„გასულ წლებთან შედარებით ღვინის ექსპორტი 32%–ით გაიზარდა"
2013 წლის 15 მაისის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, „კოალიცია ქართული ოცნების“ წევრმა, გიგლა აგულაშვილმა, განაცხადა: „დღეს აქ ლაპარაკი იყო სოფლის მეურნეობის პრობლემებზე. მინდა გითხრათ, რომ მთლად ასეც არ არის საქმე და არ არის სასურველი დახატოთ აპოკალიპტური სურათი ბატონებო. მაგალითად ერთ ციფრს მოგიყვანთ: გასულ წლებთან შედარებით 32%–ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი. ეს არ უკავშირდება რუსულ ბაზარზე იმპორტის მოცულობას, ამ 32%–იან ზრდაში ძირითადი საბაზრო მონაცემი, 43% მოდის, სხვათა შორის, უკრაინაზე“. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა თუ რამდენად ზუსტი იყო დეპუტატის განცხადება ქართული ღვინის ექსპორტის ზრდასთან დაკავშირებით. განცხადებაში გიგლა აგულაშვილი არ აკონკრეტებს, დროის რა მონაკვეთში განხორციელდა აღნიშნული ზრდა. ჩვენ მიმდინარე წლის ღვინის ექსპორტის პირველი ოთხი თვის მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს შევადარეთ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აპრილის მდგომარეობით 5 071 158 ლ. ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 32%–ით მეტია. 2013 წლის იანვარ–აპრილში, ამავე მონაცემებით, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების სიის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსი, ლატვია და პოლონეთი. ღვინის ექსპორტის მთლიან მოცულობაში უკრაინაზე 43% მოდის. „საქსტატის“ მონაცემებით,  აპრილის მდგომარეობით, 2 706 900 ლ. ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინისა და ალკოჰოლური ნაწარმის რუსულ ბაზარზე ექსპორტი ივნისში დაიწყო. გიგლა აგულაშვილი კი იანვარ–აპრილის მონაცემებზე საუბრობს, როდესაც რუსეთში ღვინის ექსპორტი ჯერ არ იყო დაწყებული. დასკვნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტი, 2013 წლის აპრილის მდგომარეობით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 32%–ით გაიზარდა. ამასთან, რუსული ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი აპრილში ჯერ კიდევ არ ხდებოდა. შესაბამისად, გიგლა აგულაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ სახეზეა ღვინის ექსპორტის 32%-ანი ზრდა – არის სიმართლე.