2013 წლის 1 მაისს გამართულ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მარიამ საჯაიამ განაცხადა, რომ ევროპასთან დაახლოებისა და ინტეგრირების მიმართულებით, წინა ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ამის ერთ-ერთ მაგალითად კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაასახელა, რომელიც 2012 წლის 27 სექტემბერს გაიხსნა და საიდანაც ფრენები ევროპის მიმართულებით უკვე დაწყებულია. მისი თქმით „ევროპის შუაგულში, ვარშავაში, დღეს ნებისმიერ ქართველს შეუძლია 40 ევროდ გაფრინდეს“. დეპუტატი განმარტავს, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, კონკრეტული შესაძლებლობა, ღია კარი ევროპაში და ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესების გაგრძელება, მოლაპარაკებების წარმოება და საბოლოო შედეგის სახით ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიღება.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ რამდენად შეესებამება ბილეთის ღირებულებასთან დაკავშირებით მარიამ საჯაიას მიერ გაკეთებული განცხადება სიმართლეს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად უპირველეს ყოვლისა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო სამსახურს დავუკავშირდით. (ტელ.:+995 (0) 431 23 70 00 (01) ).
მომსახურე ოპერატორისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დავადგინეთ, რომ ყოველ ოთხშაბათსა და კვირას ქუთაისი-ვარშავის მიმართულებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები მართლაც ხორციელდება. ბილეთის ღირებულება კი 40-დან 200-მდე ევროს ფარგლებში მერყეობს, ამას ემატება 10 ევრო, დამატებითი გადასახადი, რომელიც მუდმივი მაჩვენებელია და ბილეთის საფასურის ზრდასთან ერთად არ იცვლება. აღნიშულ თანხაში არ შედის, ბარგის საფასური. თუკი გაფრენამდე დააფიქსირებთ, რომ გაქვთ დიდი სამგზავრო ჩანთა, ამ შემთხვევაში ბარგის ღირებულება 30 ევროა. ხოლო, თუ იგი უშუალოდ გაფრენის მომენტში აღმოგაჩნდებათ და ეს წინასწარ არ გექნებათ გაცხადებული, გადასახდელი თანხის ოდენობა 45 ევრომდე იზრდება. ფასს რეისით სარგებლობის დრო და გაყიდული ბილეთების რაოდენობა განსაზღვრავს (მონაცემების ზრდასთან ერთად, ბილეთის საფასურიც მატულობს). ასევე, ბილეთების წინასწარ დასაჯავშნად, შესაძლებელია, სპეციალური საიტით სარგებლობა (www.wizzair.com).
ტესტის სახით, ბილეთის შეძენა ორჯერ ვცადეთ. მაისის დასაწყისში, ყველაზე იაფფასიანი ბილეთის ღირებულება 30 ევრო იყო, რომელსაც 10 ევროს ოდენობით ფიქსირებული გადასახადი ემატებოდა. ამ პერიოდში ბარგის საფასური 20 ევროს შეადგენდა. ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩანთის ქონას წინასწარ დააფიქსირებდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფასური 40 ევრომდე იზრდებოდა. ივნისის თვეში, ბილეთის განმეორებით შეძენის მცდელობისას, გაირკვა, რომ ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ბილეთის ღირებულებაში ცვლილებებია. მინიმალური ფასი 30-დან 40 ევრომდე გაიზარდა (მატებაა აგრეთვე ბარგის საფასურშიც).
ბილეთის სატესტო შეძენისას სისტემამ აჩვენა, რომ აღნიშნული თანხის ფარგლებში ბილეთის ყიდვა შეიძლებოდა მინიმუმ ერთი კვირით ადრე, მაგრამ პროგრამულად წინასწარ არ ფიქსირდებოდა, თუ კონკრეტულად რამდენი ასეთი ბილეთი იყო დარჩენილი.
დასკვნა
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დეპუტატ მარიამ საჯაიას განცხადება: „[ქუთაისიდან] ევროპის შუაგულში, ვარშავაში, დღეს ნებისმიერ ქართველს შეუძლია 40 ევროდ გაფრინდეს“, არის სიმართლე.
„ქუთაისიდან ევროპის შუაგულში, ვარშავაში, დღეს ნებისმიერ ქართველს შეუძლია 40 ევროდ გაფრინდეს"
07/06/2013
Doğru
bəyanat dəqiqdir və mühüm bir şey yoxdur