ვერდიქტი: All.ge-ს მიერ მიმდინარე წლის 10 ივლისს გავრცელებული ახალი ამბავი ყალბია.
რეზიუმე: Facebook გვერდის, All.ge-ს მიერ 2017 წლის 10 ივლისს ვანდალიზმის აქტზე გავრცელებული ვიდეო (რომელიც ქმნის ახლადმომხდარი ფაქტის შთაბეჭდილებას) ახალი არ არის. ის გადაღებულია 2016 წლის მარტში. მისი სათაური შეიცავს კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენლების დისკრედიტაციის მცდელობას. შესამჩნევია, რომ ის აღვივებს ნეგატიურ დამოკიდებულებას ცალკეული ეთნიკური ჯგუფებისადმი. სავარაუდოა, რომ ეს არის ერთ-ერთი მცდელობა, მომზადდეს საერთო საზოგადოებრივი ფონი 14 ივლისს დაგეგმილი ე.წ. "ქართული მარშის" მხარდასაჭერად.
ანალიზი
2016 წლის 24 მარტს, მოქალაქე ნინო ანდრიასოვამ (სავარაუდო სახელი და გვარი, სოციალურ ქსელში რეგისტრირებული, როგორც Nino Miyvars Tbilisi-mtebi Andriasova) საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც ასახავდა მცხეთაში, ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ კედელზე ვანდალიზმის ფაქტს. კერძოდ, კედელზე გაკეთებულ წარწერებს. სოციალური ქსელის მომხმარებლის შეფასებით, წარწერები თურქული, არაბული და ლათინური შრიფტით იყო შესრულებული.
"დღეს ვიყავი სტუმრებთან ერთად ჯვარზე და რა ვნახე... ჯვრის კედლებზე, როგორც ხედავთ, წარწერები თურქულად, არაბულად და ლათინურად არის... როგორ შეიძლება ასე??? თუ კულტურა არ გააჩნია ადამიანს ეგდოს სახლში... ერთი ვინმემ მათ ქვეყანაში ასე დატოვოს თავისი წარწერები ისტორიულ ძეგლზე ან მეჩეთზე. უეჭველი „მხატვარს“ დაერხევა მაგრად!!!! რატომ ჩვენთან არავინ აქცევს ყურადღებას ასეთი ფორმის ვანდალიზმს??? იმაზე, რომ უმეტესი ტურისტი არაბულ ქვეყნებიდან უარგისად იქცევა ტაძრებში საერთოდ არ ვამბობ...", - წერდა Facebook მომხმარებელი.
გამოქვეყნებული ფოტო ინტერნეტსივრცეში ძალიან მალე გავრცელდა. ახალ ამბავზე წერდნენ შემდეგი მედიასაშუალებები: "ზნეობა", "საქართველო და მსოფლიო", "კვირა", "საქინფორმი" და ა.შ. ონლაინ მედიასაშუალება "პოლიტკომერსანტი" წერდა, რომ საპატრიარქოს პრესცენტრმა გადასცათ ჯვრის მონასტრის წინამძღვარის მამა კონსტანტინეს განაცხადება: "მამა კონსტანტინემ გვითხრა, რომ არაფერი არ არისო. ტაძარს შემოვუარე და არაფერი არ არისო".
გავრცელებული ამბით პოლიცია მალე დაინტერესდა. დაიწყო მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ან განადგურების ფაქტს და ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. აღსანიშნავია, რომ ჯვრის ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შედის. რა შედეგით დასრულდა გამოძიება, სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია. ტაძრის კედლებზე წარწერები ამჟამად წაშლილია.
აღნიშნულ ფაქტზე ვიდეო მასალაც გავრცელდა. ის ინტერნეტარხმა Rupot-მა 2016 წლის 25 მარტს გაავრცელა. თუმცა, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, იგივე მოვლენის ამსახველი კადრები კვლავ გავრცელდა ინტერნეტში, როგორც სიახლე.
როგორც აღვნიშნეთ, 2017 წლის 10 ივლისს ერთი წლის წინანდელი ვიდეო გააზიარა All.ge-მ, სათაურით: "ვანდალიზმი მცხეთაში - ჯვრის მონასტრის კედლებზე არაბული და ლათინური წარწერები". ვიდეო ძალიან დიდი სიხშირით ზიარდებოდა Facebook-ის სხვადასხვა ჯგუფში, ძირითადად ერთი Facebook-მომხმარებლის მიერ. ფაქტ-მეტრმა ამ მომხმარებელს შეტყობინება გაუგზავნა იმის დასადგენად, რამდენად შესაბამისი იყო ეს ვიდეო დროსთან, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.
აღნიშნული ამბის ხელახლა გავრცელების გამო სოციალურ ქსელში, ვიდეოს კომენტარებში, იკითხებოდა სიძულვილის ენა თურქებისა და არაბების მიმართ, იმის მიუხედავად, რომ არავის დაუდასტურებია, ეს წარწერები იყო თუ არა ამ ქვეყნების წარმომადგენლების შესრულებული.
ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა ადგილზე შეემოწმებინა სიტუაცია და დაეზუსტებინა, 2017 წლის 10 ივლისს გავრცელებული კადრები იყო თუ არა დროის ავთენტური. 2017 წლის 11 ივლისს მცხეთის ჯვრის მონასტრის კედლებზე All.ge-ს ვიდეოს მეშვეობით გავრცელებული წარწერები არ ყოფილა. ვიდეოში ნანახი დიდი წარწერა AZIZ-იც არსად შეგვინიშნავს (შევამოწმეთ ზუსტად ვიდეოში ნაჩვენები ადგილი. შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ მიერ გადაღებული ვიდეო იგივე რაკურსით).
ამის შემდგომ, ჩვენ დავათვალიერეთ ტაძრის სხვა კედლებიც. აღსანიშნავია, რომ მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. კედლები დაფარულია სხვადასხვა სახის წარწერებით. განსაკუთრებით ჭარბობს რუსული შრიფტით (ძირითადად საბჭოთა კავშირის პერიოდის) ამოკაწრული სახელები და სიტყვები. ასევე, შეხვდებით ქართულ სახელებსაც, რომელთაგან ბევრი არცთუ დიდი ხნის წინაა შესრულებული. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტების რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის ცალსახად მიწერა, მიგვაჩნია, რომ თავად ამ ქვეყნის დისკრედიტაციის მცდელობაა დაინტერესებული პირების მხრიდან.
ფოტო მასალა
ვანდალიზმი მცხეთაში - ჯვრის მონასტრის კედლებზე არაბული და ლათინური წარწერებია
13/07/2017
Saxta xəbər
müəyyən bir media orqanı, siyasətçi və ya sosial şəbəkə səhifəsi tərəfindən yayılan yalan və ya manipulyasiya xarakterli məlumatlar