 საათზე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი ალეკო ელისაშვილი თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში იმავე დღეს მიმდინარე სხდომას გამოეხმაურა - „ხომ ხედავთ რა მაგარი ამბავია, პირველი სერიოზული შედეგი იმისა, რომ გაბედა თეთრიწყაროში მოსამართლემ და თქვა რომ ფარულობა იყო დარღვეული“.

აღნიშნულზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა აღნიშნა - „20 საათსა და 58 წუთზე „ტვ პირველს“ მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო და შეაქო მოსამართლე ასეთი გადაწყვეტილებისთვის. 21 საათსა და 11 წუთზე „საზოგადოებრივ არხს“ მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა იგივე და თქვა, რომ რა გამბედავია ეს მოსამართლე, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება და პირდაპირ ასახელებს გადაწყვეტილების შინაარსს. 22 საათსა და 8 წუთზე დაიწყო მოსამართლემ ამის გამოცხადება, ანუ ერთი საათის შემდეგ. თუ აქ პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი არ იყო ეს და პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, პოლიტიკოსებმა საიდან იცოდნენ ამ გადაწყვეტილების შესახებ. აქ ხომ აშკარად დარღვეულია სასამართლოს თათბირის საიდუმლოება“.

განცხადების პათოსს იზიარებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი არჩილ გორდულაძეც. მსგავსი შინაარსის სიუჟეტი და საინფორმაციო ბარათები ტელეკომპანია იმედმაც გაავრცელა.

„ფაქტ-მეტრმა“ თენგიზ შარმანაშვილის განცხადება გადაამოწმა

2024 წლის 4 ნოემბერს, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატმა მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ, ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და წალკის და თეთრიწყაროს ოლქში შემავალი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგები (კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შესაბამისი შემაჯამებელი ოქმები) ბათილად ცნო. [1]

გადაწყვეტილების მიხედვით, „გონივრულობის ფარგლებში, უმეტეს შემთხვევებში, შეუძლებელია ამომრჩეველმა წარმოდგენილი ბიულეტენის, მარკერის და ჩარჩო კონვერტის მეშვეობით გამოხატული ნება (გაფერადებული/გაუფერადებელი. მონიშნული/მოუნიშნავი ბიულეტენი) ისე მოათავსოს ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში, რომ სრულად გამორიცხული იქნეს მისი ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა“. [2]

სასამართლომ ფარულობის დარღვევა სხდომის დარბაზში მხარეების და სასამართლოს მონაწილეობით ჩატარებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში დაადგინა, როდესაც რამდენიმე ფარულად მონიშნული საარჩევნო ბიულეტენების სხვადასხვა პირების მიერ ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში მოთავსებისას აპარატთან მდგომი მხარეებისთვის ცნობილი გახდა, თუ რა ნაწილი იყო გაფერადებული. [3]

სხდომაზე ჩატარებულ ექსპერიმენტს და მასზე მხარეთა პოზიციებს საზოგადოება სოციალური ქსელისა და მედიასაშუალებების მეშვეობით ეცნობოდა. 18:50 საათიდან საზოგადოება გაეცნო მოსარჩელის - „საიას“ განცხადებას იმის შესახებ, თუ რა დაადგინა სასამართლომ მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში - „მიმდინარე პროცესის ფარგლებში, მოსამართლემ საიას შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვა შემთხვევითი შერჩევით წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში შემავალი 3-3 უბნის ბიულეტენები, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალია. მოსამართლემ ასევე მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი. სასამართლო სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია“.

გარდა ამისა, საზოგადოებამ მედიის მეშვეობით, დაახლოებით 20:35 საათიდან ლაივ რეჟიმში მოუსმინა თავად მოსამართლესაც, რომელმაც აღნიშნა, რომ „ტექნოლოგიურად საარჩევნო პროცესი ისე იყო მოწყობილი, რომ ფიზიკურად, საღი აზრით, გონივრულად, თქვენც ნახეთ თქვენი თვალით ხომ, რომ ადამიანი რომელიც მივიდოდა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა ფარულობას ვერ უზრუნველყოფდა და ვერ უზრუნველყოფდა კონკრეტული საარჩევნო ბიულეტენის და ჩარჩო კონვერტის გამოყენება“ .

ალეკო ელისაშვილმა, სწორედ ამ ფაქტების შემდეგ, დაახლოებით, 20:58 საათზე განაცხადა - „ხომ ხედავთ რა მაგარი ამბავია, პირველი სერიოზული შედეგი იმისა, რომ გაბედა თეთრიწყაროში მოსამართლემ და თქვა რომ ფარულობა იყო დარღვეული“. ცხადია, ალეკო ელისაშვილს აღნიშნულის თქმის სრული საფუძველი გააჩნდა სხდომის დარბაზში მხარეების და სასამართლოს მონაწილეობით ჩატარებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესზე და მოსამართლის მიერ მკაფიოდ დაფიქსირებულ პოზიციაზე დაყრდნობით, იმის შესახებ, რომ ხმის მიცემის პროცედურა ფარულობას ვერ უზრუნველყოფდა.

ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, თენგიზ შარმანაშვილის და მისი თანაგუნდელების განცხადებები, რომ თითქოს პოლიტიკოსებმა წინასწარ იცოდნენ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არის ტყუილი.

[1] გადაწყვეტილება სრულად იხილეთ ბმულზე.

[2] იქვე, გვ. 26-27

[3] იქვე.