ტყვარჩელში ბავშვების მასობრივი მოწამვლის მიზეზი საქართველოში არსებული ლაბორატორიის მუშაობაა

ვერდიქტი: აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ბრალდება ყალბია.  

 

რეზიუმე: აღნიშნული ბრალდება, რომელიც დასახელდა ოტობაია-ნაბაკევის გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ერთ-ერთ მიზეზად, მოკლებულია ფაქტობრივ მტკიცებულებებს. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლების მიერ ადგილი აქვს რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკის გამეორებას, რომელიც წლებია საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაციას ცდილობს.  

 

ანალიზი

მიმდინარე წლის 9 მარტს, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ www.sputnik-abkhazia.ru გამოაქვეყანა სტატია ე.წ. ქართულ-აფხაზური ადმინისტრაციული საზღვრის ოტობაია-ნაბაკევი გამშვები პუნქტის ჩაკეტვის საკითხზე. სტატიაში ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მდივანი უსაფრთხოების საკითხებში - მუხამედ კილბა აცხადებდა: „საქართველოში არსებულ ბიოლაბორატორიაში, რომელიც გვერდითაა აფახაზეთის საზღვართან, აფხაზეთის მხარის მონაცემებით, აწარმოებენ ბიოლოგიურ იარაღს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბავშვების მასობრივი მოწამვლები ტყვარჩელში 2013 წელს, ასევე ღორის გრიპი, რომელსაც ადგილი ჰქონდა აქ, დაკავშირებულია ამ ლაბორატორიის მუშაობასთან“.

2013 წლის 24 ნოემბერს, ტყვარჩელში 300-მდე ადგილობრივის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამ მოვლენის დროს ქართულმა მხარემ, კერძოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სამედიცინო დახმარება შესთავაზა აფხაზურ მხარეს. დღეს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა 2013 წელს ტყვარჩელში მოსახლეობის მოწამვლის ფაქტის შესახებ აცხადებს: „მოწამვლის რეალური მიზეზი არასწორად დამონტაჟებული საკანალიზაციო მოწყობილობა იყო, რომლის მილების არასწორი შეერთების საფუძველზე მოიწამლა რამდენიმე მოქალაქე. რასაკვირველია, ქართულ ლაბორატორიასთან ამ ფაქტის რაიმე დაკავშირება არის მიზანმიმართული ნეგატიური კამპანია ქართული მხარის წინააღმდეგ“. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, „აღნიშნული თემა სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციით გავრცელდა რუსეთის სახელმწიფოს მიერ იმ მედიასაშუალებებში, რომლებიც აფხაზეთში და არამარტო, ახორციელებენ ცილისმწამებლურ, ნეგატიურ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ქეთევან ბაკარაძის მიერ, ქართულ მედიასივრცეში გავრცელდა უტყუარი და ზუსტი ინფორმაცია. მეტიც, ქართულმა მხარემ  აფხაზეთში დაზარალებულ ეთნიკურად აფხაზ მოქალაქეებს შესთავაზა საქართველოში მკურნალობა“.

კითხვით, რა ლაბორატორიები მუშაობენ საქართველოში და რა სახის სამუშაოებს აწარმოებენ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ. საპასუხო წერილი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ლ. საყვარელიძის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა. ცენტრში აცხდებენ, რომ მათი ლაბორატორიული ქსელი წარმოდგენილია ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის ლაბორატორიებით თბილისში და საზოგადოებრივ ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტებით ქუთაისში, ფოთში, ბათუმში, ზუგდიდში, ამბროლაურში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთსა და გორში. მათ საქმიანობაში შედის არა  ბიოლოგიური იარაღის შექმნა, როგორც ამას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, არამედ რეგიონში განსაკუთრებით საშიშ, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობა, დაავადებების შემთხვევების, ეპიდაფეთქებების და სხვა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის არაკეთილსაიმედო სიტუაციების დროული აღმოჩენა და კვლევა.

„განყოფილებებში ხორციელდება: განსაკუთრებით საშიში ინფექციების ბაქტერიოლოგიური, სეროლოგიური დიაგნოსტიკისათვის ნიმუშების აღება, სინჯების მომზადება და გადაგზავნა შემდეგ დონეზე კვლევისთვის; ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა ბაქტერიოსკოპული მეთოდით, გადამდები დაავადებების ეპიდაფეთქებების დროული აღმოჩენა (ბაქტერიოლოგია, სეროლოგია); ლაბორატორიული - ბაქტერიოლოგიურ, სეროლოგიური მომსახურების მიწოდება სამედიცინო სერვისის მიმწოდებლისთვის; სანიტალურილი - მიკრობიოლოგიური და სეროლოგიური კვლევების შესრულება მუნიციპალური პროგრამებისთვის და სამედიცინო დაწესებულებებისთვის“, - გვწერენ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან.  უწყების ოფიციალური პოზიციით, ლაბორატორიების საქმიანობის დაკავშირება ტყვარჩელში მომხდართან, არის აბსურდული ბრალდება და მათ ქართული დელეგაციისთვის, ჟენევის მოლაპარაკებებზე, სრულად მოამზადეს მასალები ლაბორატორიების საქმიანობის შესახებ.

ტყვარჩელში ადამიანების მოწამვლას (2013 წლის 24 ნოემბერი) წინ უსწრებს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით 2013 წლის 17 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მთავარი სანიტარის გენადი ონიშჩენკოს განცხადება. იგი აცხადებდა, რომ ბიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც საქართველოში აშშ-ის მხარდაჭერით გაიხსნა, სინამდვილეში ბიოლოგიური იარაღის დასამზადებელი ობიექტია, და დაიმუქრა, რომ თუკი საქართველო მას არ დახურავს, ქართული პროდუქციის შეტანას რუსეთის ბაზარზე საფრთხე შეექმნება. „ამ ლაბორატორიის მიზანია რუსეთის ფედერციის და ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ვირუსების ცირკულაციის ბუნებრივ კერებთან დაკავშირებული სიტუაციის შესწავლა, რეცეპტურების შემუშავება, რომელიც შეიძლება ამოქმედდეს ეკონომიკის და პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისათვის ქვეყნაში. ლაპარაკია, ფარული გამოყენების შესაძლებლობაზე. მაგალითები უკვე გვაქვს“, - აცხადებდა ონიშენკო, თუმცა, მას არცერთი კონკრეტული ფაქტი არ დაუსახელებია. ლუგარის ლაბორატორიის დემონიზება უკვე წლებია აქტუალურია ანტიდასავლური საინფრომაციო სააგენტოების და ადგილობრივი პრორუსული განწყობის საზოგადობრივად აქტიური პირების მიერ. ეს ტენდენცია ჯერ კიდევ 2014 წელს „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევაში მოხვდა. ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ ლაბორატორიის მუშაობას ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე, უარყოფითად წარმოაჩენენ პრორუსული ხედვების პირები და მედიასაშუალებები.