გაეროს 2015 წლის მდგრადი განვითარების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "საქართველომ შეასრულა ათასწლეულის განვითარების მეოთხე მიზნის მოთხოვნები - ჩვილთა და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობამ ყოველ ათას ბავშვზე ათი და თორმეტი პუნქტით დაიკლო".
ფაქტ-მეტრი პრემიერის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
მსოფლიოს განვითარების ძირითადი გამოწვევების შესაბამისად, 2000 წლის სექტემბერში გაეროს ათასწლეულის სამიტზე გენერალურმა ასამბლეამ ათასწლეულის დეკლარაცია მიიღო. წევრი სახელმწიფოები (მათ შორის საქართველო) შეთანხმდნენ, რომ 2015 წლამდე მიაღწევდნენ ათასწლეულის განვითარების მიზნებს:
- უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა;
- დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა მთელს მსოფლიოში;
- გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდა;
- ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება;
- დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება;
- აივ/შიდსთან, მალარიასა და სხვა დაავადებებთან ბრძოლა;
- ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა;
- მსოფლიო თანამშრომლობის ჩამოყალიბება განვითარებისთვის.