„ტვ პირველის“ გადაცემაში „ხალხის პოლიტიკა“ „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების ხელფასებზე საუბრისას განაცხადა, რომ მიუღებელია, როცა თბილისისა და ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს მკვეთრად განსხვავებული ხელფასი აქვთ.
„კატასტროფაა, როდესაც თბილისში სასწრაფოს ექიმს აქვს 1 500 ლარი და ქუთაისში სასწრაფოს ექიმს აქვს 400-500 ლარი ხელფასი. რას მეუბნება სახელმწიფო, რომ თბილისელი მოქალაქის გადარჩენისთვის 10 ლარს ვიმეტებ და შენ – ქუთაისელო, თელაველო, ბათუმელო თუ ახალციხელო, კაპიკი მიჯდები?! შენი სოცოცხლის გადარჩენა სახელმწიფოს უღირს კაპიკი, თბილისელის 10 ლარი“, - განაცხადა წულაიამ.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ "საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი", საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის დადგენილების თანახმად, ახორციელებს სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიწოდებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისისა. შესაბამისად, ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმებისა და დამხმარე პერსონალის ხელფასების შესახებ ინფორმაციასწორედ ამ ცენტრისგან მივიღეთ. ინფორმაციაში მითითებულია, რომ ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს დღიურად ემსახურება სასწრაფო სამედიცინო დახმარების 10 ბრიგადა, სადაც დასაქმებულია 44 ექიმი, 43 ექთანი და 41 მძღოლი.
ექიმების, ექთნებისა და მძღოლების ყოველთვიური შრომის ანაზღაურება მორიგეობის რაოდენობის მიხედვით დგინდება.
ცხრილი 1:ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმების, ექთნებისა და მძღოლების შრომის ანაზღაურება (ლარებში) ერთი მორიგეობის მიხედვით
პოზიცია | შრომის ანაზღაურება |
ექიმი | 88.47 |
ექთანი | 58.98 |
მძღოლი | 52.18 |
გარდა ამისა, იმ ექიმებს, ექთნებსა და მძღოლებს, რომლებმაც გაიარეს სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ აკრედიტირებული სასწავლო პროგრამა და წარმატებით ჩააბარეს გამოცდა, 2017 წლიდან შრომის ანაზღაურება გაეზარდათ. ასეთი ექიმი ერთ მორიგეობაზე იღებს 100 ლარს, ექთანი – 66.68 ლარს, ხოლო მძღოლი – 58.98 ლარს. როგორც ჩვენთან საუბარში სსიპ-ის კადრების სამმართველოს უფროსმა ქრისტინა საჯაიამ აღნიშნა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქუთაისის ცენტრის ექიმთა დაახლოებით 40%-ს აქვს სასერტიფიკაციო გამოცდები ჩაბარებული და იღებს მომატებულ ხელფასს.
მოწოდებული ინფორმაციით, ქუთაისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თიოთეული ბრიგადა თვეში საშუალოდ 7-8 მორიგეობას ასრულებს, შესაბამისად, ექიმის ყოველთვიური ხელფასი 663 ლარს უტოლდება.
რაც შეეხება თბილისის მოსახლეობის სასწრაფო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ფუნქციას არ ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო. თბილისში სასწრაფო სამედიცინო მომსახურების სერვისს მოსახლეობას ქალაქ თბილისის სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ აწვდის. 2017 წლის სექტემბრის მონაცემებით,ამ ცენტრს ყოველდღიურად ემსახურება 97 სამედიცინო ბრიგადა. ცეტრში დასაქმებულია 375 უფროსი ექიმი, 392 უმცროსი ექიმი, 362 მძღოლი.
თბილისის ცენტრის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება საათობრივი ნიხრით იანგარიშება. ექიმი ერთ საათში 7.4 ლარს, უმცროსი ექიმი – 6 ლარს, ხოლო მძღოლი 5 ლარს იღებს.
ვინაიდან თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეიცავდა დაზუსტებულ მონაცემს, საშუალოდ რამდენს შეადგენს თბილისში მომუშავე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის, ექთნისა და მძღოლის ხელფასი, დამატებითი ინფორმაციისთვის ცენტრს მივმართეთ. ცენტრის დირექტორის მოადგილემ, სოლომონ როსტომაშვილმა, ჩვენთან საუბარში დააზუსტა, რომ თითო მორიგეობა 24 საათიანია და ერთ ბრიგადას თვეში საშუალოდ 7.75 მორინგეობა უწევს. შესაბამისად, დგინდება, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი თვეში საშუალოდ 1 376 ლარს, უმცროსი ექთანი – 1 116 ლარს, ხოლო მღოლი – 930 ლარს იღებს.
ცხრილი 2:სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის პერსონალის საშუალო ხელფასი (ლარი)
პოზიცია | საშუალო თვიური ხელფასი | |
ქუთაისი | თბილისი | |
ექიმი | 663 | 1 376 |
ექთანი, უმცროსი ექიმი | 442 | 1 117 |
მძღოლი | 391 | 930 |
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარებით მოსახლეობის უზრუნველყოფას თბილისსა და ქუთაისში სხვადასხვა დაქვემდებარების სტრუქტურები უზრუნველყოფენ. თბილისში მომსახურებას თავად მუნიციპალიტეტი, ხოლო ქუთაისში უშუალოდ სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურა უწევს მენეჯმეტნტს. განსხვავება თბილისისა და ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის პერსონალის ხელფასებს შორის სწორედ ამის გამოა.
დასკვნა
როგორც კვლევამ აჩვენა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქუთაისის და თბილისის ცენტრების ექიმების, ექთნებისა და მძღოლების ხელფასები მართლაც განსხვავებულია. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის შემადგენლობა თითქმის 2.5-ჯერ მეტ ხელფასს იღებს ყოველთვიურად, ვიდრე იღებენ ქუთაისის ცენტრის თანმშრომლები. საშუალოდ, სასწრაფოს ექიმი თბილისში 1 376 ლარს, ხოლო ქუთაისში – 663 ლარ ხელფასს იღებს ყოველთვიურად.
შესაბამისად, გოგი წულაიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.