2014 წლის 5 მაისს „ერთიანი ნაციონალური მოძარაობის“ მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ავტოპარკში, მძღოლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მან ქალაქში მუნიციპალური ავტობუსების განახლების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით: „ახალი ავტობუსები ექსპლუატაციაში მიმდინარე წელს უნდა შესულიყო. თბილისის მერიამ ქალაქში 100 ახალი, კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, თუმცა აღნიშნული პროექტი ვერ განხორციელდა, რადგან თბილისის საკრებულომ საჭირო თანხა არ გამოყო“.
ნიკა მელიამ იქვე განმარტა, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში, ავტობუსების ტენდერი თბილისში კვლავ გამოცხადდება და ახალი ავტობუსები თბილისელების კომფორტულად გადაადგილებას უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს.
ფაქტ-მეტრი მუნიციპალური ავტობუსების თემით დაინტერესდა და ნიკა მელიას განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
დედაქალაქისთვის 100 ახალი ავტობუსის შეძენის მიზნით, ქალაქ თბილისის მერიამ ტენდერი 2013 წლის 4 ნოემბერს გამოაცხადა. სატენდერო თანხა (55 500 000 ლარი), თბილისის 2014 წლის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული. სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, ავტობუსებს ევროპული სტანდარტები უნდა დაეკმაყოფილებინა. კერძოდ, ავტობუსი უნდა ყოფილიყო 85 მგზავრზე გათვლილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული. ავტობუსს ასასვლელში არ უნდა ჰქონოდა საფეხურები და აღჭურვილი უნდა ყოფილიყო სამი განიერი კარით. ამასთან, მოთხოვნების შესაბამისად, ავტობუსში უნდა ყოფილიყო სივრცე მინიმუმ ერთი ეტლისთვის. ავტობუსში ეტლით ასვლის უზრუნველსაყოფად, შუა კარები აღჭურვილი უნდა ყოფილიყო მექანიკურად გადმოსაშლელი დაფით. ასევე, ავტობუსი უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო გათბობით, ვენტილაციით და კონდიციონერით, რომელიც მორგებული უნდა ყოფილიყო თბილისის კლიმატურ პირობებს და ავტობუსის შიდა სივრცე უნდა გაეგრილებინა მაშინაც კი, თუ გარეთ ჰაერის ტემპერატურა 450C იქნებოდა.
მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შემდეგი ხუთი კომპანია მონაწილეობდა: „Karex, a.s“, ”Tegeta Truck and Bus“ „Solaris Bus & Coach S.A“, „Zhengzhou Yotobong Bus Co. LTD“, „Xiaman Golden Dragon Bus Co”.
2013 წლის 31 დეკემბერს თბილისის მერიამ 100 ახალი ავტობუსის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი შეაჩერა. მიზეზად კი საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა დაასახელა. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერიამ განცხადებაც გაავრცელა და ტენდერის შეწყვეტის მიზეზები განმარტა. მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2014 წლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შედეგად, მერია იძულებული გახდა შეეჩერებინა ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც თბილისის კეთილდღეობას ემსახურებოდა. სწორედ ასეთი პროექტების რიცხვში შედიოდა დედაქალაქის 100 ახალი ავტობუსით მომარაგებაც. თბილისის მერიის განმარტებით, უწყება იძულებული გახდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე შესყიდვების პროცედურები შეეწყვიტა.
