"ჭაობის" დასახლებაში წყალსანიაღვრე, საკანალიზაციო და საკომუნიკაციო სისტემების რეაბილიტაცია 2017 წელს დასრულდება
2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა განაცხადა: "სამუშაოები დაიწყება 2014 წელს და დასრულდება 2017-ში. ეს ეხება "ჭაობის" დასახლებას, მთისძირის ქუჩის ჩათვლით. დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც შეეხება წყალსანიაღვრე, საკანალიზაციო და საკომუნიკაციო სისტემებს მთლიანად". გიორგი ერმაკოვი მოსახლეობას არჩევნებამდეც პირდებოდა, რომ ბათუმი, ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით, ორად გაყოფილი ქალაქი აღარ იქნებოდა. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, როგორ შეასრულა ქალაქის მერმა დაპირება და რა ეტაპზეა "ჭაობში" მიმდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიებები. "ჭაობში" მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემების მოწესრიგება ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მესამე ფაზის ფარგლებში დაიწყო. ხელშეკრულებას, ბათუმის მერიასა და კომპანია "ფაიფერი და გზას" შორის, ხელი 2014 წლის დეკემბერში მოეწერა. დასახლებაში წყალარინების თვითდენითი, საწნეო კოლექტორების და სამომხმარებლო ქსელის სრული რეაბილიტაციისთვის ჯავახიშვილის, ჭავჭავაძის, წერეთლის, ჯორჯიაშვილის, გოგებაშვილის, შავშეთისა და მთისძირის ქუჩებს შორის გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (KFW) 16 397 004 მლნ ევრო გამოყო. თანხის ნაწილი გამოიყო მუნიციპალური ბიუჯეტიდანაც. პროექტის ხანგრძლივობა 28 თვით განისაზღვრა. მიწისქვეშა სამუშაოები და, პარალელურად, გზის მოასფალტება 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, ხოლო რამდენიმე ქუჩის სავალი ნაწილის მოწესრიგება - 2018 წლის პირველ კვარტალში. ქალაქის მერმა ამის შესახებ 2015 წელსაც განაცხადა. ბოლო ინფორმაციით, აღნიშნულმა კომპანიამ სამუშაოების 97% უკვე შეასრულა. ბათუმის სხვადასხვა ქუჩის რეაბილიტაციის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ელექტროტენდერებში გამარჯვებული კიდევ ოთხი კომპანია აწარმოებს: შპს "ზიმო - 7", შპს "დაგი", შპს "გზები" და შპს "ბონდი 2009". 2015 წელს დასახლებაში 25 ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარი გამოყო. ელექტრონულ ტენდერში "ზიმო - 7"-მა გაიმარჯვა, რომელთანაც 18 743 765 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. მოქმედების ვადად 20.11.2015 - 04.11.2018 პერიოდი განისაზღვრა. მიწისქვეშა სამუშაოები თითქმის დასრულებულია. რეაბილიტაციის პროცესი მხოლოდ ჯავახიშვილის (აბუსერიძიდან გიორგი ბრწყინვალის ქუჩამდე), შავშეთის (მაქაცარია - პუშკინის შუალედი) და შევჩენკოს (სულაბერიძე - ფალავანდიშვილის შუალედი) ქუჩებზე არ დაწყებულა. შევჩენკოს ქუჩაზე არ განხორციელებულა სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციაც. ხელშეკრულების თანხიდან ათვისებულია 15 727 172 ლარი. წლის ბოლომდე 2 237 660 ლარის გახარჯვა იგეგმება. "ზიმო - 7" მუშაობს დემეტრე თავდადებულისა და ლერმონტოვის ქუჩების რეაბილიტაციაზეც, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოყოფილი 6 587 341 ლარიდან გახარჯულია 4 531 655 ლარი. ორივე ხელშეკრულების ვადა 2017 წლის 23 ივლისს იწურება. დასახლების კიდევ 19 ქუჩის, ჩიხისა და შესახვევის მიწისქვეშა, სავალი გზისა და ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულდეს.   ცხრილი 1: ჭაობის დასახლებაში 2017-2018 წლებში განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადები და ღირებულება (ლარი)
კომპანია ვადები ათვისებული თანხა 2017 წელს დაიხარჯება 2018 წელს დაიხარჯება მთლიანი ბიუჯეტი
შპს "ზიმო-7" 15.03.2017-01.06.2018   82 051 1 317 948   718 500 2 118 500
შპს "დაგი" 24.03.2017-01.05.2018   77 827 1 552 172   663 154 2 293 153
შპს "დაგი" 24.03.2017-01.09.2018 351 542 2 328 457 2 165 711 4 845 710
შპს "გზები" 18.04.2017-01.06.2018       - 1 852 140         - 1 852 140
შპს "ზიმო-7" 15.03.2017-01.06.2018 163 297 1 536 702    730 000 2 430 000
შპს "ბონდი 2009" 20.03.2017-01.09.2018 735 426 2 054 573 2 596 000 5 386 000
წყარო: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია   რამდენიმე ქუჩაზე, რომლებიც, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 2018 წლის 1 მაისამდე უნდა კეთილმოეწყოს [მარუხის ქუჩა და შესახვევები, ლომონოსოვის, ქობულეთის, ქედის ქუჩებისა და ჩიხების სანიაღვრე სისტემები, ასევე სავალი ნაწილი], სამუშაოები არ დაწყებულა. აღსანიშნავია, რომ მერიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დასახლების 16 ქუჩის გზის საფარის კეთილმოწყობა 2018-2019 წლებშიც გაგრძელდება, აქედან ერთის - 2020 წელს დასრულდება და ჯამში 24 540 012 ლარი დაიხარჯება. 2015-2018 წლების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განკუთვნილია ჯამში 44 266 757 ლარი, საიდანაც, დღევანდელი მდგომარეობით, ათვისებულია 21 668 972 ლარი, ანუ 48%. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე "ჭაობის" სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება და რამდენიმე ქუჩაზე სავალი ნაწილის მოწესრიგებაც მიმდინარეობს.   დასკვნა 2014 წელს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი მოსახლეობას დაპირდა, რომ "ჭაობის დასახლების" საკანალიზაციო, სანიაღვრე და წყლის სისტემების რეაბილიტაცია 2017 წლამდე მთლიანად დასრულდებოდა, პარალელურ რეჟიმში კი განხორციელდებოდა გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების კეთილმოწყობა. ფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 45 ქუჩიდან, სამუშაოები დასრულდა 23 ქუჩაზე. ამ მაჩვენებელს წლის ბოლომდე კიდევ სამი ქუჩა უნდა შეემატოს. ხოლო, დანარჩენი ქუჩების რეაბილიტაციის პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება. ამდენად, გიორგი ერმაკოვის დაპირება ნაწილობრივ შესრულდა.