ყველა წამყვანი საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო აუმჯობესებს საქართველოს შეფასებას

რეზიუმე: საქართველოს საკრედიტო რეიტინგის [1] უახლესი შეფასება, 2019 წლის 12 აპრილს სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor’s-მა გამოაქვეყნა. S&P-მა საქართველოს რეიტინგს 2011 წლის შემდგომ პირველად გადახედა, თუმცა 2011 წლის შეფასება “BB-” უცვლელად დატოვა და მხოლოდ მომავალი პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესებით შემოიფარგლა.

ამავე პერიოდში (2019 წლის 22 თებერვალი) საქართველოს საკრედიტო რეიტინგის განახლებული შეფასება სარეიტინგო სააგენტო Fitch-მაც გამოაქვეყნა და S&P-სგან განსხვავებით საკუთარი წინა (16.03.2018) შეფასება „BB-„ პოზიტიური პერსპექტივით, ორგანიზაციამ „BB“ სტაბილურამდე გაზარდა. აღნიშნული შეფასება საუკეთესო შედეგია, რომლისთვისაც საქართველოს დღემდე მიუღწევია. შესაბამისად, მიმდინარე წლის დასაწყისში, საქართველომ, საკრედიტო რეიტინგში საკუთარ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. თავისთავად, „BB“ ნიშნული საშუალო დონის შეფასებაა და არასაინვესტიციო დონედ მიიჩნევა.

კიდევ ერთმა საერთაშორისოდ აღიარებულმა სარეიტინგო კომპანიამ, Moody's-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი პირველად 2010 წლის ოქტომბერში შეაფასა და ქვეყანას „Ba3“ რეიტინგი მიანიჭა სტაბილური პერსპექტივით, ბოლო შეფასებით (2017 წლის სექტემბერი) კი აღნიშნული ნიშნული „Ba2“ საფეხურამდე გააუმჯობესა სტაბილური პერსპექტივით. პოზიცია შეესაბამება Fitch-ის იმავე პერიოდის შეფასებას და საშუალო მაჩვენებელია. შემდგომ პერიოდში Moody's-ს საქართველოს რეიტინგი აღარ განუახლებია.

ნათია თურნავას განცხადება ზუსტია სარეიტინგო კომპანიების Moody's-სა და Fitch-ის მიერ შეფასებული რეიტინგების ცვლილების ნაწილში, Standard & Poor’s-ის შემთხვევაში კი უშუალოდ რეიტინგის გაუმჯობესებას 2019 წელს ადგილი არ ჰქონია, S&P-მა მხოლოდ რეიტინგის სამომავლო პერსპექტივა გააუმჯობესა. თუმცა აღნიშნული არ მოდის წინააღმდეგობაში მინისტრობის კანდიდატის განცხადების პათოსთან.

ანალიზი

საქართველოს პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ ბოლო წლებში საკრედიტო რეიტინგებში ქვეყნის წინსვლაზე შეაჩერა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2017 წლიდან მოყოლებული ყველა წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო აუმჯობესებს საქართველოს შეფასებას. კანდიდატის მტკიცებით, 2017-ში Moody's-მა, ხოლო 2019 წლის თებერვალსა და აპრილში, Fitch-მა და Standard & Poor’s-მა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგები გააუმჯობესა.

მსოფლიო ეკონომიკაში ქვეყნები ერთმანეთს უწევენ კონკურენციას უცხოური კაპიტალის მოზიდვის თვალსაზრისით. უცხოურ კაპიტალზე განსაკუთრებით დამოკიდებულია განვითარებადი/ნაკლებად განვითარებული ქვეყნები, რომელთა საკუთარი რესურსი შეზღუდულია. თავის მხრივ, კრედიტორები/ინვესტორები არჩევანს აკეთებენ კონკრეტულ ქვეყანაში უკუგების ნორმისა და სტაბილურობის, სხვანაირად, რომ ითქვას, სახსრების განთავსების მოსალოდნელი მომგებიანობისა და რისკის გათვალისწინებით. რაც ნაკლებია რისკი (მეტია სანდოობა), მით დაბალია უკუგების ნორმა, რომლის სანაცვლოდაც კაპიტალის მფლობელი მზად არის განათავსოს საკუთარი სახსრები ქვეყანაში. რისკიანობის შემცირებასთან ერთად, მცირდება საკრედიტო რესურსზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ცალკეული ქვეყანა უხდის კრედიტორს.

ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი აწვდის ინვესტორს ინფორმაციას ცალკეულ ქვეყანაში ინვესტირების რისკის ფაქტორებთან და ამ ქვეყნის სანდოობასთან დაკავშირებით. საკრედიტო რეიტინგებს ათეულობით სააგენტო

აქვეყნებს, თუმცა, მათ შორის ყველაზე გავლენიანი და საყოველთაოდ ცნობილი სამეულია: Standard & Poor’s (S&P), Moody’s და Fitch.

ყოველი საკრედიტო სააგენტო საკუთარი მეთოდოლოგიის შესაბამისად მუშაობს, თუმცა ძირითადი მაჩვენებლები, რასაც ექცევა ყურადღება საერთოა და მოიცავს, როგორც ეკონომიკურ ინდიკატორებს, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გარემოს. პოზიტიური საკრედიტო რეიტინგის მიღწევა ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი.

სარეიტინგო სააგენტო Fitch საკრედიტო რეიტინგის საფეხურებს ლათინური ასოების შესაბამისად ყოფს - მინიმალური D-დან მაქსიმალურ AAA-მდე[1]. პრინციპი ანალოგიურია დანარჩენი სარეიტინგო სააგენტოების შემთხვევაშიც. რეიტინგთან ერთად მნიშვნელოვანია რეიტინგის პერსპექტივა, რომელიც შესაძლებელია იყოს ნეგატიური, სტაბილური ან პოზიტიური და უახლოეს მომავალში რეიტინგის ცვლილების მოსალოდნელ მიმართულებას აღნიშნავს. შეფასების საფეხურები თავის მხრივ იყოფა საინვესტიციო და არასაინვესტიციო ჯგუფებად.

ცხრილი 1. საკრედიტო რეიტინგები საინვესტიციო დონის მიხედვით - Fitch

წყარო: Investopedia.com

პირველად საქართველოს საკრედიტო რეიტინგი Standard & Poor’s-მა 2005 წელს შეაფასა და ქვეყანას „B+“ რეიტინგი მიანიჭა პოზიტიური პერსპექტივით. 2007 წელს საქართველოს საკრედიტო რეიტინგი Fitch-მაც შეაფასა და „BB-„ რეიტინგი მიანიჭა სტაბილური პერსპექტივით. ამავე პერიოდისათვის S&P საქართველოს რეიტინგს ისევ „B+ პოზიტიური“-ს ნიშნულზე აფასებდა. 2008 წლის აგვისტოს ომის პარალელურად ბუნებრივია, საქართველოს რეიტინგი გაუარესდა და Fitch-ის შეფასებით „B+“ ნეგატიურამდე, S&P-ს შემთხვევაში კი “B“ ნეგატიურამდე შემცირდა.

ცხრილი 2: საქართველოსთვის მინიჭებული საკრედიტო რეიტინგების ცვლილების ტენდენცია

Fitch

Standard & Poor’s (S&P)