მერიის განმარტებით, საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასული საბიუჯეტო ასიგნებების 1/12 გასცეს. ქალაქ თბილისის 2013 წლის ბიუჯეტით კი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-განვითარებისთვის გამოყოფილი ასიგნებები 122 382 211 ლარს მოიცავდა. შესაბამისად, აღნიშნულ პრიორიტეტზე 2014 წელს ყოველთვიურად დასახარჯი თანხის მოცულობა არ უნდა ყოფილიყო 10 198 517 ლარზე მეტი. მერიის ინფორმაციით, ზემოთ მოცემული პრიორიტეტის ფარგლებში, აგრეთვე უნდა განხორციელებულიყო: ქუჩებისა და გზების აღდგენა-რეკონსტრუქცია, საგზაო ნიშნების და შუქნიშნების მოვლა-შენახვა, ვერტიკალური და ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნები, მეტროს სადისპეჩეროს რეკონსტრუქცია და სხვა პროექტები, რაც ჯამურად 83 400 000 ლარს შეადგენდა. მერიის განცხადების შესაბამისად, მომწოდებლისათვის ასანაზღაურებელი ავანსის (ავტობუსის ფასის 30%, დღგ-სა და სერვისის ღირებულების გარეშე) მოცულობა კომპანიების მიხედვით ასე გამოიყურებოდა: „KAREX (IVEKO)“ - 14 729 954 ლარი, „Tegeta Truck and Bus (MAN)“ - 13 801 629 ლარი, „Solaris Bus & Coach S.A“ - 14 290 134 ლარი, „Zhengzhou Yutong Bus Co.. LTD“ - 8 671 584 ლარი და „XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO“ - 8 679 828 ლარი. აქედან ნათლად ჩანს, რომ ზემოთ მოცემული ღონისძიებების განუხორციელებლობის შემთხვევაშიც, ზოგიერთი კომპანიისათვის ავანსის გადახდაც კი შეუძლებელი იქნებოდა. ხოლო, ავანსის გადახდის შემთხვევაში, ზემოთ მითითებული სხვა ღონისძიებები ვერ განხორციელედებოდა.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, ქალაქ თბილისის მერიამ, საკრებულოს 2013 წლის ნოემბერში გადაუგზავნა. დედაქალაქის ბიუჯეტის დამტკიცება 4 თვე გაჭიანურდა. პირველადი ვერსიის მიხედვით, ქალაქის ბიუჯეტი 720 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. 2013 წლის დეკემბერში საკრებულოში ბიუჯეტის მეორე ვერსია შევიდა, რომელიც დაახლოებით 730 მილიონ ლარს მოიცავდა. ბიუჯეტის მესამე ვერსია, რომლის ასიგნებები დაახლოებით 785 მილიონ ლარს შეადგენდა, მერიამ საკრებულოს 2014 წლის იანვარში გადაუგზავნა. ბიუჯეტის მეოთხე პროექტი კი, რომლის ასიგნებები დაახლოებით 850 ლარი იყო, საკრებულოს უკვე 2014 წლის თებერვალში წარედგინა. თბილისის საკრებულომ თბილისის ბიუჯეტის მიღებას მხარი ოთხჯერ არ დაუჭირა.
აღნიშნულს სხვადასხვა არასამთავრო ორგანიზაციების მხრიდანაც მოჰყვა გამოხმაურება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ქალაქ თბილისის ბიუჯეტის არდამტკიცების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცების პროცესი, სამი თვის განმავლობაში, პოლიტიკური დისკუსიებისა და ბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა, რაც თავის მხრივ აფერხებდა პროცესებს და მოქალაქეების ინტერესების იგნორირებას ახდენდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მიიჩნევდა, რომ თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაზე თბილისის საკრებულოს დარჩენილი შენიშვნები არ ქმნიდა გადაულახავ წინააღმდეგობას და არ წარმოადგენდა ბიუჯეტის არმიღების საფუძველს. აგრეთვე, მათი აზრით, პროცესის გაჭიანურების სავარაუდო პოლიტიკურ მოტივაციას ადასტურებდა ისიც, რომ საკრებულოს შეეძლო ბიუჯეტზე ყველა შენიშვნა პირველივე ეტაპზე და არა ნაწილ-ნაწილ გაეგზავნა. თუკი ყველა შენიშვნის პირველივე ეტაპზე გაგზავნა ვერ ესწრებოდა, საკრებულოს მთელი წლის მანძილზე ექნებოდა თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საშუალება.
