მიმდინარე წლის 17 თებერვალს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუს დროს ყურადღება რუსული სახელმწიფო არხების მიერ წარმოებულ პროპაგანდაზე გაამახვილა. საუბრისას მან განაცხადა, რომ "საქართველოში რუსული არხები ჩართეს".
ფაქტ-მეტრმა საქართველოს ტერიტორიაზე რუსული არხების რეტრანსლირების საკითხი გამოიკვლია.
საკაბელო ოპერატორების მიერ რუსული არხების რეტრანსლირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე აქტიურად საუბრობდნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს. უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივნის, კახა ლომაიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოში რუსული არხების რეტრანსლირების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მზადდებოდა. მისივე თქმით, რუსული ტელეარხები საქართველოს მოსახლეობაში პანიკის დათესვას ისახავდა მიზნად. გარდა ამისა, ეს იყო საინფორმაციო ომის იარაღი, რომლის საშუალებითაც ცხინვალში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდებოდა. საბოლოო ჯამში, საკაბელო ოპერატორებმა რუსეთის თითქმის ყველა ფედერალური არხის რეტრანსლირება შეწყვიტეს და განაცხადეს,რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საკუთარი ნებით, ხელისუფლების მითითების გარეშე მიიღეს.
რეინტეგრაციის საკითხებში მაშინდელი სახელმწიფო მინისტრის, თემურ იაკობაშვილის განცხადებით "რუსული მედია ესაა მკვლელობის ალტერნატიული იარაღი". ამის მიუხედავად, მან განმარტა, რომ რუსული არხების დაბლოკვის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობას არ მიუღია. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტებით, არც საკაბელო ტელევიზიებისთვის და არც ინტერნეტპროვაიდერებისთვის რაიმე ტიპის შეზღუდვა არ დაუწესებია. თავად ოპერატორებმა აღნიშნული თემის კომენტირებისგან თავი შეიკავეს.
ქართული საკაბელო ოპერატორების მიერ რუსული არხების სამაუწყებლო ბადეში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია 2012 წლის ნოემბრიდან ჩნდება. "ივერიონთან"საუბარში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახურის უფროსმა, ხატია ყურაშვილმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს რუსული არხების ტრანსლირებასთან დაკავშირებით პრობლემა აღარ ქონდა. მარეგულირებელი კომისიის მხრიდან ერთადერთი მოთხოვნა ლიცენზიისა და ოფიციალური ნებართვის დოკუმენტის წარდგენა იყო.
ქართული საკაბელო ოპერატორების მიერ რუსული ტელეარხების რეტრანსლირების თემის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ჩვენც მივმართეთ. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ხატია ყურაშვილმა ჩვენთან საუბარში დაგვიზუსტა, რომ რუსული არხების მაუწყებლობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს ხდებოდა. ხორციელდებოდა მათი ტრანზიტული მაუწყებლობა, ანუ რეტრანსლირება.
ხატია ყურაშვილმა ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ დაახლოებით 2009 წლიდან, ბაზრის ამ სეგმენტის აქტიური შესწავლა დაიწყო. შეხვედრები გაიმართა ყველა საკაბელო ოპერატორთან. მათ განემარტათ, რომ აუცილებელი იყო შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვება. მომდევნო ეტაპზე კომისიამ აქტიური მონიტორინგი დაიწყო, რომელსაც პირველ ეტაპზე საკაბელო ოპერატორების დაჯარიმება მოყვა. დაჯარიმების პირველი ტალღის შემდეგ, შესაბამისი ნებართვების არარსებობის გამო, საკაბელო ოპერატორებმა მასიურად გათიშეს სხვადასხვა, მათ შორის რუსული არხებიც. ხატია ყურაშვილის თქმით, კომისიამ შემოწმებები გააგრძელა და მონიტორინგმა შედეგიც გამოიღო. საკაბელო ოპერატორებმა კანონიერ საფუძველზე ხელშეკრულებების მოძიება და აბონენტებისთვის ლიცენზირებული პროდუქციის შეთავაზება შეძლეს. მისი თქმით, დაახლოებით 3 წელია რაც რუსული არხები კვლავ ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის.
ხატია ყურაშვილის განმარტებით, მარეგულირებელ კომისიას რუსული არხების რეტრანსლირების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება არასდროს მიუღია. მისივე განმარტებით, საქართველოში არ არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რომლის მიხედვითაც რუსული არხების რეტრანსლირებას აკრძალვის საკითხი დარეგულირდებოდა.
თემაზე მუშაობის პროცესში, ჩვენ რამდენიმე საკაბელო ოპერატორს დავუკავშირდით. ერთადერთი ოპერატორი, რომელმაც ჩვენთან რუსული არხების თემაზე ისაუბრა "სილქნეტია". "სილქნეტი" ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და მან რუსული არხების დამატება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათგან ოფიციალური ნებართვები მიიღო. ყველაზე მეტი რუსული არხი "სილქნეტის" მენიუში გასულ წელს გაჩნდა.