Moody's

თარიღი

რეიტინგი

პერსპექტივა

თარიღი

რეიტინგი

პერსპექტივა

თარიღი

რეიტინგი

პერსპექტივა

22.02.2019

BB

სტაბილური

12.04.2019

BB-

პოზიტიური

11.09.2017

Ba2

სტაბილური

16.03.2018

BB-

პოზიტიური

22.11.2011

BB-

სტაბილური

11.03.2016

Ba3

სტაბილური

20.04.2015

BB-

სტაბილური

29.03.2011

B+

პოზიტიური

22.08.2014

Ba3

პოზიტიური

17.10.2014

BB-

პოზიტიური

12.04.2010

B+

სტაბილური

06.10.2010

Ba3

სტაბილური

15.12.2011

BB-

სტაბილური

25.09.2008

B

სტაბილური

N/A

03.03.2011

B+

პოზიტიური

08.08.2008

B

ნეგატიური

26.08.2009

B+

სტაბილური

05.05.2008

B+

სტაბილური

07.04.2009

B+

ნეგატიური

08.10.2007

B+

პოზიტიური

08.08.2008

B+

ნეგატიური

21.11.2006

B+

სტაბილური

18.07.2007

BB-

სტაბილური

06.12.2005

B+

პოზიტიური

წყარო: https://tradingeconomics.com/georgia/rating

კრიზისამდელ ნიშნულზე ქვეყნის რეიტინგი S&P-მ 2010 წლის აპრილში დააბრუნა და ისევ “B+ სტაბილური”-ს ნიშნულზე შეაფასა, 2011 წლის ნოემბერში კი რეიტინგი „BB-“ სტაბილურამდე გაზარდა, რაც კრიზისამდე არსებული ნიშნულის გაუმჯობესებას წარმოადგენდა. 2012-2018 წლებში S&P-ს საქართველოს საკრედიტო რეიტინგი აღარ განუახლებია. 2019 წლის აპრილის შეფასებით კი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი S&P-ს შეხედულებით არ გაუმჯობესებულა და 2011 წლის ნიშნულზე („BB-“) დარჩა. შეიცვალა მხოლოდ მოსალოდნელი ცვლილების პროგნოზი და სტაბილური პერსპექტივა პოზიტიურით შეიცვალა.

Fitch-ის შემთხვევაში კრიზისამდელ ნიშნულზე დაბრუნება მხოლოდ 2011 წლის დეკემბერში გახდა შესაძლებელი, როცა სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს ისევ „BB-“ რეიტინგი მიანიჭა სტაბილური პერსპექტივით. 2014 წლის ოქტომბერში რეიტინგის პერსპექტივა გაუმჯობესდა და პოზიტიურით შეიცვალა, თუმცა 2015 წლის აპრილში ისევ სტაბილურამდე შემცირდა. 2018 წლის მარტის შეფასებით, საქართველო დაუბრუნდა 2014 წელს დაფიქსირებულ იმ დროისათვის საუკეთესო შედეგს და „BB-“ რეიტინგი ისევ პოზიტიური პერსპექტივით მიენიჭა. Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი ბოლოს მიმდინარე წლის თებერვალში განაახლა და “BB სტაბილური“-ს ნიშნულზე განსაზღვრა რაც მთელ პერიოდზე საუკეთესო შეფასებაა.

Moody's-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი პირველად 2010 წლის ოქტომბერში შეაფასა და ქვეყანას „Ba3“ რეიტინგი მიანიჭა სტაბილური პერსპექტივით, ბოლო შეფასებით (2017 წლის სექტემბერი) კი „Ba2“ საფეხურამდე გააუმჯობესა სტაბილური პერსპექტივით. აღნიშნული პოზიცია შეესაბამება Fitch-ის იმავე პერიოდის შეფასებას და საშუალო მაჩვენებელია. შემდგომ პერიოდში Moody's-ს საქართველოს რეიტინგი აღარ განუახლებია.


[1]პოტენციური მსესხებლის საკრედიტო რისკიანობის შეფასება, რომელიც აღწერს სუბიექტის, მათ შორის ცალკეული ქვეყნის, შესაძლებლობას/უნარს მოემსახუროს საკუთარ ვალდებულებებს.

[1] რეიტინგში იერარქია განისაზღვრება შემდეგი პრინციპით: 1. სიმბოლოთა ანბანური რიგითობა - A უფრო მაღალი საფეხურია ვიდრე B ან B-ს ნებისმიერი კომბინაცია (B-,B,B+,BB-,BB,BB+,BBB-,BBB, BBB+) ანალოგიურად დანარჩენი სიმბოლოებისთვის. 2. სიმბოლოთა რაოდენობა - რაც მეტია ასოების რაოდენობა მით მაღალია რეიტინგი, მაგ BBB უფრო მაღალი საფეხურია ვიდრე ორი ან ერთი ერთეული B-ს ნებისმიერი კომბინაცია (B-,B,B+,BB-,BB,BB+) ანალოგიურად დანარჩენი სიმბოლოებისთვის. 3. „+“ უფრო მაღალი საფეხურია ვიდრე „-„ მაგ. B უფრო დაბალი საფეხურია ვიდრე “B+” და უფრო მაღალი ვიდრე “B-“, ანალოგიურად დანარჩენი სიმბოლოებისთვის.