საბოლოო ჯამში, ქალაქ თბილისის საკრებულომ თბილისის ბიუჯეტი, რომელიც თავად შეიმუშავა, 2014 წლის 8 მარტს დაამტკიცა. მისი მოცულობა 785 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენისათვის 88 713 000 ლარია გათვალისწინებული, აქედან 64 313 500 ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა და შენახვისათვის, 24 400 000 ლარი კი ტრანსპორტის განვითარებისთვის არის გამიზნული.
დედაქალაქისთვის 100 ახალი ავტობუსის შესაძენად გამოცხადებული ტენდერის დეტალურად შესწავლის მიზნით, ფაქტ-მეტრმა ქ. თბილისის მერიას მიმართა. თბილისის მერის მოადგილემ, პაპუნა პეტრიაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ 2014 წლის ბიუჯეტის ფარგლებში მერიას დაგეგმილი ჰქონდა, როგორც 100 ახალი ავტობუსის შესყიდვა, ისე დიდ დიღომში ახალი ავტოპარკის მშენებლობა. აღნიშნული პროექტებისათვის ჯამში სულ 69 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. აქედან, 14 მილიონი პარკის მშენებლობისთვის, 55 მილიონი კი - ავტობუსების ტენდერისთვის უნდა დახარჯულიყო. თბილისის საკრებულომ კი ბიუჯეტში აღნიშნული მიმართულებით გათვალისწინებული პუნქტი საერთოდ ამოიღო და თანხა გაანულა. რაც შეეხება 24 მილიონიან სუბსიდიას, რომელიც საკრებულოს მიერ შემუშავებული ბიუჯეტის თანახმად, ტრანსპორტის განვითარებისთვის არის გათვალისწინებული, პაპუნა პეტრიაშვილის განმარტებით ეს პუნქტი მოიცავს ისეთი სამუშაოების შესრულებას როგორებიცაა: შუქნიშნების მოწესრიგება, მეტროს ვაგონების შეკეთება-მოდერნიზება, გზების მოხაზვა და ა.შ. მისივე თქმით, თბილისის მერიამ ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება იმიტომაც დააჩქარა, რომ თბილისის ბიუჯეტის განხილვისას, საკრებულოს მხრიდან გამოთქმული ერთ-ერთი პირველი შენიშვნა სწორედ აღნიშნულ პუნქტს ეხებოდა. საკრებულო მიუთითებდა, რომ ტენდერის ჩატარებისთვის ზედმეტად დიდი თანხა იყო გათვალისწინებული და მიზანშეწონილი იქნებოდა, თუკი აღნიშნული ხარჯი თბილისის ბიუჯეტს ზედმეტად არ დააწვებოდა. პაპუნა პეტრიაშვილის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ტენდერში რამდენიმე უცხოური კომპანია მონაწილეობდა და თბილისის ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობდა (იყო ალბათობა, რომ ბიუჯეტში ამ ტენდერისთვის ფული არ იქნებოდა გმოყოფილი), მნიშნველოვანი იყო ინვესტორების წინაშე ქვეყნის იმიჯისა და პრესტიჟის შენარჩუნება. ამიტომ, თბილისის მერიამ აღნიშნული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება გონივრულად მიიჩნია.
