პეკინის ქუჩაზე კიდევ ერთი მავნებლობა ხდება, პავლოვიდან გაგდებული კომპანია მერიის ცხვირწინ 14 სართულიან სახლს აშენებს
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში თბილისში მიმდინარე ერთ-ერთ მშენებლობებზე ისაუბრა და განაცხადა: "დღეს პეკინის ქუჩაზე კიდევ ერთი მავნებლობა ხდება. პავლოვიდან გაგდებული კომპანია "ელზურო" მიდის და პირდაპირ მერიის ცხვირწინ აშენებს 14 სართულიან კორპუსს, საბავშვო ბაღი უნდა დაანგრიონ და კორპუსი ააშენონ".
ფაქტ-მეტრმა საკრებულოს დეპუტატის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა. შპს "ელზურო" მეწარმეთა და არასამეწარმეო პირთა რეესტრში 2014 წლის 8 ოქტომბერს არის დარეგისტრირებული. მისი მფლობელი (100%-იანი წილით) ნონა მაჭარაშვილია. 2015 წლის 10 მარტს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა" და შპს "ელზუროს" (საკადასტრო კოდი 402004353) შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, შპს-ს თბილისში, ყაზბეგის გამზირის #25-ში მდებარე სამედიცინო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელსა და #27-ში არსებულ სკოლას შორის მდებარე 2 393 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, ასევე თბილისში, გამსახურდიას გამზირის #23 ა-ში მდებარე 3 461 კვ.მ ნაკვეთი გადაეცა (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 მარტის #355 განკარგულებით). სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" დასკვნის შესაბამისად, შპს "ელზუროს" სახელმწიფო ქონების და საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის - 116 488 ლარის გადახდა, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში დაევალა. 2015 წლის 20 მაისს, არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებით, გამსახურდიას გამზირის #23 ა-ში, შპს "ელზუროს" საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური შენობის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დადგინდა. 2015 წლის 14 ივლისს, არქიტექტურის სამსახურს მოქალაქე დალი ბენაშვილმა მიმართა და აღნიშნულ მისამართზე შპს "ელზუროს" საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის/შენობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა ითხოვა. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურის მიერ მასში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა, რის გამოც ამ ეტაპზე აღნიშნული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა არ მომხდარა. 2015 წლის 1 ივლისს გამსახურდიას ქუჩის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათ საბავშვო ბაღის ადგილზე კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს. 2015 წლის 9 ივლისს გამსახურდიას #23 ა-ს მცხოვრებლებმა ამ საკითხთან დაკავშირებით სტუდია "რეპორტიორში" პრესკონფერენცია გამართეს. ადგილობრივების განცხადებით, ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენების მიზნით ამ ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღის - "საპოვნელას" დემონტაჟის ნებართვა გასცა. მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, მათ თითქმის ყველა ოფიციალურ ინსტანციას (პრეზიდენტს, არქიტექტურის სამსახურს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საკრებულოს დეპუტატ დავით ზურაბიშვილს) მიმართეს. ასევე, ისინი შეხვდნენ ქალაქის მერს, რომელიც მათ საკითხში გარკვევას დაპირდა. ფაქტ-მეტრი ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრ დავით ზურაბიშვილსაც დაუკავშირდა. მისი განცხადებით, შპს "ელზუროსთან" დაკავშირებული პრობლემები მისთვის ცნობილია, აღნიშნული შპს მიწის ნაკვეთს ჯერ ყაზბეგის ქუჩაზე ფლობდა და იქ აპირებდა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, მაგრამ მოსახლეობამ არსებული ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს "ელზუროს" ალტერნატიული მიწის ნაკვეთი გადასცეს. აქაც პრობლემები შეიქმნა, მოსახლეობამ მშენებლობის დაწყება გააპროტესტა, ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე  სახლების უმეტესობა ავარიულია და ახალი მშენებლობა მათ საფრთხეს შეუქმნის. ამ ეტაპზე არქიტექტურის სამსახურს გამსახურდიას #23 ა-ში მშენებლობის ნებართვა არ გაუცია. დეპუტატის განცხადებით, მსგავსი პრობლემები თბილისისთვის დამახასიათებელია. ცუდი ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის პროტესტი უყურადღებოდ რჩება და სამშენებლო ფირმები მშენებლობის ნებართვებს მაინც იღებენ. ჩვენ შპს "ელზუროს" წარმომადგენელსაც დავუკავშირდით, რომელმაც შპს-ს ადვოკატთან გადაგვამისამართა, თუმცა მითითებულ ნომერზე შპს "ელზუროს" ადვოკატი არ აღმოჩნდა. 2015 წლის 9 სექტემბერს გამსახურდიას გამზირის #23-ა-ში შპს "ელზურომ" საბავშვო ბაღის დემონტაჟი დაიწყო. ბაღის დემონტაჟს ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. შპს "ელზუროს" წარმომადგენლის განცხადებით, კომპანიას აღნიშნული ტერიტორია  შენობა-ნაგებობის სტატუსით აქვს გადაცემული და არა როგორც საბავშვო ბაღი. ბაღის დემონტაჟის ნებართვა არქიტექტურის სამსახურიდან მათ მიღებული აქვთ. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ როდესაც კორპუსი აშენდება, იქ საბავშვო ბაღიც განთავსდება.   დასკვნა შპს "ელზურო" თბილისში, ყაზბეგის გამზირის #25-ში მდებარე სამედიცინო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელსა და #27-ში მდებარე სკოლას შორის არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფლობდა. მოსახლეობის მოთხოვნით, მიწის ნაკვეთს რეკრეაციული ზონის სტატუსი აღუდგა. მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს "ელზუროს" სანაცვლოდ გამსახურდიას გამზირის #23 ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი გადაეცა. 2015 წლის მაისში ამ ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დადგინდა. არქიტექტურის სამსახურში აღნიშნულ ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის პროექტი და მშენებლობის ნებართვის მოთხოვნა შეტანილია, მაგრამ დოკუმენტაციაში გამოვლენილი ხარვეზების გამო პროექტის შეთანხმება და ნებართვის გაცემა არ მომხდარა. 2015 წლის 9 სექტემბერს შპს "ელზურომ" გამსახურდიას #23 ა-ში საბავშვო ბაღის დემონტაჟი (დემონტაჟის ნებართვა არქიტექტურის სამსახურიდან მათ მიღებული აქვთ) დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა დემონტაჟის დაწყებას აპროტესტებს, ისინი აცხადებენ, რომ პოზიციებს არ დათმობენ და კორპუსის აშენებას არ დაუშვებენ. ამ ეტაპზე, არქიტექტურის სამსახურს აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გაცემული არ აქვს. ჩვენ ამ საკითხით მომავალშიც დავინტერესდებით, დღეისთვის  მოპოვებული მასალიდან  გამომდინარე კი ჩანს, რომ კომპანია "ელზურო" უკანონო მშენებლობას არ აწარმოებს. ამდენად, ალექსანდრე ელისაშვილის ფრაზა, რომ ეს კომპანია "გაგდებულია", არასწორია. ფაქტ-მეტრის დასკვნით, საკრებულოს დეპუტატის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.