12 ივნისის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ივანე კიღურაძემ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა:
„პრემიერის მიერ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა, დაგეგმილი არის მხოლოდ გარდამავალ პერიოდში, მოკლე დროით, შეზღუდულ პერიოდში. ამით სახელმწიფო იყენებს დამფუძნებლის უფლებას“.
ამ განცხადების საპასუხოდ, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა:
„თქვენ თქვით, რომ პრემიერის მიერ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა დროებითი მოვალეობა იქნება. თუმცა, კანონპროექტში ეს მუხლი გარდამავალ დებულებაში არ წერია, იგი წერია ძირითად დებულებაში, გამოდის, რომ ეს დროებითი ღონისძიება კი არა წესი იქნება და როცა რექტორი თანამდებობიდან გადადგება ან თანამდებობრივ
შეუთავსებლობას ექნება ადგილი, მაშინ მოვალეობის შემსრულებელი ყველა შემთხვევაში პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, შეესაბამება თუ არა ლევან ბეჟაშვილის განცხადება სიმართლეს.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მეშვიდე მუხლი განათლების სამინისტროს უფლებამოსილებებს განსაზღვრავს. აღნიშნული ცვლილებების თანახმად, სწორედ ამ მუხლს ემატება „პ7“ პუნქტი, რომელიც რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურის განათლების სამინისტროს მიერ წარდგენას და პრემიერ-მინისტრის მიერ მის დანიშვნას ითვალისწინებს. გარდა იმისა, რომ ნორმა ძირითად დებულებებს მიეკუთვნება, კანონპროექტში მითითებული არ არის, რომ იგი დროებით მოქმედებს და გარკვეული პერიოდის შემდეგ გაუქმდება.
უფრო მეტიც, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში 21-ე მუხლის 12 პუნქტი არსებობს, რომლის თანახმადაც რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ნიშნავს. თუ ინიცირებული ცვლილებები დამტკიცდა, კანონში ორი ნორმა გვექნება, რომელიც ერთსა და იმავე საკითხს არეგულირებს. გამომდინარე იქიდან, რომ მე-7 მუხლის პ7 პუნქტი უფრო გვიანაა მიღებული, 21-ე მუხლის 12 პუნქტი ავტომატურად გაუქმდება. შედეგად ერთადერთი წესი დაგვრჩება - რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.
შესაბამისად, ინიცირებული რეგულირება ცვლის ძველს და ქმნის სრულიად ახალ წესს. კანონპროექტში არ არსებობს მუხლი, რომელიც მიუთითებს, რომ მსგავსი ღონისძიება დროებითია და იგი გარკვეული დროის შემდეგ ავტომატურად გაუქმდება. ეს ყოველივე იმას ნიშნავს, რომ არსებული წესის შეცვლა მხოლოდ ახალი საკანონმდებლო ცვლილებით არის შესაძლებელი. მსგავსი ცვლილებების განუხორციელებლობის შემთხვევაში კი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა მისი თანამდებობიდან გადადგომის ან შეუთავსებლობის შემთხვევაში, ყოველთვის პრემიერ-მინისტრს მოუწევს.
დასკვნა
პრემიერ-მინისტრის მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის დანიშვნის უფლებამოსილება არ მიეკუთვნება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის გარდამავალ დებულებებს. კანონპროექტში მსგავსი ღონისძიების დროებითობის შესახებ მითითება არ არსებობს. აღნიშნული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, იგი წესად დარჩება მანამ, სანამ პარლამენტი ახალი საკანონმდებლო ცვლილებით ამ მუხლს არ გააუქმებს ან ახალ რეგულირებას არ შემოიტანს.
ამრიგად, ლევან ბეჟაშვილის განცხადება: „რექტორის პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშვნა დროებითი ღონისძიება კი არა, წესია და მოვალეობის შემსრულებელი ყველა შემთხვევაში პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს“, არის სიმართლე.
„[კანონპროექტის თანახმად] რექტორის პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშვნა დროებითი ღონისძიება კი არა, წესია და მოვალეობის შემსრულებელი ყველა შემთხვევაში პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს“
27/06/2013
Doğru
bəyanat dəqiqdir və mühüm bir şey yoxdur