ინფორმაციისათვის ჩვენ ქალაქ თბილისის საკრებულოსაც მივმართეთ. თბილისის საქალაქო მეურნეობისა და ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ხაჩირიშვილმა ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ დედაქალაქის ახალი ავტობუსებით მომარაგება მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია და იგი პირადად ადევნებდა თვალყურს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიმდინარეობას. მისი თქმით, თბილისის მერიის მიერ ჩატარებული ტენდერი ტოვებდა ბევრ კითხვის ნიშანს. კერძოდ, ტენდერში გამარჯვებულ ერთ-ერთ კომპანიას („XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO“) თბილისის მერიამ შენიშვნები გაუგზავნა. შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ, კომპანიამ მერიას ჩასწორებული ვარიანტი წარუდგინა, რის შემდეგაც აღნიშნული კომპანია ტენდერიდან საერთოდ მოიხსნა და მისი დისკვალიფიკაცია მოხდა. ამის შემდეგ, „Golden Dragon”-მა საჩივრით შესყიდვის ეროვნულ სააგენტოს მიმართა და თბილისის მერიის წინააღმდეგ დავა მოიგო. შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ თბილისის მერიას აღნიშნული კომპანიის ტენდერში აღდგენა დააკისრა, რის შემდეგაც თბილისის მერიამ ტენდერი საერთოდ გააუქმა. ნიკოლოზ ხაჩირიშვილის თქმით, აღნიშნულზე პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული. მისივე განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ერთის მხრივ თავად ტენდერის მიმდინარეობის პროცესმა უამრავი კითხვა დატოვა და მეორეს მხრივ კი საქმე სამართალდამცავი სტრუქტურისათვის იყო გადაცემული, თბილისის საკრებულომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მერიისთვის ბუნდოვანი ტენდერის ჩატარების შესაძლებლობა აღარ მიეცა და 2014 წლის ბიუჯეტში ახალი ავტობუსების შეძენისათვის გათვალისწინებუბლი თანხა სრულად გააუქმა. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ გონივრულად და გამჭვირვალედ დაგეგმილი ტენდერის პირობებში, საკრებულო მზად არის შესაბამისად დაკორექტირებული ბიუჯეტი განიხილოს და მას მხარი დაუჭიროს. ნიკოლოზ ხაჩირიშვილის ინფორმაციით, მერიას მსგავსი თხოვნით საკრებულოსთვის ჯერ არ მიუმართავს.
ნიკოლოზ ხაჩირიშვილის ნათქვამი ფაქტ-მეტრთან საუბარში კომპანია „Golden Dragon”- ის წარმომადგენელმა, ბიზნესმენმა ავთანდილ საყვარელიძემაც დაადასტურა. მისი განმარტებით, ტენდერში წარმოქმნილი შეფერხებების გამო, ჩინურმა კომპანიამ საქართველოში ინვესტიციების ჩადებაზე უარი თქვა და შედეგად მივიღეთ ის, რომ ქვეყანამ დაკარგა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია, რომლის მეშვეობითაც, პირველ ეტაპზე, 500 ადამიანის დასაქმება მოხდებოდა, საბოლოო ჯამში კი ეს ციფრი 3000-მდე გაიზრდებოდა და წელიწადში 40 000 000 ლარის საექსპორტო პროდუქცია იქნებოდა წარმოებული. მისივე თქმით, ტენდერის ხელოვნურად ჩაშლა მხოლოდ იმიტომ განხორციელდა, რომ მერიას ჰყავდა ფავორიტი კომპანია („სოლარისი“) და იმთავითვე გათვლილი იყო მისი გამარჯვებულად გამოცხადება. თუმცა, მას შემდეგ, რაც „Golden Dragon”- მა მერიას დავა მოუგო, მან აღნიშნული ტენდერი საერთოდ შეაჩერა. მანვე განმარტა, რომ ტენდერის გაუქმების დღეს მერიამ ახალი, 71 მილიონიანი ტენდერი წამოიწყო და იმის მტკიცება რომ ავტობუსების შესყიდვა ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო შეფერხდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ავთანდილ საყვარელიძემ განგვიმარტა, რომ ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება ელექტრონული ტენდერების ვებგვერდზეა შესაძლებელი.
ელექტრონული ტენდერების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ქ. თბილისის მერიამ 100 ახალი ავტობუსის შესაძენად ტენდერი 2013 წლის 4 ნოემბერს გამოაცხადა. მან წინადადებების მიღება 20 ნოემბერს დაიწყო და ტენდერი 2013 წლის 31 დეკემბერს შეაჩერა. ტენდერში მონაწილეობას ზემოთხსენებული 5 კომპანია იღებდა. ღირებულების თვალსაზრისით, ყველაზე ოპტიმალური შეთავაზება კომპანია „Golden Dragon”-ს ჰქონდა, რომელიც გამარჯვებულადაც ითვლებოდა. 2013 წლის 27 ნოემბერს კომპანიამ ტენდერში გამარჯვებისათვის ქალაქ თბილისის მერიას მადლობაც გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება დიდი სტიმულია და ხელს უწყობს საქართველოში უცხოური ინვესტიციების განხორციელებას, რაც თავისთავად წაახალისებს დასაქმებასა და ეკონომიკის აღმავლობას.
