ვერდიქტი: ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული მაჩვენებლები თანხვედრაშია საქსტატის მაჩვენებლებთან, თუმცა საქსტატის ეს მონაცემები 2012 და 2017 წლებისათვის ურთიერთშესადარისი არ არის, ვინაიდან არ ითვალისწინებს საქართველოში 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგებს. ახალი აღწერის გათვალისწინებით დათვლილი (საერთაშორისო სავალუტო ფონდის) მონაცემებით კი, 2012-2017 წლებში, დოლარში გამოსახული მშპ ერთ სულზე 4 131-დან 4 099 დოლარამდე მცირდება. ამ ცვლილებას ტექნიკური მიზეზი - ლარის კურსის ცვლილება განაპირობებს.
ასევე, მსგავსი შედარებისას მიზანშეწონილია არა დოლარში კონვერტირებული მონაცემის, არამედ ეროვნულ ვალუტაში დათვლილი მაჩვენებლის გამოყენება.
მიუხედავად არარელევანტური შედარებისა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების ძირითადი კონტექსტი, საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე, მართებულია. მისი განცხადების პათოსი, რომ 4 000 დოლარზე ოდნავ მაღალი შემოსავალი ერთ სულზე სიმდიდრის წინაპირობა ვერ იქნება, რეალობას აღწერს. მსოფლიო ბანკი ქვეყნების შემოსავლების დონეს ატლასის მეთოდით დათვლილი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული პროდუქტის ოდენობით აფასებს. ამ მაჩვენებლით (3 830 დოლარი 2016 წელს), საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყანათა ჯგუფს მიეკუთვნება. ამასთან, მსოფლიო ბანკის დათვლით, 2014 წელს საქართველოს მოსახლეობის 69% უკიდურესად ან ზომიერად ღარიბი იყო.
ანალიზი
8 მაისს, გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა 2012 წელს იყო 3 500 დოლარი, ხოლო დღეს 4 000 დოლარს სცდება, სოციალური ფონი რთულია, სიღარიბის მაჩვენებელი კი მაღალია.
განცხადებაში, ირაკლი კობახიძე, საქართველოში, ერთ სულზე დაფიქსირებული მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემებზე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის დროში ცვლილების შედარებისთვის მიზანშეწონილია ეროვნულ ვალუტაში გამოსახულ რეალურ მშპ-ზე დაყრდნობით ვიმსჯელოთ. სხვა ქვეყანასთან შედარებისთვის კი, თუ საერთო ვალუტაში მაჩვენებლების კონვერტირება გახდება საჭირო, მიზანშეწონილია მშპ მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით საერთაშორისო დოლარში დაანგარიშდეს.
საქსტატის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში (2010-2017 წლები) საქართველოს დოლარში გამოხატული მშპ-ს მაჩვენებელი ცვალებადი ტენდენციით ხასიათდება, ერთ სულზე დათვლილი მშპ-ს მონაცემი კი იმატებს.
პერიოდის დასაწყისში დოლარში გამოხატული მშპ-ს ნიშნული 11.6 მლრდ იყო, მონაცემი 2014 წლის ჩათვლით მუდმივად იზრდებოდა. 2014 წელს მაჩვენებელმა ისტორიულად მაღალი მნიშვნელობა მიიღო და 16.5 მლრდ დოლარი გახდა, 2015 წელს 2.5 მლრდ დოლარით შემცირდა, 2016 წლიდან კი ზრდის ტენდენცია განაახლა. მნიშვნელოვანია, რომ შემცირების დაფიქსირებული შემთხვევა, დიდწილად, ტექნიკური ხასიათისაა და საქართველოში ლარის გაუფასურებით აიხსნება. ეკონომიკის რეალური კლებისა თუ ზრდის სადემონსტრაციოდ მშპ-ს ეროვნულ ვალუტაში გამოხატულ ნიშნულს უნდა დავაკვირდეთ. აღნიშნული მონაცემი, საანგარიშო პერიოდში მუდმივად მზარდია.
საქსტატის ინფორმაციით, 2010-2017 წლებში, საქართველოს ერთ სულზე დათვლილი მშპ-ს მონაცემი ყოველი წლისთვის იმატებდა. 2010 წელს 2 623 დოლარი იყო, 2012 წელს, როგორც ამას ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, 3 523 დოლარი შეადგინა, 2017 წელს კი 4 000 დოლარს გადასცდა და 4 079 დოლარი გახდა. თუმცა, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ერთ სულზე დათვლილი მშპ-ს მონაცემები რეალურ სურათს არ აღწერს. 2012 წლის მონაცემი ძველი აღწერის შესაბამისად, 4.5 მლნ ადამიანზეა გადაანგარიშებული, 2017 წლის შემთხვევაში კი ახალი აღწერის შესაბამისად - 3.7 მლნ-ზე. შედეგად, ორი პერიოდის მაჩვენებელი ურთიერთშესადარისი არ არის.
ცხრილი 1: საქართველოს მშპ 2010-2017 წლებში
პერიოდი | მთლიანი შიდა პროდუქტი (მლნ დოლარი) | მშპ ერთ სულზე - საქსტატი (დოლარი) | მშპ ერთ სულზე - IMF (დოლარი) |
2010 | 11 637 | 2 623 | 2 951 |
2011 | 14 439 | 3 231 | 3 711 |
2012 | 15 847 | 3 523 | 4 131 |
2013 | 16 140 | 3 600 | 4 267 |
2014 | 16 508 | 3 676 | 4 428 |
2015 | 13 988 | 3 767 | 3 762 |
2016 | 14 378 | 3 865 | 3 872 |
2017 | 15 165 | 4 079 | 4 099 |
წყარო: საქსტატი; IMF
აღნიშული ხარვეზისაგან თავისუფალია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები, სადაც აღწერის შედეგები გათვალისწინებულია. შედეგად, შეცვლილია მაჩვენებლის ცვლილების ტენდენციაც და 2012-2017 წლებში დოლარში გამოსახული ნომინალური მშპ ერთ სულზე არათუ გაიზარდა (საქსტატის სტატისტიკით იზრდება), არამედ 32 დოლარით იკლო და 4 131 დოლარიდან 4 099 დოლარამდე შემცირდა. აღნიშნული შემცირება ტექნიკური მიზეზითაა გამოწვეული და ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული. გრაფიკი 1 ასახავს ერთ სულზე მშპ-ს ცვლილების სწორი მიდგომით დათვლილ ტენდენციას, როგორც დროში ასევე შედარებითი ანალიზის მიზნებისათვის.
გრაფიკი 1: ეკონომიკური მაჩვენებლები 2010-2017 წლებში
წყარო: საქსტატი; IMF
შემოსავლების მიხედვით, ქვეყნების კლასიფიკაციისთვის, მსოფლიო ბანკი იყენებს მაჩვენებელს მთლიანი ეროვნული შემოსავალი[1] ერთ სულ მოსახლეზე დოლარში (GNI Per Capita) დაანგარიშებულს სპეციალური მეთოდით (World Bank Atlas method) და არა ნომინალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. მოცემულ კლასიფიკაციაში საქართველო ბოლო წლების მანძილზე იმყოფება ზღვარზე საშუალოზე დაბალი და საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიებს შორის. 2003 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, საქართველო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნებოდა, 2015 წელს გადაინაცვლა ზედა კატეგორიაში, თუმცა 2016 წლიდან დაბრუნდა საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფში. საყურადღებოა, რომ ატლასის მეთოდით დათვლილი მეშ ერთ სულზე(დოლარში) 2015 წლიდან შემცირების ტენდენციას ინარჩუნებს, განსხვავებით სტატიის დასაწყისში განხილული მაჩვენებლებისგან.
ამავდროულად, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის შესაფასებლად, მნიშვნელოვანია, ქვეყნის სიღარიბის მაჩვენებლები. საქსტატის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ 2016 წელს საქართველოს მოსახლეობის 21.3% იმყოფებოდა და 20.6% მედიანური მოხმარების 60%-ზე ნაკლებს მოიხმარდა. მსოფლიო ბანკის შეფასებით კი 2014 წელს (ამ დრომდე ხელმისაწვდომი არ არის ამ ტიპის განახლებული კვლევა) საქართველოს მოსახლეობის 32% იყო უკიდურესად ღარიბი, 37% ზომიერად ღარიბი, ხოლო 24% სიღარიბის რისკის ქვეშ იმყოფებოდა (ფაქტ-მეტრი ამ თემაზე ადრეც წერდა ბმული 1; ბმული 2).
[1] მეშ(GNI) წარმოადგენს ქვეყნის რეზიდენტების მიერ ქვეყნის ფარგლებსა და უცხოეთში შექმნილ დამატებით ღირებულებას და მშპ-სგან განსხვავდება, საქართველოს რეზიდენტის მიერ უცხოეთში მიღებულ შემოსავალსა (მათ შორის დასაქმებით, საკუთრებიდან) და უცხო ქვეყნის რეზიდენტის მიერ საქართველოში მიღებულ შემოსავალს შორის სხვაობით.