ჩოხატაურში სულ 17 000 ადამიანი ცხოვრობს და მათგან 11 000 ოფიციალურად არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში

თათია ნიკოლაშვილი: ჩოხატაურში სულ 17 000 ადამიანი ცხოვრობს და მათგან 11 000 ოფიციალურად არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ჩოხატაურში 17 000 ადამიანი ცხოვრობს, რაც შარშანდელ რაოდენობასთან შედარებით, 300 ადამიანით ნაკლებია. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის აგვისტოს მიხედვით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობის 69.7% ანუ 11 856 პირი რეგისტრირებულია მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში.

ამდენად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თათია ნიკოლაშვილის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თათია ნიკოლაშვილმა საკუთარ FB-გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც, სხვა პრობლემებთან ერთად, საუბარია ჩოხატაურის მოსახლეობის სოციალურ პრობლემებზე. კერძოდ, პოლიტიკოსმა აღნიშნა: „ჩოხატაურში სულ 17 000 ადამიანი ცხოვრობს და მათგან 11 000 ოფიციალურად არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში.“

ამ ტიპის განცხადებების გადამოწმება „ფაქტ-მეტრს“ ხშირად უწევს, რადგან ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა პოლიტიკოსებისთვის ერთ-ერთი მთავარი თემაა, განსაკუთრებით - არჩევნების წინ. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ოჯახს, რომელიც სპეციალური განაცხადით მიმართავს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, სოციალური აგენტი აფასებს. მის მიერ შეკრებილი ინფორმაცია შესაბამისი მეთოდოლოგიით მუშავდება და ოჯახს სარეიტინგო ქულა ენიჭება. ქულის ოდენობა განსაზღვრავს, რა სახის დახმარება უნდა დაენიშნოს მას. ფულადი საარსებო შემწეობა ენიშნება იმ ოჯახს/პირს, რომლის სარეიტინგო ქულა იწყება ნიშნულიდან „არ აღემატება 30 000-ს“ და მოიცავს კატეგორიას 120 000 ქულის ჩათვლით (ისეთ ოჯახში მცხოვრები ყველა 16 წლამდე ბავშვი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120 001-მდეა, იღებს 150 ლარს, საარსებო შემწეობის სახით).

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის აგვისტოში, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იყო ჩოხატაურის მთლიანი მოსახლეობის (17 000 ადამიანი) 69.7% ანუ 11856 ადამიანი. თუ ამ მაჩვენებელს 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობასთან შევადარებთ, ვნახავთ, რომ რეგისტრირებულთა რაოდენობა გაზრდილია.

დიაგრამა 1. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა ჩოხატაურში, 2023-2024 წლები

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, გურიაში ცხოვრობდა 104 300 ადამიანი, აქედან 17 300 - ჩოხატაურში. 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, გურიაში 101 900 მოქალაქე ცხოვრობს, საიდანაც 17 000 რეგისტრირებულია ჩოხატაურში. აღნიშნული მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ გურიის მოსახლეობა 2 400-ით შემცირდა. კონკრეტულად ჩოხატაურში კი წელს 300 ადამიანით ნაკლები ცხოვრობს, ვიდრე - შარშან. ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა ჩოხატაურში, 2023 წლის დეკემბრის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობის 68.5%-ს შეადგენდა.

შარშანდელ დეკემბერთან შედარებით, უმნიშვნელოდ გაზრდილია საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობაც.

დიაგრამა 2. საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა ჩოხატაურში, 2023-2024 წლები

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო; ავტორის გამოთვლები

დიაგრამა 2 აჩვენებს, რომ საარსებო შემწეობის მიმღები მოქალაქეების რაოდენობა, 2023 წლის მარტის შემდეგ, მცირდებოდა, ხოლო ოქტომბრიდან კვლავ მოიმატა. 2024 წლის განმავლობაში მიმღებთა რიცხვს გასული წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებლისთვის არ მიუღწევია, თუმცა აგვისტოში შემწეობას უფრო მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე შარშან დეკემბერში იღებდა. შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურში, 2023 წელთან შედარებით, მოსახლეობის რაოდენობა 300 ადამიანით შემცირდა. პარალელურად, უმნიშვნელოდ შეიცვალა საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რიცხვიც. კერძოდ, მიმდინარე წლის აგვისტოში დასაქმებულია 3 401 პირი, ხოლო შარშან დეკემბერში ეს მაჩვენებელი 3 408 ადამიანს შეადგენდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თათია ნიკოლაშვილის განცხადება არის სიმართლე.