2014 წლის დეკემბერში საზოგადოება "ივერიამ" საქართველოს პროკურატურაში რუსული არხების აკრძალვის მოთხოვნით განცხადებაშეიტანა. განცხადებაში განმარტებულია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული საინფორმაციო ომი რეალური ომია, რომელიც ომისთვის დამახასიათებელი ყველა მეთოდის გამოყენებით მიმდინარეობს. მოსკოვი საინფორმაციო ომში აქტიურად იყენებს თითქმის ყველა ფედერალურ არხს და ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა ტრადიციულ ჟურნალისტიკასთან, არამედ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან და სადაზვერვო ორგანოებთან მჭიდროდ ასოცირებულ სახელმწიფო ორგანიზაციებთან. განხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსული მედიის მიერ გადმოცემული მასალა შეიცავს ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა: დეზინფორმაცია, ინფორმაციული აგრესია, ინფორმაციული სპეცოპერაცია, ინფორმაციული ბლოკადა და ა.შ.
საზოგადოება "ივერიის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნიკა რურუამ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ რუსული ფედერალური მედია რელიგიური, ეთნიკური შუღლის გაღვივებას და რეგიონში სიტუაციის ესკალაციას ემსახურება. ამიტომ მიზანშეწონილი იქნება, თუკი საქართველოს პროკურატურა აღნიშნული საკითხით დაინტერესდება. მისივე თქმით, მართალია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსული არხების აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო დონეზე ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიღებულა, მაგრამ ქვეყნის გაცხადებული პოზიცია იყო, რომ ბრძოლა გამოცხადებოდა პროპაგანდის იმ დიდ მანქანას, რომელსაც რუსული მედია ჰქვია. სახელმწიფოს მხრიდან საკითხისადმი მსგავს დამოკიდებულებას კი საკაბელო ოპერატორების სოლიდარობის ნაბიჯი მოყვა. მათ რუსული ტელეარხების რეტრასლირების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. ნიკა რურუას თქმით, კარგი იქნებოდა, რომ აღნიშნული საკითხი თავის დროზე შესაბამისი კანონით დარეგულირებულიყო. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, ის რუსული არხების ტრანსლირების შეწყვეტას ქვეყნისათვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. მისივე თქმით, ხელისუფლების ცვლილებას რუსეთთან პოლიტიკის ცვლილება მოჰყვა. ახალმა ხელისუფლებამ ე.წ. "დათბობის" პოლიტიკა აირჩია, საკაბელო ოპერატორებმაც ფეხი ახალ რეალობას აუწყვეს და ქსელში რუსული ტელეარხების დაბრუნება დაიწყეს.
საქართველოს ტერიტორიაზე რუსული არხების რეტრანსლირების შეზღუდვის მოთხოვნით გასულ წელს საპარლამენტო ოპოზიციამ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტიდაარეგისტრირა. საპარლამენტო უმცირესობის ამ ინიციატივას უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.
რუსულ ტელეარხებს ბოიკოტი რამდენიმე ქვეყანაში უკვე გამოუცხადეს. კიევის ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ტელე და რადიო მაუწყებლობა აკრძალულია. გათიშვის მიზეზი ისეთი ტიპის ინფორმაციის გავრცელებაა, რომელიც უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის. გარდა ამისა, უკრაინაში რუსული ფილმების ჩვენებაც შეიზღუდა.შეზღუდვა 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ გადაღებულ ფილმებზე დაწესდა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების, შეიარაღებული ძალების ან რუსეთის სხვა სამხედრო ან ძალოვანი ფორმირებების პროპაგანდას ახდენს.
მიმდინარე წლის 9 თებერვალს, ბრიტანული ჟურნალის "The Economist" -ის რედაქტორმა, ედუარდ ლუკასმა, რუსი ჟურნალისტები ტყუილის წარმოებაში დაადანაშაულა და საზოგადოებას შემდეგი ორი ტელეარხის: "Sputnik" -ისა და "Russia Today" -ს ბოიკოტისკენ მოუწოდა. იგივე გამოცემა მიმდინარე წლის 14 თებერვალს წერდა,რომ რუსული მედია, რომელიც თითქმის სრულად კონტროლდება ხელისუფლების მხრიდან, ტყუილისა და კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არის დაკავებული. ავტორის თქმით, უცხოეთში ყველაზე ყურებადი რუსული არხი "Russia Today" გახლავთ, რომელიც 2005 წელს იმისთვის შეიქმნა, რომ რუსეთი პოზიტიური მხრიდან წარმოეჩინა. დღეისთვის კი ის დასავლეთის კრიტიკით არის დაკავებული. ავტორი განმარტავს, რომ მოცემული მომენტისთვის არხი მაუწყებლობს ინგლისურ, არაბულ და ესპანურ ენებზე, სამომავლოდ კი გერმანული და ფრანგულენოვანი მაუწყებლობა იგეგმება. გარდა ამისა, არხი მსოფლიო მასშტაბით 700 მილიონი მაყურებლის დაფარვას გეგმავს.
დასკვნა 2008წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ტელეარხების ტრანსლირება მართლაც შეწყვეტილი იყო. მართალია, აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალური საკანონმდებლო ნორმით არ გამყარებულა, თუმცა ცალსახაა, რომ ეს ნაბიჯი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკას მოჰყვა. 2012 წლის ნოემბრიდან კი, ქართულ სივრცეში რუსული ტელეარხები კვლავ აქტიურად გამოჩნდნენ.
ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება: "...საქართველოში რუსული არხები ჩართეს", არის სიმართლე.