„საბანკო სისტემის აქტივები [მშპ-ის] 52%–ია … 14 მილიარდამდეა გაზრდილი საბანკო დეპოზიტები. ეს არის ქართული ეკონომიკის და საბანკო სისტემის ნდობის მაჩვენებელი, იმ სისტემის, რომელიც ჩვენ დაგიტოვეთ“

2013 წლის 1 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, მიხეილ მაჭავარიანმა, განაცხადა: „საბანკო სისტემის აქტივები [მშპ-ის] 52%–ია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ 14 მილიარდამდეა გაზრდილი საბანკო დეპოზიტები. ეს არის ქართული ეკონომიკის და საბანკო სისტემის ნდობის მაჩვენებელი, იმ სისტემის, რომელიც ჩვენ დაგიტოვეთ“.

 

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა დეპუტატის განცხადების ფაქტობრივი სიზუსტით და აღნიშნული განცხადება საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით გადაამოწმა [ცხრილი D3.17 და ცხრილი M3.3].

 

საბანკო აქტივების მშპ-სთან შეფარდება ქვეყნის ფინანსური სიღრმის მაჩვენებელია, რომელიც ასახავს ქვეყნის ფინანსური სექტორის სიდიდეს მშპ-სთან შედარებით. განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი უმეტესწილად 100%-ზე მაღალია.

 

როგორც ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ჩანს, 2011 წლის ბოლოს, კომერციული ბანკების აქტივებმა დაახლოებით 12.7 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო მისი პროცენტული შეფარდება 2011 წლის მთლიან შიდა პროდუქტთან 52.1% იყო, როგორც ამას დეპუტატი აცხადებს. 2012 წელს ეს მაჩვენებლები შესაბამისად არის 14.35 მილიარდი და 54.9%. ჩვენ ცხრილში დამატებით ასევე მოვიყვანეთ 2003 წლის ბოლოს ამ მხრივ არსებული სტატისტიკა. მაშინ აღნიშნული შეფარდება მხოლოდ 15.6% იყო.

 

11

 

რაც შეეხება დეპუტატის განცხადების მეორე ნაწილს საბანკო დეპოზიტებთან დაკავშირებით, ის არაზუსტია. რაოდენობა არა 14 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი, როგორც ამას დეპუტატი აღნიშნავს, არამედ 2012 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით დაახლოებით 8 მილიარდს შეადგენს (იხილეთ ცხრილი ქვემოთ). დეპუტატს შესაძლოა საბანკო დეპოზიტები აერია საბანკო აქტივებში, რომელზედაც იგი თავდაპირველად საუბრობდა. საბანკო აქტივებმა 2013 წლის სექტემბრის ბოლოსთვის მართლაც 14 მილიარდზე ოდნავ მეტი შეადგინა. 2012 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 14.35 მილიარდი იყო (იხილეთ ცხრილში ზემოთ).

 

22

 

დასკვნა

 

2012 წლის დასაწყისში საბანკო აქტივების შეფარდება ქვეყნის მშპ-ზე 52%, ხოლო 2012 წლის ბოლოს კი დაახლოებით 55% იყო. შესაბამისად დეპუტატის განცხადების პირველ ნაწილი სწორია. თუმცა, დეპოზიტების რაოდენობა ქვეყანაში დაახლოებით 8 მილიარდია და არა 14 მილიარდი, როგორც ეს დეპუტატმა განაცხადა. მიხეილ მაჭავარიანს შესაძლოა საბანკო აქტივების ნაცვლად (რომელთა ოდენობა მართლაც 14 მილიარდია), წამოცდა ტერმინი საბანკო დეპოზიტები, რამაც განცხადების ამ ნაწილის უზუსტობა გამოიწვია. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ მიხეილ მაჭავარიანის განცხადება: „საბანკო სისტემის აქტივები [მშპ-ის] 52%–ია ... 14 მილიარდამდეა გაზრდილი საბანკო დეპოზიტები. ეს არის ქართული ეკონომიკის და საბანკო სისტემის ნდობის მაჩვენებელი, იმ სისტემის რომელიც ჩვენ დაგიტოვეთ“, არის მეტწილად სიმართლე.