იმავე დღეს, ქალაქ თბილისის მერიამ, კომპანია „Golden Dragon”- ს ტექნიკური ხასიათის შენიშვნები დაუბრუნა და მითითება მისცა, რომ დაზუსტებული დოკუმენტაცია 3 სამუშაო დღის განმავლობაში ატვირთული უნდა ყოფილიყო ერთიან ელექტრონულ სისტემაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტენდერიდან კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდებოდა.
2013 წლის 2 დეკემბერს კომპანია „Golden Dragon”- მა თბილისის მერიას აცნობა, რომ ავტობუსების ტექნიკური მახასიათებლებით დაზუსტებული ინფორმაცია ატვირთულია ელქტრონულ სისტემაში და ნათარგმნია. ქალაქ თბილისის მერიის 2013 წლის 6 დეკემბრის განმარტებით, „Golden Dragon”-ის მიერ ბაზაში ატვირთული დოკუმენტების განხილვის შედეგად გაირკვა, რომ ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია ბოლომდე არ არის დაზუსტებული. შესაბამისად, აღნიშნული კომპანიის ტენდერიდან დისკვალიფიკაცია მოხდა.
2013 წლის 7დეკემბერს ტენდერიდან დისკვალიფიცირებულმა კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს საჩივრით მიმართა. საჩივარში აღნიშნული იყო, რომ სატენდერო კომისიის მიერ გამოთქმული ათივე შენიშვნა კომპანიამ სრულად გაითვალისწინა, მიუხედავად ამისა სატენდერო კომისიამ მისი დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტების დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს“.
აღნიშნული საჩივრის განხილვის შედეგად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ შემდეგი გადაწყვეტილება გამოიტანა: „გაუქმდეს ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის მიერ მიღებული კანონმდებლობის შეუსაბამო გადაწყვეტილება „Xiamen Golden Dragon Bus Co LTD”-ის დისკვალიფიკაციის შესახებ“.
აღნიშნულის გადამოწმების მიზნით, ფაქტ-მეტრმა თბილისის მერიას შემდეგი შეკითხვებით კიდევ ერთხელ მიმართა:
- თუკი კომპანია „Golden Dragon”-ის ტენდერიდან მოხსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ დისკვალიფიცირებულმა კომპანიამ მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად არ წარადგინა და მერიის მიერ გამოთქმული შენიშვნები სრულად არ იქნა გათვალისწინებული, მაშინ რით ახსნით იმ ფაქტს, რომ შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ ეს გადაწყვეტილება არაკანონიერად მიიჩნია?
- რატომ არ გაითვალისწინა ქ. თბილისის მერიამ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს მიერ 2013 წლის 24 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მან ქ. თბილისის მერიას მოუწოდა გაეუქმებინა სატენდერო კომისიის მიერ მიღებული კანონმდებლობის შეუსაბამო გადაწყვეტილება კომპანია „Golden Dragon Buss Co Ltd“–ს დისკვალიფიკაციის შესახებ?
- კანონმდებლობის თანახმად, ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ქ. თბილისის მერიას შეეძლო 2013 წლის ბიუჯეტის 1/12–ის ხარჯვის ფარგლებში მინიმუმ ორი კომპანიისთვის საავანსო თანხის გადახდა. რატომ არ ისარგებლა თბილისის მერიამ აღნიშნული შესაძლებლობით, ან რატომ არ მოხდა ტენდერის დაყოვნება იმ დრომდე, ვიდრე თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი ბოლომდე არ იქნებოდა გარკვეული?
- რატომ არ განახლდა ტენდერი ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ?