2013 წლის 13 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ფინანსთა მინისტრი „Doing Business”-ის (მსოფლიო ბანკი) რეიტინგსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოში ბიზნესის ლიკვიდაცია ყველაზე რთულია: „Doing Business”-ის რეიტინგის მიხედვით რომ მერვე ადგილზე გადავედით, იმ რეიტინგითაც კი ყველაზე რთულია საქართველოში ბიზნესის დახურვა. შარშან კი 1-დან 5 ოქტომბრამდე ათეულობით კომპანია ერთ დღეში დაიხურა, მათ შორის ისეთები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონი ლარი ჰქონდათ მიღებული და გადასახადები არ ჰქონდათ გადახდილი. მათი ლიკვიდაცია მოხდა ერთ დღეში. პრაქტიკულად წარმოუდგენელია, კომპანიის ლიკვიდაცია ერთ დღეში, თუნდაც მას 5000-იანი ბრუნვა ჰქონდეს. რა ვიცი, წლები სჭირდება ამას, არც დებეტორები შეუმოწმებია ვინმეს და არც კრედიტორები, არც ვალდებულებები. ერთ დღეში გაასუფთავეს საქმე“.
ფაქტ-მეტრი განცხადებაში მოყვანილი ფაქტებით დაინტერესდა და მათ გადამოწმებას შეეცადა.
„Doing Business”-ი ბიზნესის მდგომარეობის რეიტინგს 189 ქვეყნის შესახებ ყოველ წელს აქვეყნებს. მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC-ის) ერთობლივი კვლევა „ბიზნესის წარმოება“ რეგულაციების იმ პროცედურების ანალიზს ახორციელებს, რაც ბიზნესის დაწყებას, საერთაშორისო ვაჭრობას, გადასახადის გადახდას, გადახდისუუნარობის გადაწყვეტას (ლიკვიდაციას) ეხება. ბიზნესის წარმოების შეფასება ათ შესაბამის ინდიკატორს ეყრდნობა.
„Doing Business”-ის 2014 წლის ანგარიშში, საქართველო 189 ქვეყანას შორის მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით მე-8 ადგილზე დასახელდა და პოზიცია, გასულ წელთან შედარებით, ერთი საფეხურით გაიუმჯობესა.
ანგარიშის მიხედვით, მშენებლობაზე ნებართვის რეიტინგში საქართველო მე-2 ადგილს ინარჩუნებს. კერძო ბიზნესის რეგისტრაციის კუთხით პირველ ადგილზეა, კრედიტის აღების სიმარტივით მესამე, ინვესტიციების დაცვის კუთხით მე-16, გადასახადების გადახდის კუთხით საქართველო სამი საფეხურით დაწინაურდა და 32-დან 29-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველო ასევე დაწინაურდა სასაზღვრო ვაჭრობის რეიტინგში და 45-ე ადგილიდან 43-ე ადგილზე გადაინაცვლა. კონტრაქტების უზრუნველყოფის რეიტინგში საქართველო 33-ე ადგილზე. საწარმოების გადახდისუუნაროდ გამოცხადების რეიტინგში კი, საქართველო 92-დან 88-ე ადგილზე გადავიდა და მდგომარეობა წინა წელთან შედარებით 4 საფეხურით გაიუმჯობესა.
„Doing Business 2014”-ის ანგარიშში, რომელიც მსოფლიოს 189 ქვეყანას აფასებს მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით, პირველი ადგილი სინგაპურს, ხოლო უკანასკნელი კი ჩადს უკავია. საქართველოს მეზობელი სომხეთი 37-ე პოზიციას იკავებს, აზერბაიჯანი 70-ე, რუსეთი 92-ე, უკრაინა 112-ე, ხოლო თურქეთი კი 69-ე ადგილზეა.
ხადურის განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ „Doing Business“-ის რეიტინგში მერვე ადგილზე ვართ, საქართველოში ბიზნესის დახურვა მაინც „ყველაზე რთულია“. სინამდვილეში გაკოტრების პროცედურის სიმარტივის მიხედვით, ამ რეიტინგში საქართველოს 88-ე ადგილი უჭირავს და წინა წელთან შედარებით მდგომარეობა 4 საფეხურით არის გაუმჯობესებული. რეიტინგში სულ 189 ქვეყანა შედის, 88-ე ადგილი, მოწინავე არ არის და დაახლოებით შუალედური ადგილია. ამ მაჩვენებლის თანახმად საქართველოში ბიზნესის დახურვას საშუალოდ 2 წელი სჭირდება.
ჩვენ საწარმოთა ლიკვიდაციის წესში გარკვევას შევეცადეთ.
საწარმოთა ლიკვიდაციის წესი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-14 მუხლით რეგულირდება: მეწარმემ გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში უნდა დაარეგისტრიროს. ლიკვიდაცია დაწყებულად რეგისტრაციის მომენტიდან ითვლება. რეგისტრაციის შემდეგ მარეგულირებელი ორგანო საქართველოს შემოსავლების სამსახურს საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ ელექტრონულ ინფორმაციას უგზავნის. შემოსავლების სამსახური 10 დღის განმავლობაში მარეგისტრირებელ ორგანოს საწარმოს საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე აწვდის ინფორმაციას. ინფორმაცია აუცილებლად უნდა შეიცავდეს მითითებას საგადასახადო შემოწმების ჩატარებისა და დავალიანების არსებობის ფაქტის დადასტურების ვადის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. საჭიროების შემთხვევაში, ზემოაღნიშნული 90 დღე შეიძლება დამატებით კიდევ ერთჯერადად 60 დღით გაგრძელდეს. თუ საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების 10 დღიანი ვადა და ასევე საგადასახადო შემოწმების ვადა დაცული არ იქნა, მაშინ ჩაითვლება, რომ საწარმო საგადასახადო დავალიანების არმქონეა. ყველა ამ პროცედურის ამოწურვის შემდეგ და მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ საწარმო დავალიანების არმქონეა, ის ლიკვიდირებულად გამოცხადდება.
აღსანიშნავია, რომ საწარმოთა ლიკვიდაცია წლობით გრძელდებოდა. ამ პროცესის გასამარტივებლად, 2009 წლის 3 ნოემბერს, „მეწარმეთა შესახებ კანონში“ ცვლილებები შევიდა, რაც ლიკვიდაციის ვადებსაც შეეხო. ამ ცვლილებით, საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების ვადა დაზუსტდა: ლიკვიდაცია უნდა დასრულდეს ლიკვიდაციის დაწყების პროცესის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 4 თვისა, მაგრამ, თუ საგადასახადო შემოწმების ვადა გაგრძელდა, მაშინ ლიკვიდაცია საგადასახადო შემოწმების დასრულების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა სრულდება.
როგორც ზემოთქმულიდან ჩანს, საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი დღესაც საკმაოდ რთული და ხანგრძლივია. შეიძლება საწარმო რეალურად აღარ ფუნქციონირებდეს, მაგრამ იურიდიულად მაინც არსებობდეს, რადგან საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი საკმაოდ იწელება დროში.
იმის დასადგენად, 2012 წლის 1-დან 5 ოქტომბრამდე რამდენი კომპანია დაიხურა (ლიკვიდაცია მოხდა), ჩვენ ოფიციალური წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურს მივმართეთ. მიღებული პასუხის თანახმად, 2012 წლის 1-დან 5 ოქტომბრამდე მხოლოდ ორი კომპანია იქნა ლიკვიდირებული: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ახალგორის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“ ს/კ 223238388 და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯორჯიან ფეშენ კომპანი“ ს/კ 404860254.
„ახალგორის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ ლიკვიდაცია 2012 წლის 3 ოქტომბერს განხორციელდა, ხოლო ლიკვიდაციის პროცესის დაწყება 2012 წლის 23 იანვარს დარეგისტრირდა. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების დარეგისტრირებიდან საწარმოს ლიკვიდაცია დაახლოებით 8 თვეში მოხდა და შესაბამისად, საწარმოთა ლიკვიდაციისათვის კანონით განსაზღვრული ვადები (მინიმალური 20 დღე, მაქსიმალური 4 თვე და მეტი საჭიროების მიხედვით) არ დარღვეულა. ჩვენ ამ კომპანიის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა რეესტრშიც მოვიპოვეთ ინფორმაცია. გადამხდელთა შესახებ ინფორმაციით, “ახალგორის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურზე“ გირავნობა/იპოთეკა რეგისტრირებული არ არის, არც ყადაღა/აკრძალვაა რეგისტრირებული.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯორჯიან ფეშენ კომპანის“ ლიკვიდაცია 2012 წლის 2 ოქტომბერს განხორციელდა. ლიკვიდაციის პროცესის დაწყება კი 2012 წლის 10 სექტემბერს დარეგისტრირდა. ლიკვიდაციის ვადები არც ამ შემთხვევაში დარღვეულა. ლიკვიდაციის პროცესის დარეგისტრირებიდან საწარმოს ლიკვიდაცია 22 დღეში განხორციელდა. შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა რეესტრიდან მოპოვებული ინფორმაციით გირავნობა/იპოთეკა და ყადაღა/აკრძალვა არც ამ კომპანიაზეა რეგისტრირებული.
2012 წლის 1-დან 5 ოქტომბრამდე ოფიციალური ინფორმაციით მხოლოდ 2 კომპანია დაიხურა და არა ათეულობით, ამასთან, არც ამ ორი კომპანიის ლიკვიდაცია განხორციელებულა ერთ დღეში, როგორც ამას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს.
დასკვნა
„Doing Business“-ის რეიტინგით, გაკოტრების პროცედურის სიმარტივის მიხედვით, საქართველოს 88-ე ადგილი უჭირავს, რაც წინა წელთან შედარებით 4 საფეხურით არის გაუმჯობესებული. რეიტინგში სულ 189 ქვეყანაა, ასე რომ, 88-ე ადგილი უფრო შუალედური ადგილია, ვიდრე ბოლო. რაც შეეხება 2012 წლის 1-დან 5 ოტომბრის ჩათვლით ლიკვიდირებულ კომპანიებს, ოფიციალური მონაცემით ამ პერიოდში მხოლოდ 2 კომპანიაა ლიკვიდირებული. რეგისტრაციის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, 2012 წლის 1-დან 5 ოქტომბრამდე ორი კომპანია დაიხურა, რაც კანონით გათვალისწინებული ვადებში განხორციელდა.
ჩვენ ვასკვნით, რომ ნოდარ ხადურის განცხადება: „Doing Business”-ის რეიტინგის მიხედვით რომ მერვე ადგილზე გადავედით, იმ რეიტინგითაც კი, საქართველოში ბიზნესის დახურვა ყველაზე რთულია. შარშან 1-დან 5 ოქტომბრამდე ათეულობით კომპანია ერთ დღეში დაიხურა, მათი ლიკვიდაცია ერთ დღეში მოხდა“, არის მცდარი.
„Doing Business”-ის რეიტინგის მიხედვით რომ მერვე ადგილზე გადავედით, იმ რეიტინგითაც კი, საქართველოში ბიზნესის დახურვა ყველაზე რთულია. შარშან კი 1-დან 5 ოქტომბრამდე ათეულობით კომპანია ერთ დღეში დაიხურა, მათი ლიკვიდაცია ერთ დღეში მოხდა“
16/12/2013
Yanlış
deyim səhvdir