პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის - "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ", განხილვის დროს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, განაცხადა: "ჩვენ დღეს გვაქვს კოდექსი, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნების მიმართ ხორციელდება ზუსტად ისეთი ღონისძიებები, რაც სრულწლოვნების მიმართ".
ფაქტ-მეტრი ეკა ბესელიას განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
დღეისთვის არ არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მარეგულირებელი სპეციალური ნორმატიული აქტი და მოცემულ საკითხთან დაკავშირებული ნორმები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებშია გაბნეული. თუმცა, ის, რომ არსებული კანონმდებლობა ნაწილობრივ უკვე ითვალისწინებს სპეციფიურ მიდგომას არასრულწლოვნების მიმართ, თავად ახალი კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული (გვ. 56).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არასრულწლოვნის მიმართ განსახორციელებელ ზოგად პროცედურებს ადგენს. უფრო კონკრეტულ წესებთან დაკავშირებით კი, კოდექსი ისეთ საკანონმდებლო აქტებზე მიუთითებს, როგორებიცაა: "პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონი", საქართველოს იუსტიციის მინისტრის N 181 და N 216-ე ბრძანება, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის N 29-ე ბრძანება და სხვა. შესაბამისად, როდესაც საქმე არასრულწლოვანს ეხება, ხშირ შემთხვევაში, საპროცესო კოდექსის მხოლოდ ერთი კონკრეტული მუხლით ხელმძღვანელობა საკმარისი არაა.
არსებული კანონმდებლობის მიხედვით, არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე პროცესს მხოლოდ ის მოსამართლეები, პროკურორები და გამომძიებლები ახორციელებენ, რომლებმაც პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში სპეციალური მომზადება გაიარეს. პროკურორი, რომელსაც გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება, დაიწყოს ან შეწყვიტოს უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებით განსაზღვრული საჯარო ინტერესის წესით უნდა ხელმძღვანელობდეს. არასრულწლოვნების შემთხვევაში, საჯარო ინტერესს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი უპირისპირდება, რომლის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ფსიქიკური, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რესოციალიზაციისა და არასრულწლოვანის ხელახალი აღზრდისთვის ხელის შეწყობის აუცილებლობა და სხვა ინტერესები, რომელთა განსაზღვრა არასრულწლოვანთა პიროვნული მახასიათებლების შესაბამისად უნდა მოხდეს.
არასრულწლოვნის ინტერესებისა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი დევნისა და საპატიმრო ღონისძიებების ალტერნატივები მაქსიმალურად ხშირად უნდა გამოიყენებოდეს. არასრულწლოვნების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ მექანიზმს განრიდება და მედიაცია წარმოადგენს. აღნიშნული პროგრამები ცალკეულ რეგიონებში 2010 წლიდან დაიწყო, ხოლო 2013 წლისთვის უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდა. საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული განრიდებების რაოდენობა:
- 2010 წელი - 2 არასრულწლოვანი;
- 2011 წელი - 81 არასრულწლოვანი;
- 2012 წელი - 120 არასრულწლოვანი;
- 2013 წლის I კვარტალი - 25 არასრულწლოვანი.