2016 წლის 12 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, სადაც დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის პირადი მიმოწერის გაკონტროლების უფლების შესახებ იმსჯელა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მსოფლიოს მასშტაბით, და მათ შორის საქართველოში, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აჟიოტაჟი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულმა მასალებმა გამოიწვია, რომლებიც მკითხველებს სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ და დამსაქმებლისთვის დასაქმებულის ყველა სახის მიმოწერის გაკონტროლების უფლების მინიჭებაზე მიუთითებდნენ. მკითხველის თხოვნით, ფაქტ-მეტრი შეეცადა გადაემოწმებინა, თუ რამდენად შეესაბამება მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს. რუმინელი ბოგდან ბარბულესკუ, რომელიც 2004 წლიდან კერძო კომპანიაში ინჟინრად მუშაობდა, 2007 წელს დამსაქმებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების მიზეზად სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს ინტერნეტის პირადი მიზნებით გამოყენება დასახელდა, რასაც კომპანიის შინაგანაწესი მკაცრად კრძალავდა. ბოგდან ბარბულესკუს, დამსაქმებლის მოთხოვნით, Yahoo Messenger-ის ანგარიშის გახსნა და მისი საშუალებით კლიენტების კითხვებზე პასუხის გაცემა ევალებოდა. თუმცა, ჩატარებული მონიტორინგით გაირკვა, რომ დასაქმებული სამუშაო პერიოდში აღნიშნული ანგარიშიდან არა მხოლოდ კლიენტებს, არამედ მის საცოლესა და ძმასაც წერდა. დასაქმებულმა აღნიშნული ფაქტი უარყო, რის საპასუხოდაც დამსაქმებელმა მიმოწერის ამსახველი 45 გვერდიანი ამონაწერი წარადგინა. კომპანიამ ბარბულესკუ სამსახურიდან გაათავისუფლა. ბარბულესკუმ, რომელსაც მიაჩნდა, რომ მისი პირადი მიმოწერის გაკონტროლებით დამსაქმებელმა რუმინეთის კონსტიტუცია და სისხლის სამართლის კოდექსი დაარღვია, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივ სასამართლოში გაასაჩივრა და მისი ბათილობა მოითხოვა. თუმცა, სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მისი მოსაზრება არც სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა. ქვეყნის შიდა სასამართლოებში მრავალწლიანი დავების უშედეგოდ დასრულების შემდგომ, ბარბულესკუმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელით მიმართა. მე-8 მუხლის თანახმად, "ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას". თუმცა, ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, აღნიშნული უფლებები არ არის აბსოლუტური და გარკვეულ შემთხვევებში, საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლებელია მათი შეზღუდვა. სასამართლო ინდივიდის მიერ კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად შეტანილი საჩივრის განხილვისას პროცესში ორსაფეხურიან ტესტს იყენებს. პირველ რიგში, სასამართლო მსჯელობს, ხვდება თუ არა საჩივარი მე-8 მუხლით დაცული ერთ-ერთი უფლების მოქმედების ფარგლებში, ხოლო შემდეგ ადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი შეზღუდვას. დადებითი პასუხის შემთხვევაში, უნდა დადგინდეს, შეზღუდვა დაშვებულია თუ არა კანონით, ემსახურება თუ არა კანონიერ მიზანს და წარმოადგენს თუ არა აუცილებლობას დემოკრატიულ საზოგადოებაში. როგორც ზემოაღნიშნულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საწარმოს შენობიდან განხორციელებული სატელეფონო ზარები, ასევე სამსახურიდან გაგზავნილი ელექტრონული წერილები კონვენციის მე-8 მუხლის მიზნებისთვის, "პირადი ცხოვრებისა" და "მიმოწერის" უფლებების მოქმედების ფარგლებში ხვდება. შესაბამისად, სასამართლოს უნდა გაერკვია (ე.წ. ტესტის გამოყენებით), კონკრეტულ შემთხვევაში რამდენად გამართლებული იყო კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლებების შეზღუდვა. სასამართლოს განმარტებით, პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის უფლების შეზღუდვას კომპანიის შიდა რეგულაციები ითვალისწინებდა. რეგულაციების თანახმად, სამსახურში ინტერნეტის პირადი მიზნებისთვის გამოყენება მკაცრად იყო აკრძალული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დამსაქმებლის განცხადებით, სანამ აღნიშნულ ინციდენტს ექნებოდა ადგილი, მანამდე ერთ-ერთი თანამშრომელი ინტერნეტის, ტელეფონისა და ფოტოკოპირების აპარატების პირადი მიზნებით გამოყენებისათვის სამსახურიდან დაითხოვეს, რის შემდეგაც თანამშრომლები გააფრთხილეს, რომ მათ ქმედებებს მონიტორინგს გაუწევდნენ. შესაბამისად, დასაქმებულს არ უნდა ჰქონოდა იმის გონივრული ვარაუდი, რომ მისი მიმოწერა კონფიდენციალური იყო. სასამართლოს მსჯელობიდან ირკვევა, რომ Yahoo-ს ანგარიში შექმნილი იყო დამსაქმებლის დავალებით და მის მიზანს კლიენტებისთვის კითხვა-პასუხის რეჟიმში ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. სასამართლოს განმარტებით, გონივრულია, რომ დამსაქმებელი დაინტერესდეს, სამსახურში, სამუშაო საათებში, რამდენად ასრულებს მისი თანამშრომელი მის სამსახურებრივ ვალდებულებებს. აღსანიშნავია, რომ დამსაქმებლის მიერ მხოლოდ კონკრეტული ანგარიში შემოწმდა, ხოლო სხვა სახის მონაცემები და კომპიუტერში არსებული დოკუმენტაცია არ გადამოწმებულა. ამასთან, მონიტორინგი იყო გარკვეულ დროით ფარგლებში მოქცეული (მხოლოდ 5-13 ივლისამდე პერიოდი). აღნიშნულზე დაყრდნობით, სასამართლომ დაასკვნა, რომ შეზღუდვა პროპორციული იყო. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს (6 მოსამართლე 1-ის წინააღმდეგ) გადაწყვეტილებით, მე-8 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და სამართლიანი ბალანსი საზოგადოების ინტერესებსა და ინდივიდის ინტერესებს შორის სახელმწიფოს მიერ შენარჩუნებული იყო. აღნიშნულ საქმესთან მიმართებით, განსაკუთრებით საინტერესოა განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის, პინტო დე ალბუკერკეს მოსაზრება. მან კოლეგა მოსამართლეები გააკრიტიკა და მათი მხრიდან იმ ფაქტების უგულვებელყოფაზე მიუთითა, რომელთაც მისი აზრით, მთლიანად გადაწყვეტილების შეცვლაც კი შეეძლოთ. კერძოდ, გადაწყვეტილების ფაქტობრივ ნაწილში ვკითხულობთ, რომ აპლიკანტის განცხადებით, ის არ იცნობდა კომპანიის შიდა რეგულაციებს. ამასთან, მოსამართლეებმა ყურადღება არ გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ საქმეში დასაქმებულის მიერ ხელმოწერილი არანაირი სახის გამაფრთხილებელი დოკუმენტი არ არსებობდა. მოსამართლე პინტო დე ალბუკერკეს განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, შეზღუდვა დაშვებული იყოს კანონით და ეს კანონი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. რეგულაცია, რომელიც დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის პირად ცხოვრებასა და მიმოწერაში ჩარევის შესაძლებლობას აწესებს, არ უნდა იყოს ზოგადი. პირიქით, ის უნდა განსაზღვრავდეს დამსაქმებლის მიერ მიმოწერის შემოწმების საზღვრებს, ბუნებას, დროს და უნდა გაეცნოს დასაქმებულს პერსონალურად. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ დასაქმებული არა მხოლოდ საკუთარ შრომას, არამედ მის პირად ცხოვრებასაც ყიდის. ამასთან, განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის განცხადებით, გადაწყვეტილებიდან არ ჩანს, თუ რატომ იყო შეზღუდვა აუცილებელი და პროპორციული. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწვეტილება არ არის საბოლოო და შესაძლებელია ის დიდი პალატის მიერ კვლავ იქნას განხილული, შესაბამისად, არსებობს შანსი, რომ დიდმა პალატამ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის მოსაზრებაც გაიზიაროს და დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის პირად ცხოვრებასა და მიმოწერაში ჩარევის უფრო კონკრეტული სტანდარტები დააწესოს. თუმცა, მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ არც არსებული გადაწყვეტილება იძლევა შიშის საფუძველს, რომ დამსაქმებელს შეეძლება დასაქმებულის პირადი მიმოწერის გაკონტროლება. გადაწყვეტილების თანახმად, პირველ რიგში, მიმოწერის შესაძლო კონტროლისა და პირადი მიზნებისთვის სამსახურის კომპიუტერის და სხვა საშუალებების გამოყენების აკრძლავის შესახებ აუცილებლად უნდა ეცნობოს დასაქმებულს (რის შედეგადაც კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების რისკების მატარებელი თავად დასაქმებული ხდება). ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ დამსაქმებლის მხრიდან კონტროლს უნდა ჰქონდეს გარკვეული კანონიერი მიზანი და ის უნდა იყოს აუცილებელი/პროპორციული დემოკრატიულ საზოგადოებაში. დასკვნა სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 12 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით (რომელიც არ არის საბოლოო და დიდი პალატის მიერ შეიძლება გადაისინჯოს), დამქირავებელს შეეძლება სამუშაო პერიოდში თანამშრომელთა მიერ სოციალურ ქსელში (ნებისმიერი საშუალებით) განხორციელებული მიმოწერა სრულად გააკონტროლოს, მცდარია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. კონკრეტული გადაწყვეტილება საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით იყო განპირობებული, რაც არ ნიშნავს, რომ ყველა საქმეში ერთი და იგივე შედეგი შეიძლება დადგეს. გადაწყვეტილებაში უმთავრესი ის სამართლებრივი ტესტია, რომელსაც სასამართლო კონვენციის მე-8 მუხლის შესაძლო დარღვევაზე მსჯელობისას იყენებს. აღნიშნულის თანახმად, აუცილებელია დასაქმებულის წინასწარი ინფორმირება მის მიერ განხორციელებული მიმოწერის შესაძლო გაკონტროლების შესახებ. ამასთან, მიმოწერის კონტროლი უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზანს და უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ დამქირავებელს შეეძლება სოციალურ ქსელში თანამშრომელთა მიმოწერა გააკონტროლოს, მცდარია.
ყურადღება! დღეიდან დამქირავებელს შეუძლია წაიკითხოს თქვენი მიმოწერა სოციალურ ქსელში
2016 წლის 12 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, სადაც დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის პირადი მიმოწერის
29/01/2016
Saxta xəbər
müəyyən bir media orqanı, siyasətçi və ya sosial şəbəkə səhifəsi tərəfindən yayılan yalan və ya manipulyasiya xarakterli məlumatlar