ვერდიქტი: ოთარ კახიძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: 2012 წლის ნოემბერში, პარლამენტში, ადამიანის უფლებების კომიტეტის მხარდაჭერით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც გარკვეული პირების მიმართ „პოლიტიკური პატიმრობა“ უნდა დაედგინა. დაახლოებით ერთი თვის ვადაში, ჯგუფმა 215 პირიდან 190 პოლიტიკურ პატიმრად, ხოლო 25 - პოლიტიკურ დევნილად სცნო. აღნიშნულიდან მალევე, პარლამენტმა მიიღო „ამნისტიის შესახებ“ კანონი, რომლის საფუძველზეც ეს პირები ამნისტირებულად გამოცხადდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე პროცესი დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა, მალევე, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. სამუშაო ჯგუფი დატოვეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, იმ მოტივით, რომ მცირე დროში შეუძლებელი იყო საქმეების ინდივიდუალურად და სრულყოფილად შესწავლა. გაუგებრობები გამოიწვია, აგრეთვე, სამუშაო ფორმატმა და სიის ცვლილებებმა. პროცესს კანონთან შეუსაბამო უწოდა „ვენეციის კომისიამ“, რომელმაც დაასკვნა, რომ იგი წინააღმდეგობაში მოდიოდა სამართლიანობის და კანონის უზენაესობის პრინციპებთან, ასევე, ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან - პარლამენტი გასცდა საკუთარ უფლებამოსილებას და სასამართლოს ფუნქციებში შეიჭრა.
ანალიზი
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ოთარ კახიძემ, პოლიტიკური პატიმრების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა: „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არა მხოლოდ ფართომასშტაბიანი ამნისტიის გადაწყვეტილება, არამედ ინდივიდუალური საქმეების შესწავლის გარეშე 200-ზე მეტი პირი პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. ეს მოქმედება დაიწუნა ვენეციის კომისიამ, ამავე დროს ამ პროცესს გაემიჯნა სამოქალაქო სექტორი“.
2012 წლის ოქტომბერში, „ევროპის საბჭოს“ საპარლამენტო ასამბლეამ „პოლიტიკური პატიმრის სტატუსის განსაზღვრის შესახებ“ რეზოლუცია (N1900) მიიღო. ამ დოკუმენტით დადგინდა „პოლიტიკური პატიმრის“ ცნების დეფინიციის კრიტერიუმები.
რეზოლუციის მიხედვით, პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევა პირი, რომელსაც აღკვეთილი აქვს თავისუფლება:
- აზრის გამოხატვის, აღმსარებლობის და რელიგიის, ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების, შეკრებისა და გაერთიანების გამო - იმ ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის მიზნით, რომელიც აღიარებული და გამყარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით;
- არა სამართალდარღვევის, არამედ პოლიტიკური მიზეზების გამო;
- პოლიტიკური მოტივებით გახანგრძლივებული პატიმრობა და დანაშაულთან არაპროპორციულად შეფარდებული სახდელი/სასჯელი;
- დაპატიმრებული სხვა პირებთან შედარებით დისკრიმინაციულად, პოლიტიკური მოტივებით;
- უსამართლო/არასწორი სამართალწარმოებით დაკავებული პირი, რასაც პოლიტიკური მიზნები უდევს საფუძვლად.