ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია რომ ქვეყანამ განიცადა უკუსვლა და რეგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის სფეროში

ნიკა მელია: ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია რომ ქვეყანამ განიცადა უკუსვლა და რეგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის სფეროში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნიკა მელიას განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: ევროკომისიის ანგარიშში კანონის უზენაესობის კუთხით არსებულ ვითარებასთან და მმართველობის საკვანძო სფეროებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებაა გამოთქმული. ასევე, ანგარიშში პირდაპირ ვკითხულობთ, რომ საქართველომ ადამიანის უფლებების კუთხით არსებითი უკუსვლა განიცადა. 

ანალიზი:  

2022 წლის 10 აგვისტოს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნულს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე - ნიკა მელია, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ამ დოკუმენტის მიხედვით საქართველომ განიცადა უკუსვლა და რეგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის სფეროში“.

ევროკომისიის ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ეხება. ანგარიში 2021 წლის 5 თებერვლის შემდეგ პერიოდს მოიცავს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა, თუმცა კანონის უზენაესობასა და მმართველობის საკვანძო სფეროებთან (მათ შორის სასამართლო სისტემასთან), ასევე, ადამიანის უფლებების სფეროში არსებით უკუსვლასთან დაკავშირებით, შეშფოთებაა გამოთქმული.

დოკუმენტში, როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ისე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებებია მოყვანილი. კერძოდ, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვკითხულობთ, რომ ეუთო/ოდირის „სადამკვირვებლო მისიის დასკვნითი ანგარიშის თანახმად, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. თუმცა, არჩევნებზე გავლენა მოახდინა გავრცელებულმა ბრალდებებმა ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის წაშლამ, რამაც საარჩევნო პროცესის ზოგიერთ ასპექტში საზოგადოების ნდობა შეამცირა“.

ანგარიშის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხარვეზებით ჩატარდა. „ეუთო / ოდირის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის მიხედვით, არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ მუდმივმა პოლარიზაციამ, ნეგატიური რიტორიკის გამწვავებასთან ერთად, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უპირატესობა მმართველ პარტიას აძლევდა ხელს საასპარეზო პირობები შეცვალა“ ,- ვკითხულობთ დოკუმენტში.

ანგარიშში 2021 წლის 19 აპრილის („შარლ მიშელის შეთანხმება“) შეთანხმების შესახებაც არის ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ის მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა: „შეთანხმების ძირითადი ნაწილები - განსაკუთრებით სასამართლო რეფორმა და ძალაუფლების განაწილება პარლამენტში - ამ ანგარიშის დაწერის დროს კვლავ შეუსრულებელი რჩება“.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სასამართლო სისტემაში რეფორმები გასული წლის განმავლობაში შეჩერდა და საკვანძო სფეროებში რეგრესიც კი განიცადა. „2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებაში და მომდევნო შემთხვევებში, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო ვალდებულება მიეღო ამბიციური სასამართლო რეფორმა, როგორც პირველი ნაბიჯი ფართო, ინკლუზიური და პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმის პროცესისა. მიუხედავად ამისა, სასამართლო სისტემაში წარდგენისა და დანიშვნის პროცესები 2021 წელს კომპლექსური რეფორმების გარეშე გაგრძელდა“.

დოკუმენტში საუბარია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ გაცემული რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობაზე, რომლებიც მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურებს ეხებოდა. ასევე, ყურადღებაა გამახვილებული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განხორციელებულ დანიშვნებზეც (2021 წლის 26 მაისს და 31 ოქტომბერს), რომელიც ნაჩქარევად, წინასწარი განცხადების და საჭირო შემოწმების გარეშე წარიმართა.

ანგარიშის თანახმად, რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კანონი პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით იქნა მიღებული, ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ აუცილებელი კონსულტაციებისა და ანალიზის გარეშე.

„2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ. პროექტის შემუშავების პროცესში არ ჩატარებულა კონსულტაციები და დაჩქარებული პროცედურის გატარების დასაბუთება არ ყოფილა. ცვლილებებმა გააძლიერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიცია, შექმნა მოსამართლეთა ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანის შესაძლებლობა ევროსტანდარტებით მოთხოვნილი შეზღუდვების გარეშე და დისციპლინური სამართალწარმოების ახალი საფუძველი“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

უარყოფითადაა შეფასებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლის ფაქტიც, რომელზეც გადაწყვეტილება პარლამენტმა 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო (საკანონმდებლო პაკეტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლის შესახებ) არსებითი წინასწარი კონსულტაციების გარეშე. დოკუმენტის თანახმად, „პროცესი, რომლითაც ეს ცვლილებები განხორციელდა, საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირებას საქართველოში“.

ანგარიშში საქართველოს მედიაგარემო შეფასებულია, როგორც „პლურალისტური და კონკურენტუნარიანი, მაგრამ ასევე ძალზე პოლარიზებული“. დოკუმენტში მოყვანილია მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი, რომლის თანახმადაც, 2022 წლის მონაცემებით, საქართველომ 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა. „ეს წარმოადგენს საქართველოში მედიის თავისუფლების მნიშვნელოვან გაუარესებას 2021 წელთან შედარებით, განსაკუთრებით ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან მიმართებით“, - წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ყურადღება 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებზეც არის გამახვილებული და აღნიშნულია, რომ ამ დღეს მომხდარი ძალადობა ჟურნალისტებისა და LGBTIQ პირთა წინააღმდეგ შემდგომი არსებითი გამოძიების გარეშე დარჩა. „2021 წლის 5 ივლისს თბილისში ღირსების მარში გაუქმდა მას შემდეგ, რაც ძალადობრივი დემონსტრანტები შეიჭრნენ ლგბტიქ აქტივისტების შტაბ-ბინაში და თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო პირებს. მთავრობამ და სამართალდამცავებმა მშვიდობიანი შეკრების უფლება და მომიტინგეების უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვეს“.

ევროკომისიამ ხელისუფლების მხრიდან სახალხო დამცველის ოფისზე ზეწოლასთან დაკავშირებით საყურადღებო და მწვავე შეფასება გააკეთა. ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობის შერყევისა და მისი თანამშრომლების კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობები ვიხილეთ. „ოფისმა განიცადა ზეწოლა იმის გამო, რომ ხმამაღლა ეხმაურებოდა გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს, მათ შორის „თბილისის პრაიდს“ და ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის პატიმრობის პირობებს“.

დოკუმენტში, ასევე, საუბარია, 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ცნობებზე ქართველი საზოგადოებისა და დიპლომატების ფართო მოსმენების შესახებ: „მედიამ მიიღო წვდომა დიდი რაოდენობით ფაილებზე, რომელიც პირად სატელეფონო საუბრებს ეფუძნებოდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება ჯერ არ დასრულებულა“.

ანგარიშში პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეებიც მოხვდა, მათ შორის, ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას საქმეები. ასევე, თიბისი ბანკის დამფუძნებლებისა და პარტია „ლელოს“ წარმომადგენლების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმე.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკომისიის ანგარიშში კანონის უზენაესობის კუთხით არსებულ მდგომარეობასთან და მმართველობის საკვანძო სფეროებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებაა გამოთქმული. ასევე, ანგარიშში პირდაპირ ვკითხულობთ, რომ საქართველომ ადამიანის უფლებების კუთხით არსებითი უკუსვლა განიცადა. შესაბამისად, ნიკა მელიას განცხადება სიმართლეა.